მოკლე მიმოხილვა
35-წლიანი სამუშაო სტაჟის მქონე მიხეილი, სამ სხვა მეშახტესთან ერთად დაიღუპა საქართველოს იმერეთის რეგიონში, ტყიბულის ქვანახშირის შახტში 2018 წლის 16 ივლისს მომხდარი აფეთქების შედეგად. იგი 54 წლის იყო და დარჩა მეუღლე და ერთი ვაჟი, ისიც მეშახტე. მიხეილის ძმისწული პავლე, რომელიც სულ 25 წლის იყო, ხუთ სხვა მეშახტესთან ერთად ორი თვით ადრე ემსხვერპლა კიდევ ერთ უბედურ შემთხვევას.
ტყიბულის ტრაგედიებმა მწვავედ წარმოაჩინა საქართველოში შრომის კანონმდებლობის რეფორმირების საჭიროება; დერეგულაციის ათი წლის შედეგად ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა შრომითი უფლებები და გაუქმდა სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობის მექანიზმები. 2006 წელს, ვარდების რევოლუციის შედეგად პროდასავლური პრეზიდენტის ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ, საქართველომ გააუქმა შრომის ინსპექცია მასშტაბური ეკონომიკური რეფორმების ფარგლებში, რომლებიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, დერეგულაციის შემდეგ, სამუშაო ადგილზე ყოველწლიურად დაღუპულთა რიცხვი 74 პროცენტით გაიზარდა, ძირითადად სამთო-მომპოვებელ მრეწველობასა და მშენებლობაზე. 2007-დან 2017 წლამდე პერიოდში სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა საშუალო რაოდენობა წელიწადში 41 იყო, განსხვავებით 2002-2005 წლებისგან, როდესაც ეს ციფრი წელიწადში საშუალოდ 24-ს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის შემდეგ ქვეყანამ გადადგა ნაბიჯები შრომითი ბაზრის რეგულირებისკენ, შახტებში 2018 წელს მომხდარმა უბედურმა შემთხვევებმა აჩვენა, რომ დერეგულაციის გრძელვადიანი ზემოქმედება, რომელიც უსაფრთხოებასა და შრომით უფლებებთან მიმართებაში არასათანადო პრაქტიკის ლეგიტიმაციას ახდენდა, ძნელად აღმოსაფხვრელია.
წინამდებარე ანგარიში ეფუძნება 80-ზე მეტ ადამიანთან ინტერვიუს. მათ შორის არიან საქართველოში ქვანახშირისა და მანგანუმის მოპოვებაზე მომუშავე ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, პროფკავშირები, იურისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შრომის ინსპექციისა და ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები. მოცემული ანგარიშის ძირითადი მიგნებაა, რომ შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულთა უსაფრთხოება კვლავაც სერიოზული რისკის ქვეშაა ხელისუფლების მხრიდან არასაკმარისი რეგულირების და მისგან გამომდინარე სამთო მოპოვების პრაქტიკის გამო, რომელიც პრიორიტეტს წარმოების მასშტაბებს ანიჭებს და არა უსაფრთხოებას.
ჩვენი კვლევა ცხადყოფს, რომ ქვანახშირის და მანგანუმის მოპოვებაზე კვოტების (საწარმოო მიზნების) დაწესების პრაქტიკა და კვოტების შეუსრულებლობისთვის ხელფასების დაქვითვა სტიმულს აძლევს მშრომელებსა და ზედამხედველებს, უგულებელყონ შრომის უსაფრთხოება. მანგანუმის მოპოვების ახალი სისტემა, რომელიც 2016 წელს დაინერგა, კიდევ უფრო ამძაფრებს შრომის უსაფრთხოების პრობლემებს. სისტემის ფარგლებში შემოღებული იქნა 12-საათიანი ცვლები, მათ შორის ღამის ცვლებიც, ზედიზედ 15 დღის განმავლობაში, ცვლების დროს დასვენების დღეების ან შესვენებების გარეშე. ამჟამად ეს სისტემა ვრცელდება მანგანუმის მომპოვებელ 380 მუშაზე, რომლებიც ვალდებულნი არიან, იცხოვრონ დამსაქმებლის მიერ უზრუნველყოფილ საერთო საცხოვრებელში, სადაც მათ დაბალი ხარისხის და არასაკმარისად კალორიული საკვები ეძლევათ და ეზღუდებათ გადაადგილების თავისუფლება.
ანგარიშში განხილულია სხვადასხვა პრაქტიკა, რომელიც არღვევს დასაქმებულთა უფლებებს. ეს მოიცავს მუშაობის ხანგრძლივ საათებს ყოველკვირეული დასვენების, აგრეთვე ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ანაზღაურების გარეშე, წერილობითი ხელშეკრულებების არარსებობას და მენეჯმენტის მიერ ხელფასების დაქვითვას.
2013 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯები გადადგა შრომითი უფლებების დაცვის არსებული პრაქტიკის გამოსასწორებლად: გააძლიერა შრომის კოდექსი და 2015 წელს დაარსა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი. 2019 წლის თებერვალში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააფართოვა შრომის ინსპექციის უფლებამოსილება. მაგრამ შრომის უფლებებისა და ზედამხედველობის შესახებ რეგულაციები ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებს და მიღებულ საერთაშორისო პრაქტიკას ისეთ სფეროებში, როგორიცაა სავალდებულო ყოველკვირეული დასვენება, ღამის საათებში მუშაობა, ზეგანაკვეთური საათები და მათი ანაზღაურება, ასევე ცვლების დროს შესვენება. კანონის და ზედამხედველობის ეს ხარვეზები ხელს უწყობს იმ პრაქტიკას, რომელიც კვლავაც უქმნის საფრთხეს დასაქმებულებს და არღვევს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ შრომით უფლებებს.
მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე ანგარიში ეხება საქართველოში ქვანახშირისა და მანგანუმის მოპოვების მრეწველობაში მიღებულ პრაქტიკას, რომელიც ხელყოფს მუშების უსაფრთხოებას და არღვევს მშრომელთა უფლებებს, ჩვენი დასკვნები და რეკომენდაციები მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორისთვის. რეფორმები, რომლებიც აუცილებელია საქართველოს შრომითი სამართლის შრომისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად და მთავრობის მხრიდან შესაბამისი ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ყველა დასაქმებულ ადამიანს მოუტანს სარგებელს.
საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით იკისრა ვალდებულება, გაეძლიერებინა თავისი შრომითი კანონმდებლობა და ზედამხედველობისა და აღსრულების მექანიზმები. მაგალითად, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება, გააგრძელოს მუშაობა, რათა 2020 წლამდე შექმნას შესაბამისი კომპეტენციით და შესაძლებლობებით აღჭურვილი სრულფასოვანი შრომის ინსპექტირების სისტემა, რომელსაც შეეძლება ყველა სამუშაო პირობისა და შრომითი ურთიერთობის ინსპექტირება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად. გარდა ამისა, უნდა განხორციელდეს საქართველოს შრომის კანონმდებლობის რეფორმირება, რათა ის შეესაბამებოდეს ევროკავშირის შრომითი უფლებების შესახებ დირექტივებში გათვალისწინებულ პრინციპებს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპები ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ განსაზღვრავს კომპანიათა პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში, რაც ითვალისწინებს გამოსასწორებელი ზომების მიღებას, თუკი მათი მხრიდან ადგილი აქვს გადაცდომებს. ამ ანგარიშში დოკუმენტირებული პრაქტიკა მიუთითებს, რომ საქართველოს ქვანახშირისა და მანგანუმის მომპოვებელი კომპანიები არ ასრულებენ აღნიშნულ პასუხისმგებლობას.
ძირითადი რეკომენდაციები
- საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა უნდა განახორციელონ შრომითი პოლიტიკის ყოვლისმომცველი რეფორმა, რათა შრომითი კანონმდებლობა შეესაბამებოდეს შრომის საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველოს მიერ ნაკისრ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებს. გადაუდებელი რეფორმებით უნდა აღმოიფხვრას ხარვეზები სამუშაო საათების, ყოველკვირეული დასვენების, ღამის საათებში მუშაობის, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების და ოფიციალურ დასვენების დღეებში მუშაობის ანაზღაურების და დასაქმებულებისთვის ხელშეკრულებების ასლების მიწოდების საკითხებში.
- საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა უნდა შექმნან სრულფასოვანი დამოუკიდებელი შრომის ინსპექცია, რომელიც იქნება სათანადოდ მომზადებული პერსონალით დაკომპლექტებული და შესაბამისი რესურსებით აღჭურვილი. მას უნდა გააჩნდეს ფართო მანდატი, რომელიც გულისხმობს სამუშაო ადგილის უსაფრთხოებასა და სამუშაო პირობებთან დაკავშირებული ყველა საკითხის შემოწმებას.
- საქართველოს სამთო-მომპოვებელმა კომპანიებმა უნდა დაიცვან მშრომელთა უფლებები და თანამშრომელთა უსაფრთხოება. კერძოდ, კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ ისეთი საწარმოო კვოტების დაწესება, რომლებიც უსაფრთხოდ შეიძლება იქნეს მიღწეული და სამუშაო საათების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, რომ მუშებს ადეკვატური დასვენება ჰქონდეთ.
- ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს საქართველოს აქტიური წახალისება, რათა ქვეყანამ შექმნას სრულფასოვანი შრომითი ინსპექცია და პრიორიტეტად განსაზღვროს ქვეყნის შრომითი კანონების საერთაშორისო შრომით სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
მეთოდოლოგია
წინამდებარე ანგარიში ეხება მშრომელთა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვას და სამუშაო პირობებს საქართველოს ქვანახშირის და მანგანუმის მოპოვების მრეწველობაში. ყურადღება გამახვილებულია სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა დაშავებისა და უბედური შემთხვევებისგან დაცვის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე და არ განიხილება ქვანახშირის და მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოების გრძელვადიანი შედეგები მათ ჯანმრთელობაზე. ანგარიშში არც გარემოზე სამთო-მოპოვებითი საქმიანობის ზეგავლენაა შესწავლილი.
ანგარიში ეფუძნება ჩატარებულ კვლევას, ინტერვიუებს და ადგილზე ვიზიტებისას მიღებულ ინფორმაციას, რომლებიც 2018 წლის დეკემბერსა და 2019 წლის მარტში შედგა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის 2 გეოგრაფიულ ცენტრში: ჭიათურის მანგანუმის მომპოვებელ მაღაროსა და ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელ მაღაროში, რომლებიც დასავლეთ საქართველოში მდებარეობს. ამ ვიზიტების დროს გავესაუბრეთ 80 ადამიანს, მათ შორის ქვანახშირის და მანგანუმის მაღაროებში დასაქმებულებს და მათი ოჯახის წევრებს.
ჩვენ ვესაუბრეთ 30 მუშას „ჯორჯიან მანგანეზიდან“, რომელიც 2019 წლის აპრილამდე ამერიკული კერძო კომპანიის „ჯორჯიან ემერიქენ ელოის“ მფლობელობაში იყო; 24 მეშახტეს, რომლებიც „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილი 11 შახტიდან 6 შახტში არიან დასაქმებული და 17 მათგანი მოპოვების ძველი სისტემით, ხოლო 7 ახალი სისტემით მუშაობს; „ჯორჯიან მანგანეზის“ 5 მუშას ჭიათურის სარეცხი და სარემონტო საწარმოებიდან და ასევე, ერთ მუშას, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს. ამ 30 გამოკითხული მუშიდან 23 ჭიათურის პროფკავშირების წევრია და მათი უმრავლესობა ძველი სისტემის შახტებში და მანგანუმის მადნის სარეცხ საწარმოებში მუშაობს. ჩვენ მიერ გამოკითხული 7 დასაქმებულიდან, რომლებიც ახალი სისტემით მუშაობენ, მხოლოდ ერთია პროფკავშირის წევრი. ინდივიდუალურად გავესაუბრეთ 21 მუშას და ჩავატარეთ 2 ჯგუფური ინტერვიუ, შესაბამისად, 4 და 5 მუშასთან. ტყიბულში გავესაუბრეთ 16 მუშას - ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის „საქნახშირის“ ამჟამინდელ ან ყოფილ თანამშრომლებს; „საქნახშირი“ კერძო ჰოლდინგის „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“ შემავალი კომპანიაა. ჩავატარეთ 9 ინდივიდუალური ინტერვიუ და 2 ჯგუფური ინტერვიუ, შესაბამისად, 5 და 2 ადამიანთან. ვესაუბრეთ ასევე 2018 წლის ივნისში ღია კარიერზე მუშაობისას დაღუპული მუშის ოჯახის წევრს; ამ კარიერის ოპერატორი „საქნახშირის“ კონტრაქტორი იყო.
რეკომენდაციები ეფუძნება ინფორმაციას, რომელიც მივიღეთ ქვანახშირის და მანგანუმის მაღაროების მუშებთან ინტერვიუების გზით, ხოლო ანგარიშში განხილული დოკუმენტების უდიდესი ნაწილი მანგანუმის მაღაროელებს ეხება.
ჩვენ შევხვდით პროფკავშირებს, მათ შორის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის და ჭიათურაში მოქმედი სამივე პროფკავშირის (ჭიათურის პროფკავშირი, საქართველოს სამთო-მოპოვებითი მრეწველობის პროფესიონალთა ლიგა, და მაღაროელთა პროფკავშირი) წარმომადგენლებს. ასევე შევხვდით იურისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პარლამენტარებს, შრომის ინსპექციის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს და ამ სფეროს სხვა პროფესიონალებს.
Human Rights Watch-მა წერილებით მიმართა კერძო კომპანიებს „ჯორჯიან ემერიქენ ელოის“/“ჯორჯიან მანგანეზს“ და „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“/“საქნახშირს“, რომლებშიც აცნობა მათ კვლევის დროს გამოვლენილი საკითხები და სთხოვა ამ საკითხებზე კომენტარები; შეხვედრა გაიმართა საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფის წარმომადგენლებთანაც თბილისში. ზემოაღნიშნული წერილები და მათზე კომპანიების პასუხები სრულად არის მოცემული 1-ლ დანართში.
კონფიდენციალურობის დაცვისა და დამსაქმებლის მხრიდან შესაძლო შურისძიების თავიდან აცილების მიზნით, შევცვალეთ ყველა იმ დასაქმებულის სახელი, ვისაც ამ ანგარიშის მოსამზადებელი კვლევის დროს გავესაუბრეთ; ზოგ შემთხვევაში სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციაც არ გავამჟღავნეთ. მხოლოდ იმ მაღაროელების სახელებია ნამდვილი, ვინც უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა.
I. არსებული კონტექსტი
2018 წლის აპრილის დასაწყისში 54 წლის ქართველ მეშახტეს, მიხეილს, დილის ცვლაში მუშაობა უნდა დაეწყო, როცა განგაშის საყვირის ხმა გაისმა.[1] მალევე შეიტყო, რომ შახტში აფეთქებას 6 ადამიანი, მათ შორის მისი ძმისწული, 25 წლის პავლე ემსხვერპლა. შახტში მუშაობა მალევე განახლდა და მიხეილი სამუშაოზე გამოიძახეს.
შვილის ნაამბობის მიხედვით, მიხეილი თავზარდაცემული იყო, რამდენიმე თვე თითქმის არ სძინებია. თვალიდან არ სცილდებოდა დაღუპულთა სახეები და შიშობდა, რომ შემდეგი მსხვერპლი ის იქნებოდა. ივლისის ერთ საღამოს კოლეგებთან საუბრისას ერთ-ერთი მაღაროელის ბინის სამზარეულოში, მან თქვა, რომ „მინდელის“ შახტში 35 წლიანი მუშაობის მიუხედავად, მუშაობის იქ გაგრძელება აღარ სურდა. მეორე დილას ის მაინც ჩავიდა შახტში. იმ დღეს მიხეილი სამ სხვა მეშახტესთან ერთად დაიღუპა.
ამ ორმა უბედურმა შემთხვევამ, რომლებიც სულ ორიოდე თვის ინტერვალით მოხდა და 10 მეშახტის სიცოცხლე შეიწირა, შეძრა საქართველო.[2] შახტის ქვედა რგოლის შვიდი მენეჯერი დააპატიმრეს. ამ ანგარიშის წერის დროს სამი მათგანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა;[3] ტყიბულის შახტებში სამუშაოები შეჩერებული იყო სანამ ავარიების გამომწვევი მიზეზების დამდგენი გარე აუდიტი დასკვნა არ მომზადდებოდა; შახტების მომავალი ბედი კი, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია, გაურკვეველი რჩებოდა.[4]
ამ ტრაგედიებმა მწვავედ წარმოაჩინა შრომის კანონმდებლობის რეფორმირების საჭიროება იმ ათწლიანი დერეგულაციის შემდეგ, რის შედეგადაც მკვეთრად შესუსტდა შრომითი უფლებების დაცვა და სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობა. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის შემდეგ ქვეყანამ გადადგა ნაბიჯები რეგულირების გასამკაცრებლად, ამ უბედურმა შემთხვევებმა აჩვენა, რომ იმ დერეგულაციის გრძელვადიანი შედეგები, რითიც უსაფრთხოებასა და შრომით უფლებებთან მიმართებაში არასათანადო ბიზნესპრაქტიკის ლეგიტიმაცია მოხდა, ძნელად აღმოსაფხვრელია.
