კონფლიქტები გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის თაობაზე ხშირად სოციალური დაძაბულობის მაჩვენებელია. საზოგადოებრივმა დაპირისპირებამ, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისში ფილმის ჩვენებას მოჰყვა, სააშკარაოზე გამოიტანა საქართველოს თანამედროვე პოლიტიკაში არსებული განხეთქილება.
საქართველოს დემოკრატიული მიღწევები სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ საარჩევნო რეფორმა ჩააგდო. პოლიტიკური პოლარიზება სულ უფრო ღრმავდება, ხოლო გასულ თვეს ულტრამემარჯვენე და პროგრესულ ღირებულებებს შორის განსხვავება ძალადობრივ კონფრონტაციაში გადაიზარდა კინოთეატრთან, სადაც გეი წყვილის სიყვარულის ისტორია ეკრანზე აჩვენეს.
ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომელსაც მაყურებლები „ქართული ნაციონალური ბალეტის“ სამყაროში შეჰყავს, წარმოშობით ქართველი შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმია, რომელიც შვედეთმა 2020 წლის ოსკარზე „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის“ კატეგორიაში წარადგინა.
ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ლიმიტირებული, სამდღიანი ჩვენება 8 ნოემბერს დაიწყო და ულტრამემარჯვენე და რელიგიური ჯგუფების მწვავე რეაქცია გამოიწვია, რომლებმაც გეი თემატიკა მათი ცხოვრების წესისა და ქართული ტრადიციების საფრთხედ მიიჩნიეს.
ტრადიციული ცეკვა ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ელემენტია, ხოლო „ქართული ნაციონალური ბალეტი“ ეროვნული სიამაყის ერთ-ერთი წყარო. ტრადიციული ცეკვის აღწერისას ნებისმიერი ქართველი გეტყვით, როგორ უჩუყებს მას გულს დოლის რიტმი და მოცეკვავეთა მოძრაობები. ის სულის სიღრმეებს სწვდება. ის მშობლიური ჰანგია.
აკინის ფილმი პასუხია მასკულინურ ტრადიციაზე ქართულ კულტურაში. როგორც ფილმის შესავალ კადრებში მკაფიოდაა ნათქვამი, „ქართული ცეკვა მამაკაცურ კულტურაზე დგას. აქ სისუსტის ადგილი არაა.“ ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავეზე, რომელიც ტრადიციულ მასკულინურ იდეალებს ეჯახება, მის გატაცებაზე ცეკვით და მზარდ ლტოლვაზე, რომელსაც ის კონკურენტი მამაკაცის მიმართ განიცდის.
აკინი კულტურას და ტრადიციას დინამიურ და არა სტატიკურ ფენომენად განიხილავს და გაფართოებული და ინკლუზიური ტრადიციის მისეული ხედვის შეთავაზებით აუდიტორიას გენდერული ნორმების გადაფასებისკენ უბიძგებს.
ნოემბერში ფილმის ჩვენების დროს მოწინაღმდეგეები პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოვიდნენ. ისინი ფილმის სანახავად მისული მაყურებლების შეჩერებას და კინოთეატრის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობდნენ, მაგრამ მათ პოლიცია აკავებდა, რომელსაც ტერიტორია ბლოკირებული ჰქონდა. დემონსტრანტებმა ლგბტ დროშა მღვდლის ლოცვის ფონზე დაწვეს. ისინი პეტარდებს აფეთქებდნენ და ფილმის მაყურებლებს კვამლის პიროტექნიკულ ჭურვებს ესროდნენ. ისმოდა დემონსტრანტების შეძახილები: „საქართველოს გაუმარჯოს“ და „სირცხვილი“; ზოგს ჯვრები და ხატები ეჭირა.
საზოგადოების უსაფრთხოების და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ კინოთეატრთან საპოლიციო ძალები განათავსა.