დერეგულაცია
2003 წლის ნოემბერში არჩევნების გაყალბებით, ეკონომიკის არასწორი მართვითა და კორუფციით აღშფოთებული ხალხის პროტესტმა, რაც „ვარდების რევოლუციის“ სახელითაა ცნობილი, პრეზიდენტს გადადგომა აიძულა. ექვს კვირაში ხელახლა გამართულ არჩევნებში გამარჯვება მიხეილ სააკაშვილმა მოიპოვა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, რომლის კამპანიაც კორუფციასთან ბრძოლის პროგრამას ეფუძნებოდა. სააკაშვილის მთავრობამ, დასავლეთის მთავრობების დახმარებითა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საკრედიტო პროგრამების მეშვეობით, ძირეული დერეგულირების პროგრამა განახორციელა და უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად მთელი რიგი ის წესები გააუქმა, რომლებიც მშრომელთა უფლებების და გარემოს დაცვას ემსახურებოდა.[5]
2006 წელს, საქართველოს მთავრობამ მკვეთრად შეამცირა მშრომელთა დაცვის მექანიზმები შრომის კოდექსში და გააუქმა შრომის ინსპექცია.[6] ახალი შრომის კოდექსიდან ამოღებული იქნა დებულებები, რომლებითაც რეგულირდებოდა ყოველკვირეული დასვენებები, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ლიმიტები, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების განაკვეთები და ცვლების დროს შესვენებები. ახალი კოდექსით დაშვებული იქნა სიტყვიერი და არა წერილობითი დასაქმების კონტრაქტების გაფორმება და მშრომელთა გათავისუფლება წინასწარი შეტყობინების გარეშე და ნებისმიერი მიზეზით.[7]
ევროპის საბჭოს სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტისთვის წარდგენილ 2017 წლის ანგარიშში ამჟამინდელი ხელისუფლება წერდა:
2006 წელს მიღებული შრომის კოდექსი ეფუძნებოდა ვარაუდს, რომ შრომის ბაზრის დერეგულაცია ხელს შეუწყობდა ინვესტიციების მოზიდვას და სამუშაო ადგილების შექმნას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის იმ ძირეული კონვენციების დარღვევის ფასადაც კი, რომლებიც საქართველოს მიერ იყო რატიფიცირებული.[8]
დერეგულირების სხვა ნაბიჯებს შორის იყო სახელმწიფო აქტივების პრივატიზაცია, გადასახადების რაოდენობის შემცირება და ლიცენზიებისა და ნებართვების 85%-ის გაუქმება.[9] პარალელურად გაუქმდა უმუშევრობის შემწეობები და შემოღებული იქნა დახმარების მიზნობრივი პროგრამა, რომელიც უკიდურეს გაჭირვებულთათვის შემწეობების გაცემას ითვალისწინებდა.[10] 2005 წელს, საქართველომ მიიღო კანონი სახელმწიფო პენსიის შესახებ, რომლის თანახმადაც დახმარება ეძლეოდა საპენსიო ასაკის ადამიანებს მიუხედავად მათი ფინანსური მდგომარეობისა.[11]
დერეგულირების ზოგიერთი ნაბიჯი თითქოს საგანგებოდ იყო მორგებული ისეთ ეკონომიკურ რეიტინგებში საქართველოს ქულის გაუმჯობესების მიზანს, როგორიცაა მსოფლიო ბანკის ინდექსი „ბიზნესის კეთების სიადვილე“.[12] 2006 წელს „ბიზნესის კეთების სიადვილის“ ინდექსის ერთ-ერთი ინდიკატორი „მშრომელთა დაქირავება“ იყო, რომლითაც ფასდებოდა მოქნილობა დასაქმებაში, მათ შორის მშრომელთა გათავისუფლების სიადვილე, სამუშაო საათების და ყოველკვირეული დასვენების ხანგრძლივობა; ყველა ეს ასპექტი 2006 წლის რეფორმების სამიზნეები იყო.[13] 2007 წელს, შრომის კოდექსის რეფორმირების შემდეგ, საქართველო „პირველ რეფორმატორად“ დასახელდა და რეიტინგში 75 საფეხურით - 112-ე პოზიციიდან 37-მდე დაწინაურდა და „მშრომელთა დაქირავების სიადვილით“ მეექვსე ქვეყანა გახდა 175 შესწავლილ ქვეყანას შორის.[14]
2007 წელს მთავრობამ ქვეყნის ბრენდინგის კამპანია განახორციელა, რომლის ფარგლებშიც ფასიანი რეკლამები განთავსდა ისეთ პერიოდულ გამოცემებში, როგორებიცაა ბრიტანული „ეკონომისტი“, ამერიკული „უოლ სტრიტ ჯორნალი“ და „ფაინენშალ ტაიმსი“; ეს რეკლამები იტყობინებოდა, რომ „საქართველოს ეკონომიკა უფრო დერეგულირებულია ვიდრე საფრანგეთის“ და კიდევ სხვა იმ ქვეყნების ეკონომიკა, რომლებიც „ბიზნესის კეთების სიადვილის“ ინდექსით საქართველოს ჩამორჩებოდნენ.[15] საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას დაქვემდებარებული სახელმწიფო ორგანო, რომელიც უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს, თავის ვებგვერდზე დღესაც უსვამს ხაზს, რომ საქართველოში „დასაქმების პირობები მოქნილია“, ყოველკვირეული სამუშაო საათების ხანგრძლივობაზე დაწესებული ლიმიტები „არ არის უპირობოდ სავალდებულო“ და ეროვნული მინიმალური ხელფასიც არ არის განსაზღვრული.[16]
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დაკვეთით 2012 წელს შესრულებული კვლევით გამოვლინდა, რომ საქართველოს ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე დერეგულირებულია შესწავლილ ქვეყნებს შორის, „ისეთ ლიბერალურ ქვეყნებთან შედარებითაც კი, როგორებიცაა აშშ, კანადა და გაერთიანებული სამეფო“; ამ კვლევაში გამოყენებული იყო ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის მეთოდო-ლოგია, რომელიც შემუშავდა დასაქმების დაცვის ხარისხის გასაზომად.[17]
დერეგულირების ზეგავლენა სიღარიბესა და უმუშევრობაზე
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა ყოველწლიურად, საშუალოდ, 4.5%-ით იზრდება.[18] თუმცა, ამ პოლიტიკამ ვერ შეძლო საქართველოსთვის საყოველთაო ეკონომიკური წინსვლის მოტანა.[19] 2014 წელს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომელშიც აღიარა რომ:
ეკონომიკური ზრდის შედეგები არ აისახა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილზე და ვერც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლების შემცირებაზე.[20]
2006 წლის შემდეგ, როდესაც რეფორმების განხორციელება დაიწყო, უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი 13.57%-დან 17.22%-მდე გაიზარდა 2012 წლისთვის.[21] მთავრობის თქმით, რეფორმების წარუმატებლობა სამუშაო ადგილების შექმნაში იმან გამოიწვია, რომ დერეგულირებით მოზიდული ინვესტიციების უმეტესობა კაპიტალინტენსიურ სექტორებში ჩაიდო, სადაც პროდუქციის წარმოება უფრო მანქანა-დანადგარებს საჭიროებს ვიდრე მუშახელს და დასაქმების დონე დაბალია.[22]
მართალია, რეფორმებმა იქონია გარკვეული გავლენა სიღარიბის შემცირებაზე, მაგრამ დიდია განსხვავებები მუნიციპალიტეტებს შორის. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები საქართველოს მოსახლეობის წილი 2006 წლიდან 2012 წლამდე 36.9%-დან 30%-მდე შემცირდა. 2017 წელს ამ მაჩვენებელმა 21.9%-მდე დაიკლო. მსოფლიო ბანკის 2019 წლის კვლევით დადგინდა, რომ 2010-2016 წლებში იმერეთის რეგიონში, სადაც ქვანახშირის და მანგანუმის მოპოვება ხდება, სიღარიბის თითქმის განახევრების მიუხედავად სამთო-მომპოვებელი მუნიციპალიტეტები კვლავ ღარიბები ან ძალიან ღარიბები იყვნენ 2018 წელს.[23] თუ ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სადაც ქვანახშირის მომპოვებელი შახტებია, მოხმარების მიხედვით გაზომილი სიღარიბის მაჩვენებელი 26%-ა, ჭიათურაში, სადაც მთავარი დამსაქმებელი მანგანუმის მაღაროა, მოხმარების მიხედვით გაზომილი სიღარიბე 50%-ს, ანუ საქართველოში ყველაზე მაღალს მაჩვენებელს აღწევს.[24]
2006 წლის შემდეგ გაიზარდა უთანასწორობაც. მართალია, ქვეყანა დერეგულირების ძალისხმევას მიზნობრივი სოციალური დახმარების ფორმებით აბალანსებს, მაგრამ საქართველოს ჯინის კოეფიციენტი, რომლითაც შემოსავლების უთანასწორობა იზომება, 36.9-დან 39-მდე გაიზარდა 2006-2012 წლებში.[25] 2017 წელს ეს კოეფიციენტი 37.9-მდე შემცირდა, მაგრამ საქართველო დღეს მაინც ყველაზე უთანასწორო ქვეყნად რჩება პოსტ-საბჭოთა სივრცეში.[26] შედარებისთვის, 2017 წელს სომხეთის ჯინის კოეფიციენტი 33.6 იყო, მოლდოვისა კი 25.9.[27] მოხმარების მიხედვით გაზომილი უთანასწორობა საქართველოში კიდევ უფრო მაღალია: ჯინის ინდექსმა 2017 წელს .40 შეადგინა, 2006 წლის .38-თან შედარებით.[28]
რერეგულირების დაუსრულებელი გზა
2013 წლიდან საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მშრომელთა დაცვის და სახელმწიფო ზედამხედველობის გასაუმჯობესებლად. იმ წელს ცვლილებები შევიდა შრომის კოდექსში, რითიც, მათ შორის, გართულდა დასაქმებულის გათავისუფლების პროცედურა, აიკრძალა დისკრიმინაცია ახალი თანამშრომლის დაქირავებისას და სავალდებულო გახდა დასაქმებულთან წერილობითი კონტრაქტის გაფორმება სამ თვეზე მეტი ვადით დასაქმებისას.[29] 2015 წელს შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (შემდგომში, შრომის სამინისტრო). ეს პოზიტიური ნაბიჯები ნელა და არადამაჯერებლად იდგმება. ამ ეტაპობრივ მიდგომაში საქართველოს მოქნილი შრომის ბაზრის შენარჩუნებაზე ზრუნვა უფრო ჩანს, ვიდრე შრომითი უფლებების დაცვის საჭიროების განცდა.
შრომის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია აღიარებს შრომითი უფლებების უკეთესი დაცვის საჭიროებას, მაგრამ შრომის სტანდარტების დანერგვასა და უცხოური ინვესტიციების დაკარგვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირებას შორის ბალანსის დამყარების სირთულეზე საუბრობს. „ჩვენ არ გვინდა, რომ [მშრომელებმა] სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირონ, მაგრამ ასევე არ გვინდა, რომ ხალხმა სამუშაო ადგილები დაკარგოს,“ უთხრა მან Human Rights Watch-ს.[30] საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში, რომელიც მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს წარმოადგენს, ეჭვები გამოთქვეს რეგულაციებთან დაკავშირებით. ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა, შალვა ცხაკაიამ, აღნიშნა, რომ რეგულაციები მძიმე ტვირთად აწვება ასოციაციის წევრებს და „ამიტომ, ჩვენ კატეგორიულად კი არ ვეწინააღმდეგებით მათ შემოღებას, არამედ გვსურს, რომ მათი შემოღების პროცესი ნელა წარიმართოს.“[31]
შეტანილი ცვლილებების მიუხედავად საქართველოს შრომის კოდექსი ვერ აკმაყოფილებს შრომის საერთაშორისო სტანდარტებს. შრომის კოდექსი აწესებს 40-საათიან სამუშაო კვირას, ხოლო კონკრეტული სახის მრეწველობისთვის, მათ შორის ტექსტილის, მშენებლობის და ქიმიური წარმოებისთვის 48-საათიანს.[32] თუმცა, გაუგებარია, როგორ იცავენ ამ ზღვრებს პრაქტიკაში, რადგან კანონი არ ადგენს ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ლიმიტს, გარდა ერთი ნორმისა, რომლის თანახმადაც დასვენების ხანგრძლივობა სამუშაო დღეებს (ან ცვლებს) შორის მინიმუმ 12 საათს უნდა შეადგენდეს.[33] შრომის კოდექსი არც კვირის განმავლობაში დასვენების პერიოდის მინიმალურ ხანგრძლივობას განსაზღვრავს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით, დასაქმებულები კვირაში მინიმუმ 24-საათიანი დასვენებით უნდა სარგებლობდნენ, ხოლო ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის რეკომენდაციაა, რომ „მშრომელთა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათთვის 2 თანმიმდევრული დასვენების დღის მიცემის ზოგად წესს მიენიჭოს უპირატესობა“.[34] შრომითი უფლებების ქართველი ექსპერტის ზაქარია შველიძის თქმით:
ვინაიდან კანონმდებლობით არ არის ნორმირებული ყოველდღიური დასვენების და ყოველკვირეული დასვენების მინიმალური პერიოდის ხანგრძლივობა, ჰიპოთეტურად ყველას შეუძლია, იმუშაოს დღეში 12 საათი კვირის შვიდივე დღეს, რაც გამოდის ნორმირებული მაქსიმალური 84 სამუშაო საათი კვირაში...[35]
ქართულ კანონს სხვა ნაკლოვანებებიც აქვს, მათ შორის, ის არ განსაზღვრავს მინიმალურ ხელფასს, ზეგანაკვეთური სამუშაოს ან დასვენების დღეებში მუშაობის ანაზღაურების კონკრეტულ განაკვეთს, ღამით მუშაობაზე შეზღუდვას და მოთხოვნას, დამსაქმებლებმა დასაქმებულებს კონტრაქტების ასლები მისცენ.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მუშაობა მიმდინარეობს კანონის ხარვეზების აღმოფხვრაზე, მათ შორის ზეგანაკვეთური სამუშაოს, დასვენების დღეებსა და დღესასწაულებზე მუშაობის საკითხებსა და შრომის ინსპექციის გაძლიერებაზე.[36] მართალია, ამ ცვლილებების შეტანის ვადა უცნობია, მაგრამ პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც ამ ინიციატივების ავტორია, იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული ხარვეზების გამოსასწორებელ ცვლილებებს კენჭი 2019 წლის ბოლოსთვის ეყრება.[37]
2018 წელს, საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა 270-გვერდიანი საბაზისო კვლევა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე, რომელშიც განხილული იყო შრომის კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით. კვლევამ კანონის მრავალი ხარვეზი გამოავლინა, მათ შორის ყოველკვირეული დასვენების, სამუშაო საათებზე გონივრული ლიმიტის და ეფექტიანი და დამოუკიდებელი შრომის ინსპექციის არარსებობა.[38] 2015 წლიდან მოყოლებული, სახალხო დამცველი თავის ყოველწლიურ ანგარიშებში რეკომენდაციას აძლევს პარლამენტს, ცვლილებები შეიტანოს შრომის კოდექსში, რომლებითაც განისაზღვრება დღიური სამუშაო საათების ზედა ზღვარი, ყოველკვირეული დასვენება, და ზეგანაკვეთური სამუშაოს ზედა ზღვარი.[39] 2019 წლის მარტში, სოციალური უფლებათა ევროპულმა კომიტეტმა, რომელიც ზედამხედველობას უწევს ევროპის სოციალურ ქარტიასთან შესაბამისობას, დაადგინა, რომ საქართველოს შრომის სტანდარტები განხილული 15 საკითხიდან 13-ში არ შეესაბამებოდა ქარტიას.[40]
საქართველოში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი 2015 წელს შეიქმნა და მისი მანდატი ეტაპობრივად გაფართოვდა, განსაკუთრებით 2019 წლის თებერვალში შრომის უსაფრთხოების კანონში ცვლილებების შეტანის შედეგად. ახალი ცვლილებებით, რომელთა უმეტესობაც 2019 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა, შრომის ინსპექციას უფლება აქვს, წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ნებისმიერი საწარმო დღის ან ღამის ნებისმიერ დროს, მისცეს გაფრთხილება და დააკისროს ჯარიმა ბიზნესს, შეაჩეროს იმ საწარმოს სამუშაო პროცესი, რომელიც არღვევს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის წესებს.[41] გარდა ამისა, შრომის ინსპექცია შრომის სამინისტროს დეპარტამენტიდან გარდაიქმნება დამოუკიდებელ საჯარო უწყებად, რაც მის დამოუკიდებლობას გააძლიერებს.[42] 2015 წლის შემდეგ ინსპექციის თანამშრომელთა რიცხვი 25-დან 40-მდე გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ სექტემბერში 80-მდე გაიზრდება. დაგეგმილია 2020 წლამდე ფილიალების გახსნა რეგიონებში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში.[43] ამ ცვლილებების სრულად ამოქმედებამდე შრომის ინსპექტორებს უფლება აქვთ, შეამოწმონ მხოლოდ ისეთი სამუშაოების შესრულების უსაფრთხოება, რომლებიც მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოებად არის მთავრობის მიერ განსაზღვრული.[44] კანონის ახალი ცვლილებები ავალდებულებს კომპანიებს, დანიშნონ ერთი ან მეტი უსაფრთხოების სპეციალისტი და შეატყობინონ შრომის ინსპექციას ინციდენტები; ასევე, კანონი დამსაქმებელს აკისრებს მტკიცების ტვირთს ინციდენტის შემდეგ.[45]
თუმცა, ამ პოზიტიური ცვლილებებითაც კი, შრომის ინსპექციის მანდატი შეზღუდული რჩება.
შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ინსპექტორებს აქვთ უფლება, შეამოწმონ საფრთხის შემცველი ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორები, მაგრამ არა შრომითი უფლებები მათი სრულფასოვანი მნიშვნელობით.[46] კანონი მკაფიოდ არ განსაზღვრავს შრომის ინსპექციის უფლებას, შეამოწმოს უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა სამუშაო საათების ხანგრძლივობა ან წარმოების მოთხოვნებით გაზრდილი წნეხი, ანდა მუშაობის ზოგადი პირობები, მათ შორის საკონტრაქტო ვალდებულებები, ხელფასები, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება ან მუშაობა დღესასწაულებზე.
მართალია, ახალი კანონით დარღვევებისთვის ჯარიმების ოდენობები გაზრდილია, მაგრამ ეს ოდენობები მაინც მცირეა იმისთვის, რომ კომპანიებს ნორმების შესრულებისკენ უბიძგოს. ჯარიმები კომპანიის შემოსავლების პროპორციულად არის დადგენილი, მაგრამ ყველაზე დიდი ჯარიმა, რაც შესაძლოა საწარმოს დაეკისროს 2 წლის განმავლობაში ისეთი დარღვევების გამოუსწორებლობისთვის, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, 50,000 ლარია (დაახლოებით 17,000 აშშ დოლარი) მილიონიანი წლიური მოგების მქონე კომპანიებისთვისაც კი.[47]
შრომის ინსპექციის შეზღუდული მანდატი არ შეესაბამება იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველოს აქვს ნაკისრი „ევროპის სოციალური ქარტიით“ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებით, ასევე ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014 წელს გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით და ამერიკის შეერთებულ შტატებთან 2007 წელს შეთანხმებული სატარიფო სქემით - „პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით“.[48]
კერძოდ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „შრომის ინსპექციის კონვენცია“ ადგენს, რომ ინსპექციამ უნდა შეამოწმოს პირობები, რომლებიც „ეხება საათებს, ხელფასებს, უსაფრთხოებას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ბავშვების და ახალგაზრდების დასაქმებას და სხვა დაკავშირებულ საკითხებს“; ამ საკითხთა უმრავლესობას შრომის ინსპექციის ამჟამინდელი მანდატი არ მოიცავს.[49] „ევროპის სოციალური ქარტია“, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ, ავალდებულებს სახელმწიფოებს, ჰქონდეთ იმ შრომითი უფლებების ინსპექტირების ეფექტიანი სისტემა, რომლებსაც ეს ქარტია მოიცავს.[50] „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით 2017-2020 წლებისთვის“ საქართველომ აიღო ვალდებულება, „გააგრძელოს მუშაობა ეფექტიანი შრომის ინსპექციის სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც ექნება ადეკვატური კომპეტენციები და შესაძლებლობები, შეამოწმოს ყველა სამუშაო პირობა და შრომითი ურთიერთობა საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად“.[51] აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმებული „ჩარჩო შეთანხმება ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ“, რომელსაც ეფუძნება საქართველოს შეღავათიანი რეჟიმი „პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის“ პროგრამის ფარგლებში, ხაზს უსვამს „მშრომელთა უფლებების ადეკვატურად და ეფექტიანად დაცვისა და აღიარებული საერთაშორისო შრომის უფლებების დაცვის გაუმჯობესების უზრუნველყოფის მნიშვნელობას“.[52]
საერთაშორისო ორგანიზაციები და სახელმწიფოები აკრიტიკებენ საქართველოს შრომის ინსპექტირების არაადეკვატურ სისტემას. თავის 2018 წლის შეფასებაში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოებაში საკითხებში აღნიშნა, რომ „შრომის ინსპექტირების სრულფასოვანი სისტემის არარსებობა ძირითადი შრომითი სტანდარტების რეალიზების მთავარ გამოწვევად რჩება საქართველოში“.
2019 წლის მაისში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამართული დიალოგის ფარგლებში ევროკავშირმა ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევისკენ მოუწოდა საქართველოს.[53]
2018 წელს, სოციალურ უფლებათა ევროპულმა კომიტეტმა აღნიშნა საქართველოს შეუსაბამობა „ევროპის სოციალური ქარტიის“ ვალდებულებასთან, უზრუნველყოს დღის და კვირის სამუშაო საათების სათანადო ხანგრძლივობის დანერგვა შესაბამისი ორგანოს მიერ.[54]
2018 წელს გამართულ მოსმენაზე, რომელზეც განიხილებოდა 2010 წელს წარდგენილი პეტიცია საქართველოსთვის აშშ-სთან „პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის“ შეჩერების შესახებ, აშშ-ის სავაჭრო ფედერაციის AFL-CIO-ს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა „საქართველოში სამუშაო ადგილების ინსპექტირების მინიმუმამდე დაყვანილ შესაძლებლობას და ეფექტიანი მონიტორინგის და აღსრულების მექანიზმის არარსებობას“.[55]
2019 წლის აპრილში საქართველოს ეწვია ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე გაეროს სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ვიზიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში გამოხატა „წუხილი იმის თაობაზე, რომ 2019 წლის სექტემბრის შემდეგაც კი მარეგულირებელი ჩარჩო შეუსაბამო დარჩება, რადგან ახალი კანონით არ იქნება მოცული შრომითი უფლებების სრულ სპექტრს.“[56]
არგუმენტები რეგულირების სასარგებლოდ
დერეგულირების ტვირთი და მშრომელთა უფლებების დაცვისა და ზედამხედველობის სისუსტე საქართველოს მშრომელებს დააწვა. 2018 წლის ანგარიშში შრომის ინსპექციამ აღნიშნა, რომ 2005-2015 წლებში შრომის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო ორგანოს არარსებობამ, „ხელი შეუწყო ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მოშლას და სისტემური პრობლემის წარმოშობას,“ ვინაიდან „მარეგულირებელი ორგანოს არარსებობამ გამოიწვია უსაფრთხოების კულტურის დაქვეითება“.[57]
ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებს ეფუძნება, შრომის ინსპექციის გაუქმების შემდეგ სამუშაო ადგილზე სიკვდილის შემთხვევები 74%-ით გაიზარდა და მათი უმეტესობა სამთო მოპოვების და სამშენებლო სექტორებში მოხდა; ეს მაჩვენებელი ბოლოდროინდელი რეფორმების შემდეგაც მაღალი დარჩა.[58] 2007-2017 წლებში, საქართველოში სამუშაო ადგილზე გარდაცვალების შემთხვევათა საშუალო რაოდენობა 41-ს უდრიდა, როდესაც 2002-2005 წლებში ეს მაჩვენებელი 24 იყო. 2014 წელს ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი 5.5 გარდაცვალება იყო 100,000 მშრომელზე, რაც სამჯერ აღემატება ევროკავშირის იმავე წლის შესაბამის მაჩვენებელს.[59]
Human Rights Watch-ისთვის შრომის ინსპექციის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, 2016-2018 წლებში საქართველოს მაღაროებში 13 ადამიანი დაშავდა (2017-ში 2 და 2018-ში 11) და 23 დაიღუპა (2016-ში 2, 2017-ში 5 და 2018-ში 16).[60] ინსპექციის მიერ აღრიცხულ უბედურ შემთხვევებს შორის 2 „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო მუშაა, რომელთაგან ერთი 2016 წელს, ხოლო მეორე 2017 წელს დაიღუპა. „ჯორჯიან მანგანეზის“ არ მოუწოდებია ჩვენთვის 2018 წლის მონაცემები.[61] „საქნახშირის“ შახტებში 14 მუშა დაიღუპა 2016-2018 წლებში.[62] შრომის ინსპექციის თქმით, ეს მონაცემები იმ შახტებსა და მაღაროებში ჩატარებული აუდიტის ანგარიშებს ეფუძნება, რომლებიც მან შეამოწმა.[63] საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, 2016 წლის შემდეგ „ჯორჯიან მანგანეზის“ 4 მაღაროელი და „საქნახშირის“ 19 მეშახტე დაიღუპა უბედური შემთხვევების შედეგად, მათ შორის ერთი 2019 წლის 1-ლ კვარტალში.[64]
2018 წლის ანგარიშში შრომის ინსპექციამ აღიარა, რომ არსებობს „გაუხმაურებელი ინციდენტები“.[65] „თუ გარდაცვალების ფაქტი უშუალოდ სამუშაო ადგილზე არ დაფიქსირდა, ის ოფიციალურად არ აღირიცხებოდა საწარმოო შემთხვევის საფუძველზე სიკვდილის შემთხვევად და შესაბამისად, არ ხვდებოდა სტატისტიკურ მონაცემებში. უმეტეს შემთხვევაში არ ხდება აღრიცხვა არც არშემდგარი უბედური შემთხვევისა, ანუ ისეთი ინციდენტისა, რომელსაც შეეძლო დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება.“[66]
მრავალი ქვეყნის მაგალითი ადასტურებს რეგულირების ეფექტიანობას სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების შემცირებაში. აშშ-ში უბედური შემთხვევების რაოდენობა 1947 წლიდან შემცირდა, როდესაც აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც მაღაროებში უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაცვას მოითხოვდა, და მკვეთრად შემცირდა 1969 წლიდან, როდესაც „ქვანახშირის მაღაროში ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ნორმების დაცვის ფედერალური კანონით“ შემოღებული იქნა ჯარიმები ყველა დარღვევაზე და სავალდებულო გახდა ქვანახშირის ყველა შახტის ინსპექტირება.[67] გაერთიანებულ სამეფოში უბედური შემთხვევების მონაცემების შედარება 1974 წლიდან, ანუ „სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის კანონის“ მიღებიდან, 2017/2018 წლებამდე გვიჩვენებს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მშრომელთა დაღუპვის შემთხვევები თითქმის 85%-ით შემცირდა.[68]
მონაცემებით დასტურდება, რომ გამკაცრებული რეგულირება არ მოქმედებს უარყოფითად მრეწველობაზე. ზოგ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-სა და ავსტრალიაში, მრეწველობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და გაფართოვდა უსაფრთხოების და შრომის რეგულაციების შემოღების შემდეგაც კი. აშშ-ში ქვანახშირის მოპოვება პირველი რეგულაციის 1949 წელს შემოღების შემდეგ მალევე გაორმაგდა.[69]
შრომის და უსაფრთხოების ადეკვატური სტანდარტები უმნიშვნელოვანესია ბიზნესის წარმატებისა და ეკონომიკის განვითარებისთვის. ამას ნათლად ადასტურებს ტყიბულის ქვანახშირის შახტებში მომხდარი ტრაგედიები და 2019 წლის მაისში მშრომელთა 13-დღიანი გაფიცვა ჭიათურის მანგანუმის მაღაროში.
თითქმის 1 წელია, რაც ქვანახშირის შახტებია დახურული 2018 წლის აპრილსა და ივლისში მომხდარი აფეთქებების შემდეგ. ადამიანური მსხვერპლის გარდა, ამ ავარიებმა სერიოზული ზარალი მიაყენა კომპანიას და მთავრობას, რომლებიც, როგორც ამბობენ, სრულ ხელფასს უხდიან მშრომელებს მთელი ამ დროის განმავლობაში გაჩერებული წარმოების პირობებში.[70] Human Rights Watch-ისთვის გამოგზავნილ წერილში „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“, რომელიც ამ ქვანახშირის მოპოვების მფლობელია, ამბობს, რომ წარმოების შეჩერების შემდეგ 11 მილიონი ლარი (დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარი) აქვს ხელფასების სახით გადახდილი.[71]
2019 წლის მაისში, ჭიათურის მანგანუმის საბადოზე ცუდი სამუშაო პირობების გამო გაფიცვა მოეწყო, რის შედეგადაც წარმოება 13 დღით შეჩერდა; კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, რომელიც საქართველოს მთავრობის საინფორმაციო სამსახურმა გამოაქვეყნა, ამ შეჩერების გამო საწარმოს 13 მილიონი ლარის (4.7 მილიონ აშშ დოლარზე მეტი) ზარალი მიადგა, ხოლო მთავრობამ 6.5 მილიონ აშშ დოლარი იზარალა ექსპორტის სახით.[72]
საქართველოს მუშა-მოსამსახურეების კეთილდღეობა, ისევე როგორც საქართველოს ეკონომიკის განვითარება შესაძლოა დამოკიდებული იყოს ქვეყნის მზაობაზე, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები შრომითი უფლებების და სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების სრულად დასაცავად.
II. შრომითი უფლებების დარღვევები ქვანახშირის და მანგანუმის მაღაროებში
„ყოველ დღე მეშახტეები მიწის ქვეშ დაშავების ან დაღუპვის მოლოდინით ჩადიან“.
- თამაზი, 30 წლის მეშახტე ქვანახშირის საბადოზე.[73]
„ყურადღება თუ გაგეფანტა, შეიძლება საშინელი ავარია მოგივიდეს“.
- ვარლამი, 30 წლის მაღაროელი მანგანუმის საბადოზე.[74]
მიწისქვეშ მოპოვება რთული და სახიფათო სამუშაოა. ამ ანგარიშისთვის გამოკითხულმა თითქმის ყველა მეშახტემ და მაღაროელმა თქვა, რომ მიუღია დაზიანება სამუშაო ადგილზე ავარიის შედეგად. მშრომელების მიერ მიღებულ დაზიანებებს შორისაა ფრჩხილების დაძრობა, ღრმა ჭრილობები, ხელის, ფეხის და ნეკნების მოტეხილობები, ჩამოქცეული ჭერის ქვეშ მოყოლა, კიდურების დაკარგვა, ტვინის შერყევა და ასევე, განცდილი ტრავმა სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების შედეგად კოლეგის თუ ოჯახის წევრის დაკარგვის გამო.[75]
სამთო მოპოვების სამუშაოსთვის დამახასიათებელი საფრთხის გათვალისწინებით, ხელისუფლებებმა და კომპანიებმა უნდა განსაზღვრონ და მაქსიმალურად შეამცირონ რისკები.[76] წინამდებარე კვლევა აჩვენებს, რომ სამთო მოპოვების არსებულმა პრაქტიკამ სუსტ რეგულაციასა და ზედამხედველობასთან ერთად ასეთი რისკები კი არ შეამცირა, არამედ გაზარდა. მართალია, ამ კვლევის ჩატარება სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გვიბიძგა, მაგრამ ჩვენ შრომითი უფლებების სხვა დარღვევებიც აღმოვაჩინეთ ქვანახშირის და მანგანუმის სამთო-მოპოვებით საქმიანობაში.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში მინერალური ნედლეულის მოპოვება შემცირების მიუხედავად, ქვანახშირის და მანგანუმის მოპოვება მნიშვნელოვან დარგად და დასაქმების წყაროდ რჩება დასავლეთ საქართველოში.[77]
მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველოს მანგანუმის საბადოები ერთ-ერთი უმდიდრესია მსოფლიოში, მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოების რაიონის ფართობით კი უდიდესია კავკასიაში.[78] მოპოვებული მანგანუმის უმეტეს ნაწილს რკინის და ფოლადის მწარმოებლები იყენებენ; მანგანუმი ბატარეების წარმოებისთვისაც გამოიყენება.[79]
მანგანუმის მიწისქვეშა მოპოვება, ჩვეულებრივ, კონკრეტულ უბანზე ბურღვის და საამფეთქებლო სამუშაოების ჩატარებით ხდება, რაც მანგანუმის ფენების ჩამოცვენას იწვევს. ყოველი აფეთქების შემდეგ სამუშაო უბანი ნიავდება, ნედლეული გასატანად იტვირთება და ადგილი ხის მორებით მაგრდება სანამ აფეთქებას გაიმეორებენ. მანგანუმის მომპოვებელი მაღაროელები მძიმე ხელსაწყოებს იყენებენ, მათ შორის ბურღებს, პნევმატურ ჩაქუჩებს, ელექტრო საჭრელებს და დინამიტს. მაღაროელები ყველაზე ხშირად ასახელებენ ისეთ საფრთხეს, როგორიცაა მაღაროში ჩამოქცეული ჭერის ქვეშ მოყოლა, ლოდის მოხვედრა, მიწის სველ ზედაპირზე მოცურება ანდა მძიმე ხელსაწყოთი ან ასაფეთქებელი მასალებით დაშავება.[80] მაღაროებში ფატალური შემთხვევების მიზეზებს შორისაა ქანის ნატეხების ცვენა, ხანძარი, აფეთქება, სიმაღლიდან გადმოვარდნა, ნანგრევებში მოყოლა, დენის დარტყმა ანდა მიწისქვეშა შურფების და გვირაბების დატბორვა.[81]
2006 წელს შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურაში მანგანუმის სამთო მოპოვების 40-წლიანი ლიცენზია მიიღო, რაც ეხმიანებოდა მაშინდელი მთავრობის მცდელობას, აეღორძინებინა ეს მრეწველობა. 2013 წელს „ჯორჯიან მანგანეზი“ შეიძინა ამერიკაში დაფუძნებულმა კერძო ჰოლდინგმა „ჯორჯიან ემერიქენ ელოისმა“.[82] Human Rights Watch-სთვის გამოგზავნილ წერილში „ჯორჯიან ემერიქენ ელოისმა“ გვაცნობა, რომ 2019 წლის აპრილში კორპორაციის ძირეული რესტრუქტურიზაცია დაასრულა და ის „აღარ იყო ჯორჯიან მანგანეზის“ მფლობელი.[83] 2017 წლის მაისში ქართულმა სასამართლომ კომპანია გარემოსდაცვითი რეგულაციების დარღვევაში დაადანაშაულა და სპეციალური მმართველი დაუნიშნა სამი წლის ვადით.[84] „ჯორჯიან მანგანეზმა“ წერილით აცნობა Human Rights Watch-ს, რომ ის ფლობს 11 მიწისქვეშა მაღაროს, 5 ღია კარიერს და 7 გამამდიდრებელ საწარმოს, სადაც მანგანუმის მადანი ირეცხება და შემდგომი გადამუშავებისთვის მზადდება.[85] ადგილობრივი პროფკავშირის ინფორმაციით, „ჯორჯიან მანგანეზში“ 3,400 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის ჭიათურასა და მის შემოგარენში არსებულ მანგანუმის მიწისქვეშა მაღაროებში, მადნის სარეცხ საწარმოებში და სხვა ობიექტებზე; შედეგად, „ჯორჯიან მანგანეზი“ უმსხვილესი დამსაქმებელია რაიონში.[86] აშშ-ის საერთაშორისო სავაჭრო კომისიის 2009 წლის ანგარიშის თანახმად, „ჯორჯიან მანგანეზი“ მანგანუმის უმსხვილესი მწარმოებელია საქართველოში.[87]
მანგანუმის და მისი გადამუშავებით მიღებული პროდუქციის ექსპორტი აშშ-ში საბაჟო მოსაკრებლისგან არის გათავისუფლებული „პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის“ სატარიფო სქემის ფარგლებში.[88] აშშ-ის სავაჭრო კომისიის თანახმად, 2017 წელს საქართველომ აშშ-ში ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტზე 2 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაზოგა საბაჟო მოსაკრებლის სახით.[89] „პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა“ ქვეყნებს ავალდებულებს, დაიცვან საერთაშორისოდ აღიარებული მშრომელთა უფლებები, მათ შორის „სათანადო სამუშაო პირობების, მინიმალური ხელფასის, სამუშაო საათების ხანგრძლივობის და პროფესიული უსაფრთხოების და ჯანმრთელობის თვალსაზრისით“.[90]
2007 წელს „საქნახშირმა“, რომელიც „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“ შედის, 45-წლიანი ლიცენზია მიიღო ქვანახშირის მოპოვებაზე დასავლეთ საქართველოს ტყიბულის და ამბროლაურის რაიონებში, სადაც ქვეყნის 400 მილიონი ტონა ქვანახშირის მარაგის უდიდესი ნაწილია კონცენტრირებული.[91] 2008 წელს კომპანიამ 2 მიწისქვეშა შახტი - „მინდელის“ და „ძიძიგურის“ შახტები აამოქმედა ტყიბულში.[92] 2015 წელს „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ შეთანხმებას მიაღწია ჩინურ კომპანია „დონგფანგ ელექტრიკთან“ ქვანახშირზე მომუშავე თბოსადგურის მშენებლობაზე; მშენებლობის დასრულება 2020 წელს არის დაგეგმილი, ხოლო ელექტროსადგური ძირითადად ტყიბულში მოპოვებულ ქვანახშირზე იმუშავებს.[93]
2018 წლის შუა პერიოდში სამთო მოპოვების სამუშაოები შეჩერდა სანამ არ მომზადდება გარე აუდიტის დასკვნა იმ 2 ავარიის გამომწვევ მიზეზებზე, რომლებმაც იმ წელს 10 მეშახტის სიცოცხლე იმსხვერპლა.[94] კომპანიის შვიდი მენეჯერი დააპატიმრეს 2018 წლის აპრილში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელსაც 6 მეშახტე შეეწირა.[95] მანამდე, 2017 წელს, 4 მეშახტე დაიღუპა იმავე შახტში.[96] 2018 წლის შუა პერიოდამდე ტყიბულის ქვანახშირის საბადოზე 1,500 ადამიანი მუშაობდა და ის ერთადერთი უმსხვილესი დამსაქმებელი იყო რაიონში.[97]
სამთო მოპოვების სამუშაოები, რომლებიც რისკს უქმნის უსაფრთხოებას
2018 წელს ტყიბულის ქვანახშირის საბადოზე მომხდარმა ტრაგედიებმა ბიძგი მისცა ერთგვარ პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოში. თუმცა, ჭიათურის მანგანუმის საბადოზე „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამთო მოპოვების სამუშაოების ჩვენ მიერ შესწავლა აჩვენებს, რომ პრობლემები კვლავ არსებობს და ხარვეზები შრომის კანონმდებლობასა და ზედამხედველობაში ისევ იძლევა ისეთი სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობას, რომლებიც მშრომელებს რისკის ქვეშ აყენებს.