ანა სუბელიანს, რომელიც ლგბტ თემისთვის სოლიდარობის გამოსახატად მივიდა იქ, კინოთეატრის წინ, „თავში მძიმე საგანი მოარტყეს“ და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მან ძლიერი ტკივილი იგრძნო, თავიდან დიდი ოდენობით სისხლი წამოუვიდა და ისიც კი ეგონა, რომ თვალი დაკარგა. მისი თქმით, ეს იყო „ყველაზე აგრესიული პროტესტი“ რაც კი ბოლო წლებში უნახავს. როგორც ანამ გვიამბო, „მივედით თუ არა ჰომოფობმა დემონსტრანტებმა ჩვენი ჯგუფი ალყაში მოაქციეს და ლანძღვა დაგვიწყეს. მათი მიზანი ლგბტ ადამიანების დემონიზაცია და მარგინალიზაციაა“.
ანას პოსტმა ფეისბუკზე, რომელშიც დეტალურად აღწერდა ინციდენტს, მალევე მიიპყრო მედიის ყურადღება.
სუბელიანზე თავდასხმის გამო ერთ ადამიანს წაუყენეს ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულში; პოლიციამ, აგრეთვე, 27 ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის.
აკინის ფილმის ირგვლივ არსებული დაპირისპირება 2013 წლის 17 მაისს თბილისში მომხდარი ძალადობის გამოძახილია, როდესაც ათასობით დემონსტრანტმა, მათ შორის სასულიერო პირებმა, დაარბია ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნად შეკრებილი მცირერიცხოვანი ჯგუფი. პოლიციამ ლგბტ აქტივისტები უსაფრთხო ადგილას გაიყვანა, მაგრამ ბრბოს შეკავება ვერ შეძლო, რომელმაც ქვები და სხვა საგნები დაუშინა ავტობუსს, რომელსაც აქტივისტები გადაჰყავდა. ამ დროს ერთი ჟურნალისტი დაშავდა.
ევროკავშირთან დაახლოებასთან ერთად საქართველომ 2014 წელს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა მიიღო. თუმცა, ჰომოსექსუალობა უკიდურესად სტიგმატიზებული რჩება და პროგრესულ და კონსერვატიულ ძალებს შორის გაჩაღებულ „კულტურათა ომების“ ეპიცენტრშია, რომელშიც ანტიგეი ელემენტებს უაღრესად გავლენიანი ეკლესია უმაგრებს ზურგს, ზოგჯერ სიძულვილის გამომხატველი რიტორიკითაც. საქართველოს სახალხო დამცველის თქმით, ლგბტ თემის წარმომადგენლები ძალადობას, შეუწყნარებლობას და დისკრიმინაციას განიცდიან ცხოვრების ყველა სფეროში.
უმცირესობების უფლებათა დაცვა დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტია. თუმცა, ხელისუფლება ვერ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს. ამ პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში მოკავშირეების ძიებისას საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ძალიან მაღალია შეცდომის ფასი, უნდა გაიაზროს სად გადის ადამიანის უფლებების წითელი ხაზები და არ გაამართლოს ან წაახალისოს ძალადობა ლგბტ თემის და მათი დამცველების წინააღმდეგ. მეტის გაკეთებაა საჭირო, რომ მოხდეს საჯარო პირების ჰომოფობიური განცხადებების შეკავება და დაგმობა. ულტრანაციონალისტებზე თვალის დახუჭვა და ზოგჯერ მათი განცხადებების ლეგიტიმურ მოსაზრებებად წარმოჩენა ჰომოფობიას და ძალადობას ახალისებს.
„ეს ფილმი სიყვარულითა და თანაგრძნობით გადავიღე“, თქვა აკინმა ფილმის წინააღმდეგ გამართული ძალადობრივი პროტესტის შემდეგ. „ეს ჩემი სასიყვარულო წერილია საქართველოს და ჩემი მემკვიდრეობისადმი. ამ ამბით მსურდა ქართული კულტურისთვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება, რომელმაც საკუთარ თავში ყველა უნდა მოიცვას და არა ზოგიერთი.“
ეს არის ის ღირებულებები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს და დაიცვას.