ჭიათურის მანგანუმის საბადო მოიცავს 11 მიწისქვეშა მაღაროს ქალაქ ჭიათურასა და მის შემოგარენში და ყველა მათგანს „ჯორჯიან მანგანეზი“ ამუშავებს. კომპანიის ინფორმაციით, 2016 წელს „ჯორჯიან მანგანეზმა“ ამ 11 მაღაროდან 5-ში სამთო მოპოვების სამუშაოების წარმოების ახალი სისტემა შემოიღო, რაც 380 მუშა-მოსამსახურეს შეეხო.[98] ახალმა სისტემამა გაზარდა ცვლების ხანგრძლივობა და შეზღუდა პირადი თავისუფლებები. ერთ-ერთმა პროფკავშირმა Human Rights Watch-ს უთხრა, რომ კომპანია გეგმავს ამ ახალი სისტემის კიდევ 4 მაღაროში შემოღებას, სადაც 1,700 ადამიანი მუშაობს.[99] „ჯორჯიან მანგანეზის“ თქმით, ის ამჟამად იკვლევს ტექნოლოგიებს, „მოპოვების პროცესის გამარტივების და სამუშაო პირობების და უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის“ და ახალი სისტემის სხვა ობიექტებზე დანერგვის გადაწყვეტილება „დამოკიდებული იქნება პროცესის მიმდინარეობაზე“.[100]
„ახალი სისტემის მაღაროებში“ დასაქმებულები 12-საათიან ცვლებში მუშაობენ, დღისითაც და ღამითაც, ზედიზედ 15 დღე ყოველკვირეული დასვენების გარეშე. ამ პერიოდში მაღაროელებმა კომპანიის საერთო საცხოვრებელში უნდა იცხოვრონ. მართალია, ამ ანგარიშის მთავარი თემა ეს არ არის, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ახალი სისტემის მუშა-მოსამსახურეები მთელი 12-საათიანი ცვლის განმავლობაში მანგანუმის მტვერთან ერთად დიზელის გამონაბოლქვს სუნთქავენ, რომელიც კარცენოგენად არის აღიარებული.[101] ახალმა სისტემამ შესაძლებელი გახადა მუშების შემცირება ყოველ მაღაროში 150-200 ადამიანიდან 50-მდე.[102]
ამის საპირისპიროდ, „ძველი სისტემის 4 მაღაროში“ დაახლოებით 1,700 ადამიანი მუშაობს 9-საათიან ცვლებში, ვისაც აქვს ყოველკვირეული დასვენება და არ მოეთხოვება კომპანიის საერთო საცხოვრებელში დარჩენა. მოპოვებული მანგანუმის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება მატარებლები.
ახალი სისტემის ერთი მაღაროელი აღწერს, თუ რა ტიპის სამუშაოს ასრულებენ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს: „სწორად უნდა გავბურღოთ, ავაფეთქოთ, გავანიავოთ; მერე მოდის ტრაქტორი და გააქვს მანგანუმი; შემდეგ ჩვენ გამაგრებით სამუშაოებს ვასრულებთ და ვაგებთ საყრდენებს“.[103] ძველი სისტემის მაღაროებში დასაქმებულებს ასევე უხდებათ მანგანუმის ხელით ჩატვირთვა ვაგონებში და ლიანდაგების დაგება.[104]
Human Rights Watch-სთვის გამოგზავნილ წერილში „ჯორჯიან მანგანეზი“ ამბობს, რომ ახალი სისტემა დაინერგა „ღრმა ანალიზისა და სერიოზული განხილვის“, ასევე „პროფკავშირებსა და მუშა-მოსამსახურეებთან ინტენსიური მოლაპარაკებების“ შემდეგ. მაღაროელებს „ჰქონდათ და აქვთ შესაძლებლობა გადავიდნენ ახალ სისტემაზე ან იმუშაონ ძველი სისტემით“, ამბობს კომპანია დამატებითი დეტალების განმარტების გარეშე. ძველი მაღაროები არ იძლევა იმავე ფინანსურ სარგებელს და იქ გადასვლა შეიძლება ეკონომიკურად მიზანშეუწონელი იყოს მაღაროელებისთვის. ახალ მაღაროებში ხელფასები 30-40%-ით აღემატება ძველი სისტემის მაღაროელებისას და ძველი სისტემის ზოგი მაღაროელო ამ ხელფასის ნახევარსაც ვერ გამოიმუშავებს.[105] კომპანია აცხადებს, რომ ახალმა სისტემამ მუშაობა „გაამარტივა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და დატვირთვა შეამცირა“ და რომ გადაწყვეტილებას, დანერგოს თუ არა ახალი სისტემა სხვა მაღაროებში, მიიღებს იმ შედეგებზე დაყრდნობით, რასაც ახალი სამთო მოპოვების ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მიმდინარე კვლევა აჩვენებს.[106]
2019 წლის 15 მაისს, ახალი სისტემით მომუშავე მაღაროელები გაიფიცნენ საერთო საცხოვრებელში არასათანადო კვების გამო; მეორე დღეს 15-მა მაღაროელმა შიმშილობა გამოაცხადა. მათ მალევე შეუერთდა კომპანიის სხვა თანამშრომლები, რომლებიც ჭიათურაში ყოველდღიურად მართავდნენ დემონსტრაციებს სამუშაო პირობების გაუმჯობესების და ხელფასების ზრდის მოთხოვნით და მთელი ქვეყნის ყურადღება მიიპყრეს და მხარდაჭერა მოიპოვეს. გაფიცვა 13 დღის შემდეგ დასრულდა ეკონომიკის სამინისტროს მედიაციით მიღწეული სავალდებულო შეთანხმებით, რომელშიც კომპანიამ დადო პირობა, რომ ხელფასებს ჯერ 25%-ით გაზრდიდა 2019 წლის ივლისში და შემდეგ, კიდევ 10%-ით 2020 წლის ივლისში.
კომპანიამ აიღო ვალდებულება, შემოიღოს „საკვების ინდივიდუალური დაფინანსების მოდელი თითოეული თანამშრომლისთვის“, თუმცა არ არის ცხადი, რას მოიტანს ეს პრაქტიკაში, როცა მისი განხორციელება დაიწყება. „ჯორჯიან მანგანეზმა“ Human Rights Watch-ს ივნისში მოსწერა, რომ ის „ახორციელებს [საკვების] ახალი მომწოდებლის ტენდერის შერჩევის პროცესს, რომელშიც პერსონალი აქტიურად არის ჩართული“ და რომ ეს პროცესი „მომდევნო დღეებში დასრულდება“.[107] შეთანხმება, რომელიც კომპანიამ საზოგადოებას სოციალური მედიით აცნობა, „ჯორჯიან მანგანეზს“ ასევე ავალდებულებს, „გააუმჯობესოს და შეიმუშაოს შრომის, უსაფრთხოების და ჯანდაცვის ეფექტიანი და პრევენციული ზომები“, თუმცა მას ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ განუმარტავს. ამ ვალდებულების შესრულებაზე დამატებითი დეტალური შეთანხმება შედგება, ოღონდ როდის მოხდება ეს, არ არის დაკონკრეტებული.[108]
შეთანხმების პირობები არ ეხება მთელ რიგ პრობლემატურ საკითხებს, რომლებიც რისკის ქვეშ აყენებს მშრომელთა უსაფრთხოებას მანგანუმის საბადოზე, მათ შორის სამუშაო საათების ხანგრძლივობას, საწარმოო მიზნების ზეწოლას, მოთხოვნას, რომ მაღაროელებმა იცხოვრონ საერთო საცხოვრებელში და არ უზრუნველყოფს მაღაროელთა უფლებას, ჰქონდეთ სამართლიანი და ხელსაყრელი სამუშაო პირობები.
განცხადებაში, რომელიც ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე გაეროს სამუშაო ჯგუფმა 2019 წლის აპრილში საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამოაქვეყნა, გამოხატულია შეშფოთება ჭიათურის საბადოზე სამთო-მოპოვებითი საქმიანობის ახალი სისტემით სამუშაო ცვლების ორგანიზების თაობაზე და ასევე იმ ვალდებულებაზე, რომლის თანახმადაც დასაქმებულებმა სპეციალური ნებართვა უნდა მოიპოვონ საერთო საცხოვრებლიდან გასასვლელად. სამუშაო ჯგუფის შეფასებით, „ამგვარი პრაქტიკა არ შეესაბამება შრომის საერთაშორისო სტანდარტებს.“[109]
საწარმოო ზეწოლა
„ტანზე ოფლი შეშრობას ვერ ასწრებს. ოფლი თუ შეგაშრა, კვოტას ვერ შეასრულებ“.
- ლევანი, მიწისქვეშა სამთო მუშა ჭიათურის მანგანუმის საბადოზე.[110]
51 წლის ზაზა, რომელიც 33 წელი მუშაობდა ძველი სისტემის მანგანუმის მაღაროში, წარმოების დაწესებული გეგმის შესრულებისთვის ზეწოლას აბრალებს იმ მძიმე დაზიანებას, რომელიც 2014 წლის ივლისში მიიღო. მან საბურღი აპარატის გაუმართაობა შენიშნა და ზედამხედველს აცნობა, მაგრამ მას მუშაობის გაგრძელება მოსთხოვეს. ზაზას თქმით, ბურღის შეკეთებას რამდენიმე საათი დასჭირდებოდა, ზედამხედველს კი სამუშაოს შეჩერება არ უნდოდა. როდესაც საბურღი აპარატის სპირალს ცვლიდა, მეორე მაღაროელს შეთხვევით მოუხვდა ხელი აპარატის ჩამრთველ ღილაკზე და ბურღი ამუშავდა. ზაზას ხელი სპირალზე ედო, რომელიც წუთში 310 ბრუნს აკეთებდა. შედეგად მან ხელი დაკარგა:
ყველამ, მათ შორის წარმოების მენეჯერმა იცოდა, რომ აპარატი გაფუჭებული იყო, მაგრამ მითხრეს, გამეგრძელებინა მუშაობა. მოსასწრები იყო, ვჩქარობდით. ერთი საათიც რომ არ დაეკარგათ, გაუმართავი აპარატის გამოყენება მომთხოვეს... არ ანაღვლებთ, რას აკეთებ; მთავარია, კვოტა შეასრულო.[111]
კომპანიამ სამედიცინო ხარჯები დაფარა და პროფკავშირის თხოვნით, ხელოვნური კიდურის დამზადება უზრუნველყო. ინციდენტის შემეგ კომპანიამ ზაზას სხვა პოზიციაზე დასაქმება შესთავაზა, ნაკლები ხელფასით, რასაც ის დათანხმდა.[112] „ჯორჯიან მანგანეზმა“ მოგვწერა, რომ „ამ საკითხის დეტალების დასაზუსტებლად, მას დამატებითი ინფორმაცია“ დასჭირდებოდა.[113]
„ჯორჯიან მანგანეზის“ სამ მიწისქვეშა მაღაროში 2018 წლის ოქტომბერში ჩატარებული შემოწმების შემდეგ შრომის ინსპექციამ აღნიშნა, რომ მაღაროელებს, რომლებიც ბურღით მუშაობდნენ, არ ჰქონდათ „ინდივიდუალური დაცვის საშუალებები“ და რომ ადმინისტრაციამ ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდებოდა საბურღი და სხვა ტექნიკური აღჭურვილობის ტექნიკური პირობები და მათი უსაფრთხოების შემოწმება.[114]
„ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის მაღაროში ძველი და ახალი სისტემებით მომუშავე მაღაროელებს დღიური და თვიური კვოტები აქვთ შესასრულებელი, რომლებიც იზომება მოპოვებული მანგანუმის ტონაჟით.[115] როგორც ძველი, ასევე ახალი სისტემის მაღაროელების თქმით, ისინი მნიშვნელოვან ზეწოლას განიცდიან ამ კვოტების შესასრულებლად ისეთ დღეებშიც კი, როდესაც ან აღჭურვილობა გამოდის მწყობრიდან ან ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.[116] ამიტომ, მაღაროელებმა სწრაფად უნდა იმუშაონ, რომ შედეგები დადონ.[117] ახალი სისტემის მაღაროელების თქმით, მათ ფინანსური ჯარიმებიც კი ემუქრებათ კვოტის შეუსრულებლობის გამო.[118] Human Rights Watch-მა ახალი სისტემის მაღაროელთან გაფორმებული კონტრაქტის ასლი შეისწავლა, რომლის ერთ-ერთი მუხლის თანახმად, ხელფასი დამოკიდებულია წარმოების მაჩვენებელზე.
ძველი სისტემის მაღაროს ჩამტვირთავი მემანქანე, 50 წლის მალხაზი ჭერის ჩამოქცევის შედეგად დაშავდა 2 წლის წინ, რადგან „კვოტის შესასრულებლად დიდი წნეხის ქვეშ მუშაობდა“ და აღარ მიაქცია „ყურადღება საფრთხის მომასწავებელ ნიშნებს“, როგორებიცაა ხის საყრდენი სტრუქტურების ჭრიალი ან დაბრეცა:
ჭერის ნაწილი თავზე ჩამომექცა... დრო არ მქონდა, ვჩქარობდი და ვერ მივაქციე ყურადღება. ჩემმა უფროსმა მითხრა, რომ კვოტა უნდა შემესრულებინა. სწორედ იმის წინ მითხრა, სანამ ეს მოხდება.[119]
ძველი სისტემით მომუშავე სამმა დასაქმებულმა აღჭურვილობის შესაკეთებლად შემკეთებლები არ გამოიძახა, დრო რომ არ დაეკარგა. მატარებელს მუხრუჭები თუ გაუფუჭდა, 25 წლის ლუკა თვითონ ცდილობს მათ შეკეთებას, შემკეთებლების ლოდინი რომ არ მოუწიოს, რომლებმაც 8 კილომეტრი უნდა გაიარონ მაღაროში შესაკეთებლად.[120] 50 წლის მალხაზის თქმითაც, „თუ რამე გაფუჭდა, მე თვითონ ვცდილობ შეკეთებას; ერთი საათი დასჭირდება შემკეთებლის გამოძახებას და კვოტის შესრულება გამიჭირდება“.[121]
ისეთ დღეებში, როდესაც მაღაროელები კვოტას ვერ ასრულებენ, ცვლის ზედამხედველი მათ ხშირად აფეთქებით გამოწვეული მტვერის გაფანტვამდე სთხოვს, შებრუნდნენ მაღაროში და გააგრძელონ მუშაობა. ორი შვილის მამა, 28 წლის პაატა, რომელიც ახალი სისტემის მაღაროელია, ამბობს, რომ „კვოტების შესასრულებლად ცვლის უფროსები ხშირად არღვევენ უსაფრთხოების წესებს. მაგალითად, აფეთქების შემდეგ ჰაერის გაწმენდას 30-40 წუთი სჭირდება, მაგრამ ჩვენ 10-15 წუთში გვთხოვენ შებრუნებას“.[122]
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, აფეთქების შედეგად გამოიყოფა ჯანმრთელობისთვის საზიანო ტოქსიკური გაზები.[123] „ჯორჯიან მანგანეზმა“ Human Rights Watch-ისთვის გამოგზავნილ წერილში უარყო, რომ მაღაროელებს მაღაროში შებრუნებას ჰაერის გაწმენდამდე სთხოვენ და აღნიშნა, რომ „სამუშაოს განახლება მხოლოდ ვენტილაციის დასრულების შემდეგ ხდება.“[124]
რამდენიმე მაღაროელის თქმით, მათ შესჩივლეს თავიანთ უფროსებს კვოტების თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ. „როგორც კი პირს გააღებ და დაიჩივლებ, იქვე გეუბნებიან, თუ არ მოგწონს, წადიო,“ თქვა 60 წლის ლევანმა, რომელიც 6-სულიან ოჯახში ერთადერთი მარჩენალია.[125] ჩამტვირთავი მემანქანე, 30 წლის რევაზიც ამბობს, რომ „ყველასთან დაიჩივლა, მაგრამ პასუხიც კი არ გასცეს“.[126]
„კვოტები სამუშაოს მიხედვით უნდა იყოს... ყველა მაღაროში განსხვავებული პირობებია და კვოტები რეალისტურად უნდა დაწესდეს იმის მიხედვით, რას მოიპოვებენ რეალურად მაღაროელები,“ თქვა პაატამ.[127]
კითხვაზე, როგორ უზრუნველყოფს კვოტების უსაფრთხოდ შესრულებას, „ჯორჯიან მანგანეზმა“ გვიპასუხა, რომ მოპოვების გეგმებს ადგენენ „სამთო ინჟინრები, გეოლოგები, ფინანსისტები, შრომის და ტექნიკური უსაფრთხოების სპეციალისტები და ა.შ.“ და რომ უსაფრთხოდ შესრულება „უზრუნველყოფილია გეოლოგიური მდგომარეობის შეფასების საფუძველზე... და სამუშაოს შესრულების მუდმივი კონტროლისა და დაცვის გზით“.[128] კომპანიის თქმით, ის ტრენინგებს უტარებს დასაქმებულებს, რომ საფრთხის შემთხვევაში „შეაჩერონ მუშაობა და დაუყოვნებლივ აცნობონ რისკები მენეჯმენტს“.[129]
უამრავი კვლევით დასტურდება, რომ არარეალისტური კვოტები და წარმოების მაჩვენებელზე დამოკიდებული სახელფასო სქემები უსაფრთხოების სტანდარტების უგულებელყოფას იწვევს დასაქმებულთა მხრიდან.[130] გაეროს განვითარების პროგრამის მიერ უკრაინის ქვანახშირის მაღაროებში ჩატარებულმა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასებამ აჩვენა, რომ დასაქმებულთა 25% უგულებელყოფს უსაფრთხოების სტანდარტებს, „რადგან სურთ, მეტი თანხა მიიღონ მუშაობის შედეგებისთვის“.[131] ამ კვლევამ ისიც აჩვენა, რომ „ფულის შოვნის სტიმული, განსაკუთრებით, როდესაც მაღაროელების ანაზღაურება წარმოების მაჩვენებელზეა დამოკიდებული და არა საათობრივ განაკვეთზე“ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს მშრომელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის.[132]
მსგავსი დასკვნები იქნა გამოტანილი მაღაროს ავარიების გამოძიებების შედეგად. კანადაში, უესტრეის ქვანახშირის მაღაროში 1992 წელს მომხდარი ავარიის შესწავლამ, რომელსაც 26 მაღაროელი ემსხვერპლა, დაადგინა, რომ „ანაზღაურების ისეთი სქემა, რომელიც ითვალისწინებს ხელფასზე დანამატს გამომუშავების მიხედვით ხელს არ უწყობდა უსაფრთხოებას“ და ასეთი წახალისების „ადგილი არ არის ისეთ საშიშპირობებიან სამუშაო გარემოში, როგორიც მიწისქვეშა ქვანახშირის შახტია“.[133] დასავლეთ ვირჯინიაში აფერ ბიგ ბრანჩის ქვანახშირის მაღაროში 2011 წელს მომხდარი ავარიის გამოძიებამაც, რომლის შედეგადაც 29 მაღაროელი დაიღუპა და 1 დაშავდა, დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ მაღაროში არ იყო კვოტების სისტემა, „მაღაროელთა უფლება, ჰქონდეთ უსაფრთხო სამუშაო ადგილი, ირღვევა, როდესაც ოპერატორის მიერ საწარმოო ვალდებულების შესრულება უსაფრთხოების ხარჯზე ხდება“.[134]
შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის, თქმით, წარმოების ისეთი ზეწოლა, როგორიცაა კვოტები, არ შედის ინსპექციის მონიტორინგის მანდატში.[135]
მუშაობის ხანგრძლივი საათები
„გვერდით მჯდომ მუშას ჩაეძინა და შემთხვევით დააჭირა თითი სამუშაო აპარატის ჩამრთველ ღილაკს. ისე დავიჭერი, რომ ნეკნები მიჩანდა.“
- მერაბი, მანგანუმის საბადოს მაღაროელი, ჭიათურა.[136]
„რომ შეიძლებოდეს, 24 საათი გვამუშავებდნენ...“
- ლევანი, მანგანუმის საბადოს მაღაროელი, ჭიათურა.[137]
2016 წელს „ჯორჯიან მანგანეზმა“ სამთო-მოპოვებითი საქმიანობის ახალი სისტემა დანერგა, რომელიც ითვალისწინებს მუშაობას 12-საათიან ცვლებში ზედიზედ 15 დღის განმავლობაში და შემდეგ ორკვირიან დასვენებას. ყოველ მეორე თვეს, მაღაროელები იმავე ხანგრძლივობით ღამის ცვლაში მუშაობენ, რაშიც დამატებითი 100 ლარს (დაახლოებით 37 აშშ დოლარს) იღებენ თვეში.[138]
ახალი სისტემის მაღაროებში ყველა დასაქმებულის თქმით, ზედიზედ 2 კვირა ხანგრძლივი საათების განმავლობაში მუშაობით დაღლილობის გამო ყურადღება უდუნდებათ, განსაკუთრებით ღამის ცვლაში მუშაობისას.
„მე-9 ან მე-10 დღეს ყველა დაღლილია, ბევრს მუშაობისას ეძინება, ტრაქტორის მძღოლებსაც კი ეძინებათ. ასეთი სამუშაოს შესრულებისას მუდამ ფხიზლად უნდა იყო,“ გვითხრა 31 წლის მერაბმა, რომელიც ერთი წელია ახალი სისტემით მუშაობს.[139] „ეს ბუნების კანონია,“ დაამატა 31 წლის გიორგიმ, ასევე ახალი სისტემით მომუშავე მუშამ, „რა თქმა უნდა, ძილი გინდება როგორც, მაგალითად, დიდხანს წყალს რომ არ დალევ, მოგწყურდება“.[140]
დასაქმებულებმა საფრთხის მომასწავებელ ისეთ ნიშნებს უნდა მიაქციონ ყურადღება, როგორებიცაა ხის მორების ჭრიალის ხმა ან დაბრეცა, რაც ჭერის ჩამოქცევის სიგნალია და უფრთხილდნენ ქანის ნატეხების მოულოდნელ ცვენას გვირაბებში. მაღაროელები მძიმე დანადგარებს და ასაფეთქებელ ნივთიერებებსაც იყენებენ, მათ შორის საბურღ დანადგარებს, რომლებიც თითო 150 კილოგრამს იწონის და გადასატანად 2 ადამიანი სჭირდება, პნევმატურ ჩაქუჩებს და დინამიტს; მათ არასწორმა მოხმარებამ შეიძლება უბედური შემთხვევა გამოიწვიოს.
31 წლის მერაბმა გვიამბო, რომ 2 წლის წინ მაღაროში ღამის ცვლაში ზედიზედ მე-14 დღეს მუშაობისას დაშავდა და ღრმა ჭრილობა მიიღო წელის არეში. ეს ინციდენტი დაღლილი კოლეგის მიერ აღჭურვილობის არასწორი მოხმარების გამო მოხდა:
ელექტროხერხის შეკეთებას ვცდილობდი. გვერდით მჯდომ მუშას ჩაეძინა და შემთხვევით დააჭირა თითი ელექტროხერხის ჩამრთველ ღილაკს. ისე დავიჭერი, რომ ნეკნები მიჩანდა. ამის შესახებ არ განვაცხადე, რადგან არ მინდოდა, ჩემი კოლეგა დაეპატიმრებინათ.[141]
28 წლის პაატა, რომელიც ახალ სისტემაში 2 წლის შემდეგ გადავიდა, იხსენებს, როგორ ბეწვზე გადაურჩა ტრაგედიას, როდესაც საბურღი აპარატის მოხმარებისას თითქმის ჩაეძინა:
ეს ღამის ცვლაში ზედიზედ მე-11 დღეს მუშაობისას მოხდა, დილის 4:30 საათზე, შობა ახლოვდებოდა. ბურღვისას თვალები ავტომატურად დამეხუჭა. ასეთ ვითარებაში ადამიანი შეიძლება მოკვდეს. საუკეთესო შემთხვევაში, სამუდამოდ დაინვალიდდეს. ორ წამში თავი დავიჭირე და გონს მოვედი. ყველა ადამიანი იღლება.[142]
ახალი სისტემის ყველა დასაქმებული ამბობს, რომ ბევრად უსაფრთხოდ იქნებოდნენ, ნაკლებ საათს რომ მუშაობდეს. „სამთო მოპოვება, ზოგადად, მძიმე სამუშაოა, სამი საათის მუშაობის შემდეგაც კი იღლები,“ თქვა ერთმა მაღაროელმა, „მაგრამ 8-საათიანი ცვლების დროს ბევრად უსაფრთხოდ ხარ, რადგან ენერგიის აღდგენას ახერხებ და ძალიან არ იღლები“.[143]
კვლევები ადასტურებს მუშაობის ხანგრძლივ საათებსა და ტრავმებს შორის კავშირს. ევროკავშირის დირექტივაში სამუშაო დროის ორგანიზების შესახებ, რომლის განხორციელებაც საქართველოს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით 2022 წლამდე მოეთხოვება, აღნიშნულია, რომ „...ღამე ხანგრძლივი მუშაობა საზიანოა დასაქმებულთა ჯანმრთელობისთვის და ამცირებს უსაფრთხოებას სამუშაო ადგილზე“. მსოფლიოში ჩატარებული 52 კვლევის მიმოხილვაში, რომლებშიც შესწავლილია კავშირი მუშაობის ხანგრძლივ საათებსა და დაავადებებს, ტრავმებს, ჯანმრთელობის მდგომარებას და პროდუქტიულობას შორის, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წერს:
კვლევების შედეგებით გამოვლინდა ფსიქოფიზიოლოგიური ტესტების შესრულების გაუარესების, ასევე ტრავმების მატების კავშირი ხანგრძლივი საათების განმავლობაში მუშაობასთან, განსაკუთრებით ძალიან ხანგრძლივ ცვლებში მუშაობასთან და როდესაც 12-საათიანი ცვლა კომბინირებულია 40 საათზე ხანგრძლივ სამუშაო კვირასთან.
4 კვლევის თანახმად, რომლებიც ხანგრძლივი ცვლების ეფექტებს სწავლობდა, 12-საათიან ცვლაში მუშაობის მე-9 საათიდან აღინიშნება სიფხიზლის დაკარგვა, დაღლილობის მატება, კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება, სამუშაო პროცესისადმი ყურადღების მოდუნება და ასევე, ტრავმების მატება.[144]
სამი პროფკავშირის წარმომადგენლებმა, რომელთა წევრები მაღაროელები არიან, შეშფოთება გამოხატეს ახალი სისტემის თაობაზე. „საქართველოს სამთო მოპოვების მრეწველობის პროფესიონალთა ლიგის“ თავმჯდომარემ, მურმან მუმლაძემ, ახალი სისტემის ისეთი პოზიტიური ასპექტების აღნიშვნასთან ერთად, როგორებიცაა უფასო კვება და შედარებით მაღალი ხელფასები, თქვა, რომ ახალი სისტემა ისეა აგებული, რომ უზრუნველყოს მშრომელების „მაქსიმალური დატვირთვით“ მუშაობა.[145] „12 საათი მიწისქვეშ მუშაობა დაუშვებელია, რადგან როდესაც იღლებიან, მშრომელები მკაფიოდ ვეღარ აზროვნებენ, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ. ასეთ მდგომარეობაში კი, შეცდომებს უშვებენ“, გვითხრა პაატა სამხარაძემ, „ჭიათურის პროფკავშირის“ ხელმძღვანელმა, რომელიც „საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის“ ფილიალია.[146]
სამხარაძემ თქვა, რომ 2019 წლის მარტის მდგომარეობით, მისმა პროფკავშირმა, სულ ცოტა, 10-ჯერ მაინც შესთავაზა ადამიანური რესურსების ხელმძღვანელს და მაღაროს სპეციალურ მენეჯერს სამი ალტერნატიული სამუშაო გრაფიკი, რომლებიც 7 დღიან სამუშაო ცვლას ითვალისწინებდა და წარმოების მოცულობის შეუმცირებლად იძლეოდა უფრო ადეკვატური დასვენების შესაძლებლობას.[147] მისი თქმით, კომპანიამ ყველა ვარიანტი უარყო.[148] ჭიათურის მესამე პროფკავშირის, „მაღაროელთა პროფკავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მერაბ ბაძგარაძემ ისიც თქვა, რომ კომპანიამ უყურადღებოდა დატოვა მაღაროებში მუშაობის ხანგრძლივ საათებთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებსაც მისი პროფკავშირი სისტემატურად აყენებდა.[149] „ჯორჯიან მანგანეზის“ თქმით, „[ახალი] სისტემის დანერგვის პროცესი მოიცავდა ინტენსიურ მოლაპარაკებებს პროფკავშირებსა და დასაქმებულებთან“ და პროფკავშირებს შეუძლიათ მივიდნენ ადგილებზე და შეამოწმონ სამუშაო და საცხოვრებელი პირობები.[150]
გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, რომლის თანახმადაც დასაქმებულებს თითქოს ხანგრძლივ სამუშაო ცვლებში მუშაობა უნდათ, რომ მეტი ხელფასი გამოიმუშაონ, ძველი სისტემის 10-მა მაღაროელმა, რომელთა ხელფასიც 30%-50%-ით ნაკლებია ახალი სისტემის მაღაროელებთან შედარებით, უთხრა Human Rights Watch-ს, რომ 9-საათიანი ცვლები ურჩევნია რეგულარული, ყოველკვირეული დასვენებებით. ჯგუფური ინტერვიუს დროს 5-მა დასაქმებულმა ახალი სისტემის მაღარო ციხეს შეადარა.[151] 2019 წლის თებერვალში, მანგანუმის 2 მაღაროს 300-მდე თანამშრომელმა აქცია მოაწყო კომპანიის გეგმის გასაპროტესტებლად, რომელიც მათ მაღაროებში ახალი სისტემის დანერგვას ითვალისწინებდა.[152] ამ ანგარიშის მომზადების დროს, ეს გეგმა პროტესტის შედეგად გადაიდო.[153]
Human Rights Watch-ის შეკითხვაზე, თუ როგორ ამცირებს ან გეგმავს, შეამციროს ხანგრძლივ სამუშაო ცვლასთან დაკავშირებული უსაფრთხოების და ჯანმრთელობის რისკები, მათ შორის დაღლის რისკი, „ჯორჯიან მანგანეზმა“ მოგვწერა, რომ „კომპანია მუშაობს ტექნოლოგიების შერჩევასა და დანერგვაზე, რომლებიც გააადვილებს შრომას, გააუმჯობესებს სამუშაო პირობებს და ასევე გაზრდის შრომის უსაფრთხოებას,“ და რომ „უწყვეტად ხორციელდება საკონტროლო-პრევენციული ღონისძიებები“. კომპანიამ რაიმე სხვა დამატებითი ინფორმაცია არ მოგვაწოდა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ახალი სისტემის სხვა მაღაროებში დანერგვა დამოკიდებული იქნება აღჭურვილობის და ტექნოლოგიების თაობაზე ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებებზე.[154] შრომის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ უთხრა Human Rights Watch-ს, რომ ინსპექციის მანდატში შედის ყველა რისკის, მათ შორის ხანგრძლივი ცვლების და საწარმოო ზეწოლის შემოწმება, მაგრამ ინსპექციას მხოლოდ სარეკომენდაციო მითითებების გაცემა შეუძლია და არა დაჯარიმება ამ ფაქტორების გამო.[155] შრომის ინსპექციის 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია: „შრომის ინსპექციის მანდატი ამ ეტაპზე შრომით უფლებებზე არ ვრცელდება, მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.“[156] ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ინსპექციამ მიიღო 4 საჩივარი, რომლებიც ეხებოდა „შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების: სამუშაო საათების, ზეგანაკვეთური ანაზღაურების, ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულების გამოყენების წესის დარღვევას“.[157] სუპერმარკეტების ქსელის მფლობელ ერთ-ერთ კომპანიაში შემოწმების შედეგად აღმოჩენილი დარღვევების გამო ამ კომპანიას მიეცა „შესაბამისი რეკომენდაციები“, რომლებიც „კომპანიის მხრიდან იქნა გათვალისწინებული, კერძოდ, მოხდა არსებული სამუშაო გრაფიკის შეცვლა კანონმდებლობით გათვალისწინებული დროის შესაბამისად, ასევე კომპანიამ თანამშრომელთა გარკვეულ კატეგორიას გაუზარდა ხელფასი“.[158]
საერთო საცხოვრებლის სისტემა
„შენი ოჯახი იქვეა, მაგრამ გიწევს შენ სახლს ჩაუარო და გვერდით დაიძინო მარტო, ოჯახის გარეშე....“
- პაატა, ჭიათურის მანგანუმის საბადოს მაღაროელი.[159]
სამთო-მოპოვებითი საქმიანობის ახალი სისტემის მოთხოვნა, რომ მაღაროელებმა 15-დღიანი მუშაობის პერიოდში კომპანიის საერთო საცხოვრებელში იცხოვრონ, შენობაში, რომელიც საბჭოთა დროს მაღაროელების რეკრეაციული სივრცე იყო, გამომდინარეობს იმ მიდგომიდან, რომლის თანახმადაც უპირველესი არის წარმოება; ეს მიდგომა რისკს უქმნის უსაფრთხოებას და ასევე, ზღუდავს მშრომელთა უფლებას ოჯახზე, პირად ცხოვრებასა და თავისუფალ გადაადგილებაზე.
5-მა გამოკითხულმა მაღაროელმა თქვა, რომ მათი ოჯახები ჭიათურაში და მის სიახლოვეს ცხოვრობენ და მათ არ სჭირდებათ კომპანიის საერთო საცხოვრებელი. სხვა ორი მაღაროელისთვის, რომლებიც სხვა ქალაქიდან არიან, ეს სისტემა მისაღებია, რადგან მათ საცხოვრებელი ესაჭიროებათ. „ჯორჯიან მანგანეზმა“ წერილში აღნიშნა, რომ ახალი სისტემით მომუშავე 380 ადამიანიდან 84% (320 დასაქმებული) ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან არის.[160] „ჩემი სახლი უფრო ახლოა მაღაროსთან, ვიდრე საერთო საცხოვრებელი“, გვითხრა ორი შვილის მამამ, 28 წლის პაატამ.[161] „შენი ოჯახი იქვეა, მაგრამ გიწევს შენ სახლს ჩაუარო და გვერდით დაიძინო მარტო, ოჯახის გარეშე.... საერთოდ ვერ ვახერხებ, მონაწილეობა მივიღო ჩემი ბავშვების ცხოვრებაში“.[162] 60 წლის ლევანი განიცდის, რომ ოჯახისგან მოშორებით უწევს ცხოვრება იმავე ქალაქში: „არ მჭირდება არც მაგათი საწოლი და არც საკვები, მაგათგან არაფერი მჭირდება. ეს [საერთო საცხოვრებლის] სისტემა გასაგებია, როდესაც მაღალ მთაში მუშაობ და იქ ცხოვრება გჭირდება, რომ იმუშაო. მაგრამ მე აქ ვცხოვრობ და არ მესმის, რატომ უნდა დავრჩე [საერთო საცხოვრებელში]“.[163]
შვიდი დასაქმებულის თქმით, საერთო საცხოვრებლიდან რომ გავიდნენ ან იქ სტუმარი მიიღონ, საცხოვრებლის ზედამხედველს ნებართვა უნდა სთხოვონ და აღრიცხონ გასვლის და დაბრუნების დრო. „არასამუშაო საათებში ოჯახმა თუ დაგირეკა, მაგალითად, რაღაც გადაუდებელ საჭიროებაზე, უნდა შეაწუხო საერთო საცხოვრებლის ზედამხედველი, რომელმაც უნდა დარეკოს ვიღაცებთან და შესაძლოა, ერთი საათით გაგიშვას“, თქვა პაატამ.[164] ზოგი დასაქმებული ამბობს, რომ ადრინდელთან შედარებით ახლა გასვლა უფრო გამარტივდა და ზედამხედველები ნებას რთავენ, საჭიროების შემთხვევაში გავიდნენ.[165]
სხვების აზრით სისტემა, რომელიც გასვლაზე ნებართვის აღებას ითხოვს, ზღუდავს მათ თავისუფლებას. პაატა, რომელმაც ბავშვის ავადმყოფობის დროს ითხოვა საერთო საცხოვრებლიდან გასვლა, ამბობს, რომ გასვლაზე ნებართვის გადაწყვეტილება ხშირად თვითნებურია: „თუ საცხოვრებლის ზედამხედველი ცუდ გუნებაზეა, ესეც ერთ-ერთი ფაქტორია“.[166]
„ვინმე თუ გარდაიცვალა ან ვინმეს ქორწილია, მხოლოდ მაშინ შეგიძლია გახვიდე საერთო საცხოვრებლიდან. ასეთია წესები“, თქვა 60 წლის ლევანმა, რომელმაც 2 წელი იმუშავა ახალი სისტემით 2019 წლის იანვრამდე.[167] სამი დასაქმებულის თქმით, ისინი გადაუდებელ შემთხვევებშიც კი განიცდიდნენ ზეწოლას, რომ არ გასულიყვნენ საერთო საცხოვრებლიდან, იმის შიშით, რომ „მომთხოვნად და გათამამებულად“ არ გამოჩენილიყვნენ.[168]
„მათ [კომპანიას] უფლება აქვთ, გაფრთხილება მოგცენ და მერე გაგათავისუფლონ... ეს მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული,“ თქვა ერთმა დასაქმებულმა.[169] მეორეს თქმით, „ზედამხედველებმა ცუდ დღეში შეიძლება ჩაგაგდონ, თუ ნახეს, რომ დიდი ხნით იყავი გასული“.[170] „ერთი საათით გასვლა იმდენ ბიუროკრატიას მოითხოვს, რომ ცდილობ, ამას თავი აარიდო“, თქვა პაატამ.[171]
მაღაროელებს არ მიუღიათ საერთო საცხოვრებლის წესები წერილობითი ფორმით, ხოლო ახალი სისტემის კონტრაქტი, რომელიც Human Rights Watch-მა შეისწავლა, არ მოიცავს საერთო საცხოვრებლის წესებს. „ჯორჯიან მანგანეზმა“ საერთო საცხოვრებლის წესების სია წერილით მიაწოდა Human Rights Watch-ს, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, როგორ აცნობენ ამ წესებს დასაქმებულებს.[172]
ორმა მაღაროელმა აღწერა, თუ რა ვითარებაში აუკრძალეს საერთო საცხოვრებლიდან გასვლა. პაატამ ვერ შეძლო დახმარებოდა ოჯახს, როდესაც ამის საჭიროება იყო:
ჩემი 5 წლის ბავშვი ავად იყო და საავადმყოფოში იყო წასაყვანი. მეორე ბავშვი 2 თვის გვყავდა და ჩემი ცოლი ვერ ახერხებდა უფროსი ბავშვის მოვლას. [ასეთი სიტუაციის გამო] ხუთჯერ მჭირდებოდა გასვლა 15 დღის განმავლობაში, მაგრამ მხოლოდ ერთხელ ვითხოვე იმდენად პრობლემური იყო გასვლა.[173]
მერაბს საცხოვრებლის ზედამხედველმა კომენდანტმა არ მისცა გასვლის უფლება, როდესაც მას წამლის ყიდვა სჭირდებოდა ქრონიკული თავის ტკივილის გასაყუჩებლად, რომელიც, მისი თქმით, მაღაროში არასათანადო სამუშაო პირობების გამო განუვითარდა:
ცუდად რომ ვიყავი, არ დამრთეს უფლება, გავსულიყავი იმ წამლის საყიდლად, რომელიც მშველის; ამის ნაცვლად, სხვა, უფრო სუსტი წამალი მომცეს და ცვლაში სამუშაოდ გამიშვეს. ბოლოს მანქანის მძღოლს, რომლითაც მუშები მაღაროში მივყავართ, გაჩერება ვთხოვე და ის წამალი ვიყიდე, რომელიც მჭირდებოდა.[174]
მერაბის თქმით, იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც გასვლის ნებას რთავდნენ, დაბრუნებისას მას დეტალური პასუხები უნდა გაეცა ზედამხედველის შეკითხვებზე, „სად იყო და ვისთან ერთად“.[175]
დასაქმებულები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ კონტროლის, მათი აზრით, შეუფერებელი დონის თაობაზე, რომელსაც კომპანია საერთო საცხოვრებლის სისტემის მეშვეობით ახორციელებდა. 60 წლის ლევანის თქმით, რომელიც მიწისქვეშ 41 წელია მუშაობს, „თინეიჯერად“ გრძნობს თავს, როდესაც კომპანიისგან ოჯახის ნახვის უფლებას ითხოვს: „ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსი გვეუბნება, როგორ დავიძინოთ, როგორ ვჭამოთ, რა გავაკეთოთ“.[176] მეორე დასაქმებულის თქმით, „24-საათიანი კონტროლის ქვეშ ვართ. 12 საათს მიწის ქვეშ ვატარებთ მაღაროში, მეორე 12 საათს კი, ტრანსპორტში ან საერთო საცხოვრებელში.“[177]
კომპანიამ Human Rights Watch-ისთვის გამოგზავნილ წერილში განმარტა, რომ ცვლების დროს მაღაროელების საერთო საცხოვრებელში ცხოვრების მოთხოვნის მიზანია „დასაქმებულების შრომისა და დასვენების შესაფერისი პირობების შექმნა. საერთო საცხოვრებელში დასაქმებულები უზრუნველყოფილნი არიან ყველა საცხოვრებელი პირობით და გარანტირებული დასვენებით, რაც სამთო მოპოვების მრეწველობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის“.[178]
კომპანიის მიერ უზრუნველყოფილი უხარისხო საკვები
ახალი სისტემით მომუშავე რამდენიმე დასაქმებულმა აღნიშნა, რომ საერთო საცხოვრებელში საკვები სტანდარტთან შეუსაბამო და დაბალკალორიულია, რაც ხელს არ უწყობს ენერგიის აღდგენას, განსაკუთრებით, ხანგრძლივი სამუშაო ცვლების გათვალისწინებით. კომპანია მუშებს მშრალი საკვების საბაზისო პაკეტებსაც ურიგებს, რომლებიც მათ ცვლაში სამუშაოზე მიაქვთ.[179]
ოთხმა მუშამ უკმაყოფილება გამოხატა საერთო საცხოვრებელში საკვების ხარისხისა და რაოდენობის თაობაზე. ერთ-ერთის თქმით, „ყოველდღე მაკარონს და ბრინჯს გვაჭმევენ. საკვები ძალიან დაბალკალორიულია და არ შეესაბამება იმ შრომას, რასაც ამ სამუშაოში ვდებთ“.[180] ორმა მუშამ თქვა, რომ ხორცი, რომელიც პროტეინის მნიშვნელოვანი წყაროა, კვირაში ერთხელ ან ორჯერ აქვთ და ისიც უხარიხო. 60 წლის ლევანის თქმით ხორცი „წყლიანი“, ხოლო 40 წლის ჯაბას თქმით „მხოლოდ ძვალი და ქონია“.[181]
2019 წლის 15 მაისს გაფიცვა, რომელმაც წარმოება 13 დღით შეაჩერა, თავდაპირველად საერთო საცხოვრებელში საკვების ხარისხის და მოცულობის გამო დაიწყო.[182] „მოგვიტანეს რაღაც, რასაც ჩაშუშულ ხორცს ეძახდნენ. ქონიანი ძვლები იყო და საშინელი სუნი ჰქონდა“, უთხრა ერთმა მუშამ ქართულ მედიას.[183]
მართალია, ახალი სისტემის მაღაროებში ზოგი სამუშაო მექანიზებულია, მაგალითად, მანგანუმის მოპოვება, მაგრამ მუშებს მაინც ყოველდღე უწევთ მძიმე სამუშაოების შესრულება, როგორებიცაა მძიმე აპარატურის ტარება და ხის ბიგებით გამაგრებების მოწყობა. 60 წლის ლევანს „80 კილოგრამიანი საბურღი აპარატის ტარება ზურგით უწევს მაშინ, როდესაც [საკმარისი] საკვებიც კი არა აქვს დღის განმავლობაში“.[184] მისი თქმით, „სახლში რომ ვრჩებოდე, უკეთ დავისვენებდი, ხორცსაც მაშინ შევჭამდი, როცა მომინდებოდა, უფრო ნოყიერი საკვებიც მექნებოდა და ენერგიაც მეტი მექნებოდა“. [185]
უხარისხო საკვების და ხანგრძლივ ცვლებში მუშაობის შედეგები მალე ხდება თვალსაჩინო. „ერთი კვირის მერე უკვე საგრძნობია შედეგები. ხალხი ჯერ წონაში იკლებს, მერე, სახლში 2 კვირა ყოფნისას, იმატებს და შემდეგ, ყველაფერი თავიდან იწყება,“ თქვა მერაბმა.[186]
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში წერია, „დახარჯულ კალორიაზე ნაკლები კალორიის მიღება იწვევს წონაში კლებას, დაღლილობას, პროდუქტიულობის დაქვეითებას და უბედურ შემთხვევებს“.[187]
სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კვლევის თანახმად, სამთო მოპოვება იმ საქმიანობათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა შესრულებისას ყველაზე მეტი ენერგია იხარჯება.[188] ოფისში მუშაობასთან შედარებით, რაც მოითხოვს 1.3 კილოკალორიას წუთში და საშუალოდ, 2000 კილოკალორიას დღეში, სამთო მოპოვების სამუშაო მოითხოვს 5-6 კილოკალორიას წუთში და 3,500 კილოკალორიას დღეში.[189]
Human Rights Watch-ისთვის გამოგზავნილ წერილში „ჯორჯიან მანგანეზი“ აღიარებს, რომ საერთო საცხოვრებელში კვების „პრაქტიკამ აჩვენა, რომ ზოგჯერ შესაძლოა იყოს რაღაც ხარვეზები“. კომპანია მალე დაასრულებს საკვების ახალი მომწოდებლის
შერჩევის პროცესს, „რომელშიც დასაქმებულები აქტიურად არიან ჩართულნი“.[190]
შრომითი უფლებები და უსაფრთხოება ტყიბულის ქვანახშირის საბადოზე სამუშაო ადგილზე ინციდენტების გამომწვევი ძირითადი მიზეზების დასადგენად, Human Rights Watch-ი 16 ქვანახშირის მეშახტეს ესაუბრა ტყიბულში. ჩვენ აღვწერეთ ის ფაქტორები, რომლებიც, მუშების თქმით, რისკს უქმნის მათ უსაფრთხოებას. მანგანუმის მაღაროელების მსგავსად, ქვანახშირის მეშახტეების ნაამბობიც იმაზე მიუთითებდა, რომ კომპანიის ძალისხმევა, გაეზარდა წარმოების მოცულობა უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფის ხარჯზე ხდებოდა. გამოკითხული ცხრა სამთო მუშის და ცვლის უფროსის თქმით, მეთოდი, რომლითაც ქვანახშირს მოიპოვებენ, სარისკოა, მაგრამ ზრდის წარმოების მოცულობას. მათ ისიც თქვეს, რომ წარმოების მაჩვენებლებზე, ანუ მოპოვებული ქვანახშირის მოცულობაზე დამოკიდებული კომპენსაციის სქემით ისეთი კვოტებია დაწესებული, რომ მათი უსაფრთხოდ შესრულება შეუძლებელია; ეს კი მუშებს უბიძგებს, უგულებელყონ უსაფრთხოების ისეთი ზომები, რაც დროს მოითხოვს, მაგალითად, გვირაბის ჭერის გამაგრება. ამ ცხრა დასაქმებულს არაერთხელ დაუყენებია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორებიცაა გამოუყენებელი ორმოს დალუქვა, დამცავი თოკების გამოყენება, მუშები რომ არ გადმოვარდნენ და გაუმართავი აღჭურვილობა, უშუალო ზემდგომებთან, მათ შორის ცვლის უფროსებთან, უსაფრთხოების მენეჯერთან, მთავარ ინჟინერთან და სამთო უბნის ხელმძღვანელთან. თუმცა, მათი თქმით, არც ერთი პრობლემა არ მოგვარებულა. სამი მუშის თქმით, ისინი მომსწრე ყოფილან, როგორ მალავენ კომპანიის თანამშრომლები არასათანადო სამუშაო პრაქტიკის სამხილებს ინსპექციის ჩატარების წინ, მაგალითად, გაუმართავი მუხრუჭების მქონე მატარებლების ისეთ ადგილას დაყენებით, რაც სხვას აფიქრებინებს, რომ ისინი არ გამოიყენება, ანდა გამოუყენებელი ორმოების დაფარვით, რომ არ გამოჩნდეს სამთო მოპოვების საშიში მეთოდის გამოყენება. ამ მუშების თქმით, ეს დროებითი ზომები ინსპექციის შეცდომაში შესაყვანად კეთდებოდა. აპრილში მომხდარ ინციდენტზე შრომის ინსპექციის მოკვლევის ანგარიშში წერია, რომ კომპანიამ არ ჩაატარა შახტებში რისკების შეფასება და არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები პროფესიული უსაფრთხოების უზრუნველ-საყოფად. Human Rights Watch-ისთვის გამოგზავნილ წერილში შპს „საქნახშირმა“, რომელსაც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ფლობს, თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციები დააბანდა ოპერირებასა და უსაფრთხოებაში და სრულად „განაახლა კომპანიის ინფრასტრუქტურა და გააუმჯობესა უსაფრთხოების სისტემები, კომპანიამ ვერ მოიძია პრობლემის გადაჭრის ისეთი ტექნიკური მეთოდი, რაც ქვანახშირის მოპოვებას სრულიად უსაფრთხოს გახდიდა. ავარიებს ძირითადად იწვევეს „ადამიანური შეცდომები და დაუდევრობა“. კომპანიამ ასევე თქვა, რომ 2017 წელს მან შექმნა შრომის და ტექნიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი, „რომელიც ატარებს ობიექტის სრულ ინსპექტირების თვეში რვაჯერ“, აღწერს დარღვევებს და შეიმუშავებს გამოსასწორებელ გეგმას. კვოტებთან დაკავშირებით კომპანია ამბობს, რომ „მიუხედავად [სამუშაო] გეგმისა, უსაფრთხოება ყოველთვის პრიორიტეტი იყო კომპანიაში“. |
სხვა დარღვევები სამუშაო ადგილზე
მანგანუმის და ქვანახშირის საბადოებზე დასაქმებულმა მუშებმა სხვა პრობლემებზეც ისაუბრეს, როგორებიცაა წერილობითი კონტრაქტის ასლების არქონა, ხელფასის დაკლება წარმოების კვოტების შეუსრულებლობისთვის, ასევე, ნამუშევარი საათების არასრულად ანაზღაურება და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების გადაუხდელობა. ამჟამად, შრომის ინსპექცია არ არის უფლებამოსილი, რეაგირება მოახდინოს შრომითი უფლებების ამგვარ დარღვევებზე.
კონტრაქტების ასლების არქონა
„ჯორჯიან მანგანეზის“ იმ 30 თანამშრომლიდან, რომლებსაც გავესაუბრეთ, არც ერთს არ ჰქონდა შრომითი კონტრაქტის ასლი. ზოგს კონტრაქტზე ხელი საერთოდ არ მოუწერია, ზოგს კი მოწერილი აქვს რაღაცაზე, რაც, მათი თქმით, კონტრაქტი იყო, მაგრამ ასლი არ მიუღია. 40 წლის ჯაბამ, ახალი სისტემის მაღაროელმა, გვითხრა, რომ „ხელი მოაწერა რაღაცას, მაგრამ არ წაუკითხავს, რადგან ის კომპანიამ მაშინვე წაიღო“.[191]
თუ დასაქმებულები არ გასცნობიან თავიანთ კონტრაქტებს, ისინი ვერც იმას დაამტკიცებენ, რომ კონტრაქტის პირობები ირღვევა. წერილობითი კონტრაქტის ასლის მიუწოდებლობამ შეიძლება ასევე იმოქმედოს მუშაობის დროს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მდგომარეობაზე. ახალი სისტემის კონტრაქტში, რომლის ნიმუშიც Human Rights Watch-მა მოიპოვა, ჩამოთვლილია ორივე მხარის უფლებები და ვალდებულებები მიწისქვეშ მუშაობისას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით და მოიცავს სამუშაო ვალდებულებების აღწერილობას. დასაქმებულები, რომლებსაც კონტრაქტების ასლები არ მიეწოდათ, ვერ იღებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას ამ საკითხებზე.
2013 წლიდან, საქართველოს კანონმდებლობა ავალდებულებს დამსაქმებლებს, გააფორმონ წერილობითი კონტრაქტები ყველა ადამიანთან, ვინც 3 თვეზე მეტ ხანს ჰყავთ დასაქმებული, თუმცა არ ავალდებულებს, მისცენ კონტრაქტის ასლები, თუ ამას დასაქმებული არ მოითხოვს.[192]
„ჯორჯიან მანგანეზმა“ განაცხადა, რომ „შრომითი კონტრაქტები დასაქმებულებთან იდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.[193]
სამუშაოს ანაზღაურების გადაუხდელობა
მანგანუმის ძველი სისტემის მაღაროელების და ტყიბულის ქვანახშირის მეშახტეების თქმით, ისინი დღეში დამატებით 2-3 საათს მუშაობენ ანაზღაურების გარეშე.
ორივე საბადოს დასაქმებულებმა თქვეს, რომ მათ ხელფასში უთვლიან მოპოვებითი სამუშაოების დროს და არა მიწის ზედაპირიდან მიწისქვეშ ობიექტებზე ტრანსპორტირების, შეკრებებზე დასწრების ან სამუშაო ტანსაცმლის ჩაცმის დროს მაშინაც კი, როდესაც ეს აქტივობები დამქირავებლის მოთხოვნით სრულდება, აუცილებელია სამუშაოს შესასრულებლად და, როგორც ეს მიწისქვეშ ტრანსპორტირების შემთხვევაშია, სახიფათოა მუშებისთვის.[194]
ძველი სისტემით მომუშავე მანგანუმის საბადოს მაღაროელების 2017 და 2018 წლების ხელფასის გადახდის ქვითრებში მითითებულია მაღაროელების მუშაობა 7-8-საათიან ცვლებში.[195] რეალურად კი, 17 მაღაროელის თქმით, ისინი საშუალოდ 10 საათს ატარებენ კომპანიაში, საიდანაც საათნახევარი მიწისქვეშა ობიექტებამდე მატარებლით მგზავრობას სჭირდება. მათ ზოგჯერ მეტი დროის გატარება უწევთ მიწისქვეშ, როდესაც მატარებელს ტექნიკური პრობლემა აქვს ანდა კვოტის შესასრულებლად მუშაობა უნდა გააგრძელონ.[196]
„10 წლის განმავლობაში, რაც აქ ვარ, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება არასდროს განხილულა“, თქვა 30 წლის რევაზმა, რომელიც ჩამტვირთავი მემანქანეა მანგანუმის მაღაროში.[197] მანგანუმის მაღაროს ორმა მუშამ თქვა, რომ შობაზე (ოფიციალური დასვენების დღე საქართველოში) იმუშავა დამატებითი ანაზღაურების გარეშე.[198]
ჩვენ მიერ გამოკითხულ 6 ქვანახშირის მაღაროელს მხოლოდ იმ 6 საათს უნაზღაურებენ, რომლის დროსაც ისინი ქვანახშირის მოპოვების სამუშაოებს ასრულებენ მიუხედავად იმისა, რომ, ჩვეულებრივ, დამატებით 3 საათს მიწის ზედაპირიდან მიწისქვეშ ობიექტებზე ტრანსპორტირებაში ატარებენ.[199] 2 მუშის თქმით, მათ დაგეგმვის შეხვედრებზე დასწრება მოეთხოვებათ, მაგრამ მხოლოდ ქვანახშირის მოპოვებაზე დახარჯული დრო უნაზღაურდებათ.[200] Human Rights Watch-სთვის გამოგზავნილ წერილში შპს „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ „სამუშაო ცვლა 6 საათს შეადგენს“, ხოლო ზეგანაკვეთურ სამუშაო საათებს კომპანია ანაზღაურებს ხელფასის 110%-ის განაკვეთით, ხოლო სპეციალური ბრძანების საფუძველზე, როდესაც უქმე დღეებში ხდება მუშების გამოძახება შესაკეთებელი და უსაფრთხოების სამუშაოების შესასრულებლად, 120-150%-იანი განაკვეთით. წერილში ისიც ეწერა, რომ დღესასწაულებზე მუშაობის ანაზღაურება ზეგანაკვეთური სამუშაოს ტარიფით ხდება ანდა დამატებითი დასვენების დღე ეძლევა.[201]
„ჯორჯიან მანგანეზმა“ გვაცნობა, რომ „სტანდარტულ სამუშაო საათებში არ შედის ტრანსპორტირება საცხოვრებელ ადგილსა და სამუშაოს შორის“, მაგრამ მას არ დაუკონკრეტებია, ხდება თუ არა მიწისქვეშა ობიექტებამდე ტრანსპორტირების დროის ანაზღაურება. მან ასევე გვაცნობა, რომ კომპანია აღრიცხავს გამოცხადებას და სამუშაო საათებს, ხოლო ზეგანაკვეთურ სამუშაოს ანაზღაურებს გაზრდილი განაკვეთით, თუმცა ამ განაკვეთის ოდენობა არ დაუკონკრეტებია.[202]
საქართველოს შრომის კოდექსით ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მუშაობის ის ხანგრძლივობა, რომელიც აღემატება 40 საათს კვირაში, რაც დამატებით უნდა ანაზღაურდეს, თუმცა ამ ანაზღაურების განაკვეთი არ არის ამ კანონით განსაზღვრული.[203] იმ ინდუსტრიებში, სადაც ნორმირებული სამუშაო საათები კვირაში 48 საათს შეადგენს, ზეგანაკვეთური სამუშაოს ათვლა ამ 48 საათის ზევით იწყება.[204] შრომის კოდექსი დღესასწაულებზე მუშაობასაც ზეგანაკვეთურ სამუშაოდ განსაზღვრავს, რომელიც შედარებით მაღალი განაკვეთით უნდა ანაზღაურდეს.
ხელფასის დაქვითვა
მანგანუმის და ქვანახშირის საბადოებში დასქმებულთა ნაამბობიდან ჩანს, რომ კომპანიები მათ რეგულარულად უქვითავენ ხელფასებს მოპოვებული პროდუქციის აწონვის და შეფასების ბუნდოვანი პროცესის ჩატარების შემდეგ.[205]
ახალი სისტემით მომუშავე მანგანუმის მაღაროელების თქმით, „ჯორჯიან მანგანეზი“ უქვითავს მათ ხელფასს, თუ ისინი ვერ ასრულებენ დადგენილ კვოტებს. Human Rights Watch-ის მიერ შესწავლილ ახალი სისტემის კონტრაქტის ნიმუშში წერია, რომ 1,125 ლარის (401 აშშ დოლარი) ოდენობის საბაზისო ხელფასი „შესწორდება 15 სამუშაო ცვლის (12-საათიანი ცვლები) გუნდისთვის წინასწარ განსაზღვრული გეგმის პროცენტული შესრულების პირდაპირპროპორციულად“.[206]
„ჯორჯიან მანგანეზი“ არც მუშებს და არც მათ წარმომადგენლებს არ აძლევს უფლებას, დაესწრონ აწონვის პროცესს მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი გავლენას ახდენს ხელფასების გაანგარიშებაზე იმ მუშებისთვის, რომელთა ხელფასებიც წარმოების მაჩვენებელზეა დამოკიდებული.
60 წლის ლევანი, რომელსაც მაღაროში მუშაობის 41 წლიანი სტაჟი აქვს, ამბობს, რომ ის და სხვები ხშირად სთხოვენ მანგანუმის მაღაროს ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსს და შრომის განყოფილების თანამშრომლებს, რომ სასწორთან დაუშვან, მაგრამ უშედეგოდ.[207]
ლევანს და ახალი სისტემის სხვა მუშებს, რომლებიც ბანკის სესხებს იხდიან, ამას წინათ ხელფასები 10%-20%-ით დააკლეს, როდესაც კვოტა ვერ შეასრულეს.[208]
ახალის სისტემის ერთი მუშის, ძველის სისტემის მუშების და მანგანუმის მადნის სარეცხი საწარმოს მუშების თქმით, ისინი ხელფასის გადახდის ქვითარს ყოველთვიურად იღებენ.[209] თუმცა, ახალი სისტემის 6-მა მუშამ გვითხრა, რომ მათ არ აძლევენ ხელფასის გადახდის ქვითრებს, რომლებიც ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ხელფასების გაანგარიშება. „არასდროს მინახავს ხელფასის გადახდის ქვითარი ამ 2 წლის განმავლობაში, რაც აქ ვმუშაობ“, თქვა 28 წლის პაატამ.[210] „ჯორჯიან მანგანეზი“ კი ამბობს, რომ ხელფასის გადახდის ქვითარი „ყველა თანამშრომელს“ ეძლევა და ის მოიცავს ინფორმაციას „ყველა დანარიცხის, დანამატის და პრივილეგიის, ასევე დაქვითული გადასახადების და სხვა ვალდებულებების შესახებ“. კომპანიის თქმით, დასაქმებულებს შეუძლიათ დარიცხული და დაქვითული თანხების შესახებ დამატებითი განმარტებებისთვის ადამიანური რესურსების განყოფილებას მიმართონ.[211]
კომპანიამ კვოტის შეუსრულებლობისთვის ხელფასის შემცირების პრაქტიკა შეწყვიტა ძველი სისტემის მაღაროებში 2017 წელს, „ჭიათურის პროფკავშირთან“ არაოფიციალური შეთანხმების შემდეგ. „ჭიათურის პროფკავშირის“ თავმჯდომარის პაატა სამხარაძის თანახმად, კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ ხელფასების დაქვითვის ამ პრაქტიკის აღდგენამდე უფრო გამჭვირვალე სისტემა შეიმუშაოს.[212]
ქვანახშირის შახტების მუშების თქმით, კვოტის შეუსრულებლობისთვის მათ ხელფასის 20%-ს უქვითავენ. გარდა ამისა, ხელფასის 10%-ს რეგულარულად აკლებენ მოპოვებული ქვანახშირის დაბალი ხარისხის გამო, მაგალითად, როდესაც ქვანახშირში ქვებია შერეული. Human Rights Watch-თან ჯგუფური ინტერვიუს დროს ოთხმა მუშამ თქვა, რომ არც მათ და არც მათ წარმომადგენლებს არ აძლევენ უფლებას, დაესწრონ ქვანახშირის აწონვის და შეფასების პროცესს.[213] ამ საკითხებთან დაკავშირებით შპს „საქნახშირმა“, ქვანახშირის შახტების ოპერატორმა, განაცხადა, რომ მოპოვებითი, გვირაბის გაყვანის და მექანიზმების შეკეთების სამუშაოების შემსრულებელი თანამშრომლების შრომის ანაზღაურება „მთლიანად არის დამოკიდებული თანამშრომლის შრომის შედეგებზე“ და რომ „ხარისხის კონტროლის სამსახური მონაწილეობს ქვანახშირის წონის და ხარისხის დადგენაში“.[214]
მშრომელებს აქვთ უფლება, იცოდნენ, როგორ ხდება ხელფასების გაანგარიშება. საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, „დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის დასაქმებულს აქვს გადასახდელი“ და ეს დაქვითვა არ უნდა აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების 50%-ს.[215]
III. საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები
ადამიანის უფლებები და შრომის საერთაშორისო სტანდარტები
ადამიანის უფლებების საბაზისო სტანდარტები, რომლებითაც ყველა ადამიანს გარანტირებული აქვს სამართლიანი და უსაფრთხო სამუშაო პირობების, სამუშაო საათების გონივრული შეზღუდვის, სამართლიანი ანაზღაურების, თავისუფალი მიმოსვლის და პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება გაცხადებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში.[216] ამ სტანდარტებს, როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ითვალისწინებს საქართველოს მიერ რატიფიცირებული ხელშეკრულებები, კერძოდ, „საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ და „საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“, ასევე რეგიონული ინსტრუმენტები, როგორებიცაა „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია“ და „ევროპის სოციალური ქარტია“.[217]
საქართველო ასევე მიერთებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა ძირითად კონვენციას, რომლებიც აძლიერებენ მშრომელთა უფლებების დაცვას; მაგრამ ქვეყანაში ჯერ არ არის რატიფიცირებული ის კონვენციები, რომლებიც ავალდებულებს ქვეყანას შრომის კონკრეტული პირობების დაცვას, მათ შორის სამთო-მოპოვებით მრეწველობაში. საქართველოში ასევე არ არის რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია №81 „შრომის ინსპექციის შესახებ“.
„საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებას, ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობები, რაც, მათ შორის, გულისხმობს უსაფრთხო და ჯანსაღი შრომის პირობებს და სამუშაო საათების გონივრულ რაოდენობას. „ევროპის სოციალური ქარტია“ უზრუნველყოფს დამიანის უფლებას, ჰქონდეს უსაფრთხო შრომის პირობები, ყოველკვირეული დასვენების პერიოდი, უქმე დღეების ანაზღაურება და სამართლიანი ანაზღაურება და ავალდებულებს ქვეყნებს, ზედამხედველობა გაუწიონ ამ უფლებების დაცვას შრომის ინსპექციის სისტემის მეშვეობით.[218]
გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტმა თავის 23-ე ზოგად კომენტარში სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების უფლების თაობაზე განაცხადა, რომ:
დასვენება და თავისუფალი დრო, სამუშაო საათების შეზღუდვა, ასევე პერიოდული ანაზღაურებადი შვებულებები ეხმარება დასაქმებულებს, დაიცვან სათანადო ბალანსი პროფესიულ, ოჯახურ და პირად პასუხისმგებლობებს შორის და თავიდან აირიდონ სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესი, უბედური შემთხვევები და ავადმყოფობა.[219]
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია №156 „ოჯახური მოვალეობების მქონე მუშაკთა შესახებ“, რომელიც საქართველოს მიერ ჯერ არ არის რატიფიცირებული, განსაზღვრავს ზომებს, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს ოჯახური მოვალეობების მქონე დასაქმებულებს, განახორციელონ თავიანთი უფლებები „შეძლებისდაგვარად,[220] მათ დასაქმებასა და ოჯახურ მოვალეობებს შორის კონფლიქტის გარეშე“.
„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი უზრუნველყოფს მიმოსვლის თავისუფლებას, მათ შორის საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლებას.[221]
საქართველოს მიერ ჯერ არ არის რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია №155 „პროფესიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისა შესახებ“, არც კონვენცია №176 „მაღაროებში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის“ შესახებ.[222] კონვენცია №155 ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ ისეთი რეგულაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს „იმ უბედური შემთხვევების და ჯანმრთელობის დაზიანებების პრევენციას, რომლებიც გამომდინარეობს სამუშაოს შესრულებიდან, უკავშირდება სამუშაოს შესრულებას ან ხდება მუშაობის დროს, სამუშაო გარემოსთვის დამახასიათებელი რისკ-ფაქტორების შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე შემცირების გზით“.[223] კონვენცია №176 განსაზღვრავს „სათანადო ინსპექტირების სამსახურის“ არსებობის საჭიროებას, რომელიც აღჭურვილია „მოვალეობების შესასრულებლად საჭირო რესურსებით“, რომ ზედამხედველობა გაუწიოს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვას მაღაროებში.[224]
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია №1 „მრეწველობის სფეროში დასაქმებულთა სამუშაო საათების შესახებ“ ადგენს, რომ სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს დღეში და 48 საათს კვირაში. ერთადერთი გამონაკლისი დაიშვება ისეთ სამუშაოზე, რომელიც უწყვეტად სრულდება ცვლების მონაცვლეობის გზით, ოღონდ იმ პირობით, რომ სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს, საშუალოდ, 56 საათს კვირაში და ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ყოველკვირეული დასვენების დღეები უზრუნველყოფილი უნდა იქნეს.[225] თუმცა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციაში აღნიშნულია, რომ ეს ნორმა არ ეხება სამუშაოს ისეთ უწყვეტობას, რომელიც საწარმოს ეკონომიკური მოგების მოსაზრებებიდან გამომდინარეობს, არამედ ეხება მხოლოდ იმ სამუშაოს, რომლის „სპეციფიკა პროცესის უწყვეტობას მოითხოვს“.[226] ყველა სხვა შემთხვევაში, კვირაში 48-საათიანი სამუშაო დროის წესი მოქმედებს.[227]
შრომის სტატისტიკოსთა საერთაშორისო კონფერენციის 1962 წლის რეზოლუციის განმარტებით, რომელიც სამუშაო საათების სტატისტიკას ეხება, „ფაქტობრივად ნამუშევარი საათები“ საწარმოო დროის გარდა მოიცავს დამხმარე აქტივობებზე დახარჯულ დროს, არასაწარმოო დროს წარმოების პროცესში და მოკლე დასვენების დროს.[228]
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია №95 „ხელფასების დაცვის შესახებ“, რომელიც არ არის საქართველოს მიერ რატიფიცირებული, ადგენს, რომ ხელფასების დაქვითვა დასაშვებია მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და მოცულობით და რომ დასაქმებულები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ იმ შემთხვევების და მოცულობების შესახებ, როდესაც და რა ოდენობითაც შესაძლებელია ხელფასების დაკლება.[229] შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაცია №85 „ხელფასების დაცვის შესახებ“ მოითხოვს, რომ ხელფასების დაქვითვა ზარალის ან პროდუქციის დაზიანების გამო ნებადართული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკაფიოდ გამოიკვეთება დასაქმებულის პასუხისმგებლობა ამ ზარალსა თუ დაზიანებაზე, ასეთი დაქვითვის თანხა სამართლიანია და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასაქმებულს მიეცემა სათანადო შესაძლებლობა, განმარტოს მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მოხდეს ხელფასის დაქვითვა.[230] მართალია, ეს რეკომენდაციები უშუალოდ არ ეხება ხელფასის დაქვითვას საწარმოო კვოტის შეუსრულებლობის გამო, მაგრამ ზოგადი პრინციპები, როგორიცაა დასაქმებულების ინფორმირება დასაქვითი თანხის გამოთვლის მეთოდზე, ეხება.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაცია №85 „ხელფასების დაცვის შესახებ“ ადგენს, რომ სახელფასო პირობების შესახებ ინფორმაცია, რომელიც დასაქმებულს უნდა ეცნობოს, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ხელფასიდან დასაქვითი თანხის გამოანგარიშების მეთოდისა და იმ შემთხვევების შესახებ, როცა დაქვითვა ხდება. ხელფასის ყოველი გადახდისას, დასაქმებულებმა უნდა მიიღონ ინფორმაცია დარიცხული ხელფასის ოდენობის შესახებ, იმ დასაქვითი თანხის შესახებ, რომლითაც შესაძლოა შეუმცირდეთ ხელფასი და ხელზე ასაღები ხელფასის ოდენობა.[231]
სოციალური უფლებების ევროპულმა კომიტეტმა ხელფასების დაქვითვასთან დაკავშირებით თქვა, რომ ასეთმა დაქვითვამ არ უნდა დატოვოს დაბალხელფასიანი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები საარსებო საშუალებების გარეშე.[232]
ევროკავშირს რამდენიმე დირექტივა აქვს მიღებული, რომლებიც არეგულირებს მშრომელთა უფლებებს; მათი ეროვნულ კანონში ასახვა საქართველოს მიერ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებაა. 2022 წლისთვის საქართველოს შემოღებული უნდა ჰქონდეს ევროკავშირის 2003/88/EC დირექტივა „სამუშაოს დროის ორგანიზების გარკვეული ასპექტების შესახებ“, რომელიც მოიცავს დებულებებს ყოველკვირეული დასვენების, ღამე მუშაობის, ცვლებში მუშაობის დროს შესვენების და წლიური შვებულების შესახებ, რითიც საქართველოს კანონის მნიშვნელოვანი ხარვეზები აღმოიფხვრება. 2020 წლისთვის ევროკავშირის საბჭოს 91/533/EEC დირექტივის შემოღებაა მოსალოდნელი, რომელიც ავალდებულებს დამსაქმებლებს, წერილობითი ფორმით მიაწოდოს დასაქმებულს ინფორმაცია დასაქმების პირობების შესახებ.[233]
კარგი პრაქტიკა
ზოგი ქვეყანა მკაფიოდ აღიარებს დაღლილობას როგორც რისკს საწარმოო ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის. ავსტრალიის შტატები ავალდებულებს მაღაროების ოპერატორებს, მიიღონ ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის სტრატეგიები, რომლებიც „უნდა მოიცავდეს მუშაობის ისეთ მექანიზმებს, რომლებიც შეძლებისდაგვარად აღმოფხვრის დასაქმებულების დაღლილობას“.[234] გაერთიანებული სამეფოს სამთავრობო უწყება, ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხოების ინსპექცია, რომელიც პასუხისმგებელია სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხოების საკითხების რეგულირებასა და აღსრულებაზე, ასახელებს დაღლილობას, როგორც რისკს, რომლის შეფასებაც სავალდებულოა გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხოების რეგულაციებით.[235]
სახელმძღვანელო პრინციპებში, რომლებიც რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულმა ბანკმა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა - საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ მათ მიერ დაფინანსებული პროექტების დასაქმებულთათვის შეიმუშავეს, დაკონკრეტებულია, რომ წესებმა და რეგულაციებმა „არ უნდა შეზღუდოს დასაქმებულები მათი ფუნდამენტური უფლებების განხორციელებაში. კერძოდ, დასაქმებულთა თავისუფალი გადაადგილება დაცული უნდა იქნეს, თუ ისინი რეალურად ‘მომწყვდეულები’ არ არიან“.[236]
ზოგი ქვეყანა ასევე აღიარებს, რომ დრო, რომელიც სჭირდება მიწისქვეშა ობიექტებამდე ტრანსპორტირებას და სამუშაო ტანსაცმლის ჩაცმას, სამუშაო დროდ ითვლება. საქმეში Tennessee Coal Co. v. Muscoda Local No 123 აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1944 წელს დაადგინა, რომ ქვანახშირის და რკინის საბადოების მაღაროელების მიწისქვეშ ტრანსპორტირების დრო სამუშაო დრო იყო და უნდა ანაზღაურებულიყო, რადგან ეს „წარმოებისთვის აუცილებელი პროცესია“.[237] საქმეში Anderson v. Mt. Clemens Pottery Co აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ ისეთი აქტივობები, როგორიცაა სპეც. ტანსაცმლის ჩაცმა „არის მუშაობა“.[238]
1890-იან და 1900-იან წლებში, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის მქონე ქვეყნებმა, მათ შორის გაერთიანებულმა სამეფომ, ახალმა ზელანდიამ და აშშ-ის რამდენიმე შტატმა მიიღეს მოპოვებული მადნის აწონვის შემმოწმებლის კანონები.[239] ამ კანონების მიხედვით, რომელთა უმეტესობაც კვლავ ძალაშია, მუშებს შეუძლიათ დანიშნონ მოპოვებული მადნის აწონვის პროცესის შემმოწმებელი, რომელსაც დაუშვებენ სასწორთან და ის დააკვირდება და შეამოწმებს, სწორად ხდება თუ არა მოპოვებული პროდუქტის აწონვა.[240]
ადამიანის უფლებების დაცვის კორპორაციული პასუხისმგებლობა
გაეროს „ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპები“ განსაზღვრავს კომპანიების პასუხისმგებლობას, დაიცვან ადამიანის უფლებები, მათ შორის ვალდებულებას, კომპანიებმა „მათი საქმიანობით არ გამოიწვიონ ან ხელი არ შეუწყონ უარყოფით ზეგავლენას ადამიანის უფლებებზე”, ასევე „თავიდან აიცილონ ან შეამცირონ მათი ბიზნეს ურთიერთობების მიერ ადამიანის უფლებებზე ისეთი უარყოფითი ზეგავლენა, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მათ საქმიანობებს, პროდუქტებს ან სერვისებს, მაშინაც კი, როდესაც მათ არ მიუძღვით წვლილი ამ ზეგავლენაში“.[241]
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს საქართველოს, ხელი შეუწყოს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას და წაახალისოს ბიზნესის პასუხისმგებლობის პრაქტიკა, როგორიცაა მთელი რიგი საერთაშორისო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო რეკომენდაციების შედეგად დამკვიდრებული პრაქტიკა და განსაკუთრებით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპები მრავალეროვანი კომპანიებისთვის.[242]
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპები მოიცავს რეკომენდაციებს, რომ კომპანიებმა ჩაატარონ თავიანთი საქმიანობების კომპლექსური შემოწმება, რაც გულისხმობს კომპანიის ოპერირებასთან, პროდუქტებსა თუ მომსახურებასთან დაკავშირებული არსებული და პოტენციური ზეგავლენის განსაზღვრას, შეფასებას და შემცირებას.[243]
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას
- განახორციელეთ შრომითი პოლიტიკის ყოვლისმომცველი რეფორმა, რათა შრომითი კანონმდებლობა შეესაბამებოდეს შრომის საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველოს მიერ ნაკისრ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებს. წინამდებარე ანგარიშში გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზები შეეხება სამუშაო საათების, ყოველკვირეული დასვენების, ღამის საათებში მუშაობის, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების და ოფიციალურ დასვენების დღეებში მუშაობის ანაზღაურების უკეთ რეგულირებას და დასაქმებულებისთვის ხელშეკრულებების ასლების მიწოდებას;
- შექმენით სრულფასოვანი დამოუკიდებელი შრომის ინსპექცია, რომელიც იქნება სათანადო პერსონალით დაკომპლექტებული, მომზადებული და შესაბამისი რესურსებით აღჭურვილი. მას უნდა გააჩნდეს ფართო მანდატი, რომელიც გულისხმობს სამუშაო ადგილის უსაფრთხოებასა და სამუშაო პირობებთან დაკავშირებული ყველა საკითხის შემოწმებას;
- მოახდინეთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „შრომის ინსპექტორატის შესახებ“ 81-ე კონვენციის, „პროფესიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ“ 155-ე კონვენციის და „მაღაროებში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ“ 176-ე კონვენციის რატიფიცირება;
- მოახდინეთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „ყოველკვირეული დასვენების შესახებ“ მე-14 კონვენციის და „მრეწველობის სფეროში დასაქმებულთა სამუშაო საათების შესახებ“ პირველი კონვენციის რატიფიცირება.
საქართველოს პარლამენტს
- დაუყოვნებლივ შეიტანეთ ცვლილებები „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რათა შრომის ინსპექციას მიეცეს შესაძლებლობა, სისტემატურად შეამოწმოს სამუშაო ადგილთან დაკავშირებული ნებისმიერი საფრთხე, მათ შორის, და არა მხოლოდ, სამუშაო საათებთან, დაღლილობასთან და ადეკვატურ დასვენებასა და საწარმოო ზეწოლასთან დაკავშირებული საფრთხეები;
- განახორციელეთ ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში ან/და სხვა შესაბამის სამართლებრივ აქტებსა და რეგულაციებში, რათა შეიქმნას დამოუკიდებელი, სათანადო პერსონალით დაკომპლექტებული და მომზადებული შრომის ინსპექცია ფართო მანდატით, რომელიც გულისხმობს სამუშაო ადგილის უსაფრთხოებასა და სამუშაო პირობებთან დაკავშირებული ყველა საკითხის შემოწმებას;
- უზრუნველყავით, რომ შრომისა და უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმები საკმარისად მკაცრია იმისთვის, რომ შექმნას სტიმული აღნიშნული სტანდარტების დასაცავად, ქცევის შესაცვლელად და მომავალში დარღვევების პრევენციისთვის;
- განახორციელეთ ცვლილებები შრომის კოდექსში და ჩართეთ მასში ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების, ევროპის სოციალური ქარტიისა და სამუშაო დროის შესახებ ევროკავშირის საბჭოს 2003/88 დირექტივის შესაბამისად:
- სულ მცირე 24-საათიანი დასვენების დაწესება ყოველ შვიდდღიან პერიოდში;
- ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათებისთვის, დასვენების დღეებში, შაბათ-კვირას და ღამით მუშაობისთვის ანაზღაურების განაკვეთის დაწესება; ეს განაკვეთი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად, სტანდარტული საათების ანაზღაურების სულ მცირე ერთ მთელს და ერთ მეოთხედს უნდა შეადგენდეს;
- ზეგანაკვეთური საათების იმგვარად შეზღუდვის გათვალისწინება, რომ ეს შეესაბამებოდეს მშრომელთა ადეკვატური დასვენების საჭიროებას;
- სავალდებულო შესვენებების დაწესება ყველა ცვლისათვის, რომელიც ექვს საათზე მეტ ხანს გრძელდება;
- ღამის საათებში მუშაობის შეზღუდვა მაქსიმუმ რვა საათამდე;
- მკაფიო წესების დაწესება ხელფასიდან თანხების დაქვითვასთან დაკავშირებით და დაქვითვის კანონიერი ზღვრის იმგვარად შემცირება, რომ მუშაკებს შეეძლოთ საკუთარი თავის და მათზე დამოკიდებული ადამიანების რჩენა.
- განახორციელეთ ევროკავშირის საბჭოს 9№/533/EEE დირექტივა და შესაბამი-სობაში მოიყვანეთ საკუთარი კანონმდებლობა აღნიშნულ დირექტივასთან, რომელიც ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებას, აცნობოს დასაქმე-ბულებს ხელშეკრულებასთან ან სამუშაო ურთიერთობასთან დაკავშირებული პირობების შესახებ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
- შემოიღეთ რეგულაციები, რომლებიც კომპანიებს მოსთხოვს, იქონიონ გადაღლილობის მართვის პოლიტიკა, და დაავალეთ შრომის ინსპექციას რეგულარულად შეამოწმოს, თუ რამდენად ხელყოფს არსებული სამუშაო საათები სათანადო დასვენებას და შრომით უსაფრთხოებას;
- შემოიღეთ რეგულაციები, რომლებიც კომპანიებს მოსთხოვს, დამოუკიდებლად დაადასტურონ, რომ საწარმოო მიზნები უსაფრთხოდ შეიძლება იქნეს მიღწეული, და შრომის ინსპექციას მიანიჭეთ უფლებამოსილება, შეამოწმოს, თუ როგორ იცავენ კომპანიები ამას პრაქტიკაში;
- შეაგროვეთ და გაასაჯაროეთ მონაცემები სამთო-მოპოვებითი საქმიანობისას მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით და უზრუნველყავით მონაცემების კლასიფიკაცია დამსაქმებლის, რეგიონის და დაზიანებების მიხედვით.
„ჯორჯიან მანგანეზს“
სამთო-მოპოვებითი საქმიანობის ახალ სისტემასთან მიმართებაში:
- მინიმალური ზომის სახით და მუშების ხელფასების შემცირების გარეშე:
- შემოიღეთ ყოველკვირეული, შვიდ დღეში ერთხელ, სულ მცირე 24-საათიანი დასვენება;
- შეზღუდეთ ღამით მუშაობის დრო მაქსიმუმ 8 საათამდე;
- შემოიღეთ სულ მცირე 30 წუთიანი ოფიციალური დასვენებები ყოველი ექვსი სამუშაო საათის შემდეგ;
- ნება მიეცით თანამშრომლებს, თავად აირჩიონ საცხოვრებელი ადგილი ცვლებში მუშაობის დროს, და არ დასაჯოთ ისინი, ვინც არ ისურვებს კომპანიის საერთო საცხოვრებელში დარჩენას;
- უზრუნველყავით, რომ საერთო საცხოვრებელში შესვლისა და იქიდან გასვლის დროზე დაწესებული შეზღუდვები გონივრული და პროპორციული იყოს და მიზნად ისახავდეს საერთო საცხოვრებლის მკვიდრთა ინტერესების დაცვას;
- თანამშრომლებთან და პროფკავშირებთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღეთ გადაღლილობის მართვის გეგმა და უზრუნველყავით, რომ მუშებს ადეკვატური დასვენება ჰქონდეთ;
- მუშებთან, მათ წარმომადგენლებთან და პროფკავშირებთან კონსულტაციით მოახდინეთ საწარმოო გეგმების კორექტირება იმგვარად, რომ თვალსაჩინო იყოს მათი უსაფრთხოდ მიღწევა;
- გამოყავით საკმარისი ბიუჯეტი, რომელიც დააკმაყოფილებს კვების რაციონის მოთხოვნებს მძიმე ფიზიკური დატვირთვის პირობებში, მათ შორის საკმარისი რაოდენობით პროტეინის მიღებას იმ მუშების მიერ, რომლებიც კომპანიის საერთო საცხოვრებელში ყოფნას აირჩევენ;
- ყველა თანამშრომელს გადაეცით წერილობითი ხელშეკრულება, სადაც გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების მოთხოვნები კონკრეტული თანამდებობებისთვის, და ყველა მუშაკისთვის უზრუნველყავით ხელფასის გადახდის ქვითრის ყოველთვიურად მიწოდება.
სამთო მოპოვების ძველ სისტემასთან დაკავშირებით
- სრულად აუნაზღაურეთ მუშებს კომპანიის ტერიტორიაზე ყოფნის დრო, მათ შორის შეხვედრების დაგეგმვაში მონაწილეობის, სამუშაო ტანსაცმლის ჩაცმის, მიწის ზედაპირიდან მიწისქვეშ ობიექტებზე ტრანსპორტირების დრო;
- გაზრდილი განაკვეთით აუნაზღაურეთ თანამშრომლებს კვირაში 48 საათის ზევით ნამუშევარი სამუშაო საათები, აგრეთვე ოფიციალური დასვენების დღეებში ან ღამით ნამუშევარი საათები; სანამ კანონის რეფორმირების დასრულების შემდეგ ეს სავალდებულო გახდება, კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს შრომის ანაზღაურების შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისი განაკვეთის შემოღება, რომელიც სტანდარტული საათებისთვის გადახდილი განაკვეთის არანაკლებ ერთ მთელს და ერთ მეოთხედს შეადგენს;
- ყველა თანამშრომელს გადაეცით წერილობითი ხელშეკრულება, სადაც გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების მოთხოვნები კონკრეტული თანამდებობებისთვის, და ყველა მუშაკისთვის უზრუნველყავით ხელფასის გადახდის ქვითრის ყოველთვიურად მიწოდება, სადაც მითითებული იქნება ნამუშევარი საათების რაოდენობა;
- მუშებთან, მათ წარმომადგენლებთან და პროფკავშირებთან კონსულტაციით მოახდინეთ საწარმოო გეგმების იმგვარად კორექტირება, რომ თვალსაჩინო იყოს მათი მიღწევის უსაფრთხოება; პროფკავშირებთან კონსულტაციით, მიაღწიეთ შეთანხმებას გასულ წლებში გაწეული შრომის რეტროაქტიულად ანაზღაურების მიზნით იმ თანამშრომლებისთვის, ვისაც სრულად არ ეძლეოდა ანაზღაურება ნამუშევარი საათებისთვის.
საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს
- შეცვალეთ წარმოების მაჩვენებელზე დამოკიდებული ხელფასები ფიქსირებული ხელფასებით, საშუალო წლიურ მაჩვენებელზე დაყრდნობით, ყველა მუშაკისთვის, წარმოების მაჩვენებლის მიუხედავად;
- მუშებთან, მათ წარმომადგენლებთან და პროფკავშირებთან კონსულტაციით განახორციელეთ საწარმოო გეგმების იმგვარად კორექტირება, რომ თვალსაჩინო იყოს მათი მიღწევის უსაფრთხოება;
- გააუქმეთ ქვანახშირის დაბალი ხარისხის გამო ხელფასების დაქვითვის პრაქტიკა, როდესაც მეშახტეები სრული სამუშაო დატვირთვით მუშაობენ;
- მუშებს სრულად აუნაზღაურეთ კომპანიის ტერიტორიაზე ყოფნის დრო, მათ შორის შეხვედრების დაგეგმვაში მონაწილეობის, სამუშაო ტანსაცმლის ჩაცმის, მიწის ზედაპირიდან მიწისქვეშ ობიექტებზე ტრანსპორტირების დრო; ყველა ნამუშევარი საათი ხელფასის გადახდის ქვითრებში ასახეთ;
- გაზრდილი განაკვეთით აანაზღაურეთ კვირაში 48 საათის ზევით ნამუშევარი სამუშაო საათები, აგრეთვე ოფიციალური დასვენების დღეებში ან ღამით ნამუშევარი საათები; სანამ კანონის რეფორმირების დასრულების შემდეგ ეს სავალდებულო გახდება, კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს შრომის ანაზღაურების შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისი განაკვეთის შემოღება, რომელიც სტანდარტული საათებისთვის გადახდილი განაკვეთის არანაკლებ ერთ მთელს და ერთ მეოთხედს შეადგენს;
- პროფკავშირებთან კონსულტაციით, მიაღწიეთ შეთანხმებას გასულ წლებში გაწეული შრომის რეტროაქტიულად ანაზღაურების მიზნით იმ თანამშრომლებისთვის, ვისაც სრულად არ ეძლეოდა ანაზღაურება ნამუშევარი საათებისთვის.
ევროკავშირს და აშშ-ის მთავრობას
- გააგრძელეთ საქართველოს აქტიური წახალისება, რათა ქვეყანამ შექმნას სრულფასოვანი შრომითი ინსპექცია, მოახდინოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითადი კონვენციების რატიფიცირება, პრიორიტეტად განსაზღვროს ქვეყნის შრომითი კანონების საერთაშორისო შრომით სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და შეასრულოს ზემოთ ჩამოყალიბებული რეკომენდაციები;
- ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს, რომ 2021 წლიდან ასოცირების განახლებული დღის წესრიგი მოიცავს ახალ პრიორიტეტებს, რომლებიც შესაბამისობაში იქნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან, ევროპის სოციალური ქარტიის დებულებებთან, ევროკავშირის საბჭოს 2003/88 დირექტივასთან სამუშაო დროის შესახებ და საბჭოს 91/533/EEC დირექტივასთან, რომელიც დამსაქმებლებს ავალდებულებს, გასცენ წერილობითი ინფორმაცია დასაქმების პირობების შესახებ.
მადლობის გამოხატვა
კორინა აჟდერი, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ფინბერგის სტიპენდიატი, მთავარი მკვლევარი და ამ ანგარიშის ავტორია. მარლენ აუერი, Human Rights Watch-ის პრაქტიკანტი, დახმარებას უზრუნველყოფდა სამაგიდო კვლევით. ანგარიშის რედაქტირებაზე მუშაობდნენ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი ჯუდით სანდერლენდი, დირექტორის მოადგილე რეიჩელ დენბერი, ასოცირებული დირექტორი გიორგი გოგია და პროგრამის დირექტორის მოადგილე ტომ პორტეუსი. ანგარიშის რედაქტირებაზე ასევე იმუშავეს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების დაცვის განყოფილების მკვლევარმა სარა სადუნმა, და უფროსმა იურისტმა ეიშლინგ რეიდიმ. ანგარიში გამოსაქვეყნებლად მოამზადა ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ადმინისტრაციულმა მენეჯერმა კეთრინ ფილიშვილმა.
Human Rights Watch-ი მადლობას უხდის ქართულ ორგანიზაციებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრსა“ და „სოლიდარობის ცენტრს“ ამ ანგარიშის მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის.
Human Rights Watch-ი ასევე მადლობას უხდის იმ ქართველ მუშებს, რომლებმა ამ ანგარიშისთვის ინტერვიუები მოგვცეს. მათ გარეშე ამ კვლევის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა.