(ბერლინი) - დღეს გამოქვეყნებულ 2013 წლის მსოფლიო ანგარიშში ”Human Rights Watch”-მა განაცხადა, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ უნდა გამოასწოროს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მემკვიდრეობით მიღებული შემაშფოთებელი მდგომარეობა. ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და უფლებების დარღვევის შემთხვევათა გამოძიებისას ხელისუფლებამ არ უნდა გამოიყენოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, უნდა უზრუნველყოს საზოგადოების მხრიდან მისი საქმიანობის მაქსიმალური კონტროლი და პრიორიტეტად უნდა გამოაცხადოს ყველაზე მძიმე დარღვევების გამოძიება.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებით საქართველომ პირველად შეცვალა ხელისუფლება მშვიდობიანი გზით 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ოპოზიციურმა გაერთიანება ,,ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, დაამარცხა პრეზიდენტი სააკაშვილის მმართველი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მოიპოვა უმრავლესობა პარლამენტში და ახალი მთავრობა დააკომპლექტა.
როგორც ჰიუ უილიამსონი, ”Human Rights Watch”-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორი ამბობს: „მიუხედავად უკიდურესად პოლარიზებული წინასაარჩევნო ვითარებისა, ქვეყანამ მაინც მოახერხა სამოქალაქო არეულობის თავიდან აცილება და ყოფილმა ხელისუფლებამ უზრუნველყო ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა, მაგრამ ახალმა მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, რომ მას ძალუძს ადამიანის უფლებათა დაცვა და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება“.
თავის 665 გვერდიან ანგარიშში ”Human Rights Watch”-მა შეაფასა ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული პროგრესი 90-ზე მეტ ქვეყანაში და გააანალიზა არაბული რევოლუციების შედეგები. ხელისუფლებათა მზადყოფნა, დაიცვან ადამიანის უფლებები ნათელს გახდის, თუ რას მოიტანს არაბული ქვეყნების რევოლუციები - ნამდვილ დემოკრატიას თუ ახალ სამოსელში გამოწყობილ ავტორიტარიზმს, განაცხადა ”Human Rights Watch”-მა.
მართალია, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ძირითადად აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს, უნდა ითქვას, რომ წინასაარჩევნო კამპანიას ახასიათებდა ოპოზიციის პარტიული აქტივისტების დევნა და დაშინება. საზოგადოებრივი წესრიგის უმნიშვნელო დარღვევისთვის ხელისუფლება პარტიულ აქტივისტებს იჭერდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საფუძველზე სათანადო სამართლებრივი პროცედურების გარეშე. ადამიანის უფლებათა დარღვევები აგრეთვე მოიცავდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და სასამართლოს არასათანადო დამოუკიდებლობას.
საქართველოს ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ 7 000-ზე მეტი საჩივარი მიიღო წინა ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ათეულობით ყოფილი თანამდებობის პირისა და მათთან დაკავშირებული მოხელის წინააღმდეგ. დღესდღეობით ოცზე მეტი ადამიანია დაკავებული.
უცხოელმა დიპლომატებმა და პოლიტიკოსებმა საჯაროდ გამოთქვეს შეშფოთება, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა და დაპატიმრებები პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ემსგავსება.
”Human Rights Watch”-მა განაცხადა, რომ ახლა, როცა ამ საქმეების სასამართლო განხილვები უნდა დაიწყოს, ახალმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა დაკავებულ პირს ჰქონდეს საპროცესო ნორმებით განსაზღვრული ყველა უფლებით სარგებლობის საშუალება და რომ სასამართლო განხილვა მკაცრად აკმაყოფილებდეს სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო ნორმებს.
წინა ხელისუფლება საზოგადოებას არ აძლევდა საშუალებას, თვალი მიედევნებინა პოლიტიკურად მგრძნობიარე ბევრი საქმის წარმოებისათვის და ამით გააჩინა ეჭვი, რომ ამ საქმეებს პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა.
ჰიუ უილიამსონმა განაცხადა, რომ „ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს სასამართლო განხილვების საჯაროობა. საზოგადოებრივი კონტროლი, რის განხორციელებასაც საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში ნაკისრი ვალდებულებები მოითხოვს, დაეხმარება იმის უზრუნველყოფას, რომ ადამიანის უფლებები დაცული იქნება და, შესაბამისად, საქართველო უახლოესი წარსულიდანაც წინ გადადგამს ნაბიჯს”.
საქართველო როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის, ისე სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მხარეა. ორივე დოკუმენტი წევრი სახელმწიფოებისგან მოითხოვს, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირს ჰქონდეს მისი საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება.
ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს საპატიმროებში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის აღკვეთა. სექტემბერში ქართულმა მედიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ცემისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრები გაავრცელა. ოპოზიციურ ტელეარხზე გავიდა ვიდეომასალა, რომელზეც გლდანის საპატიმროს ადმინისტრაციის თანამშრომლები ახლად მიღებულ პატიმრებს სცემდნენ და ამცირებდნენ. ცოტა ხნის შემდეგ კი მეორე ტელეარხმა ციხის თანამშრომლების მიერ პატიმრების გაუპატიურების კადრები გაავრცელა.
”Human Rights Watch”-მა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ აღნიშნული ფაქტების გამო სრული პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოს, მათ შორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაც, და უზრუნველყოს, რომ მსგავსი ფაქტები არასდროს განმეორდეს.
ხელისუფლებამ უნდა გაატაროს აგრეთვე რეფორმები საქართველოს ადმინისტრაციული პატიმრობის სისტემაში, ნათქვამია ”Human Rights Watch”-ის ანგარიშში. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსი 90-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სისხლისსამართლებრივ სასჯელს უტოლდება, დაკავებული პირები ვერ სარგებლობენ სათანადო საპროცესო ნორმებით. კერძოდ, მათ ხშირად არ აძლევენ საშუალებას, ისარგებლონ საკუთარი არჩეული ადვოკატით და ართმევენ უფლებას ეფექტურ დაცვაზე. ადვოკატებს, რომლებიც იცავენ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიცემულ პირებს, ზოგჯერ სულ 10-15 წუთი აქვთ დაცვის მოსამზადებლად. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულ პირებს ხშირად არც იმის საშუალება ეძლევათ, რომ წარმოადგინონ მტკიცებულებები ან დაცვის მხარის მოწმეები დაკითხონ სასამართლოში.
,,პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა უზრუნველყოს თავისუფლებააღკვეთილ პირთა სათანადო სამართლებრივი დაცვა და მისცეს მათ საშუალება, რომ მათი საქმე სამართლიან სასამართლოზე იქნეს განხილული, მიუხედავად იმისა, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში არიან ისინი მიცემული თუ ადმინისტრაციულში. სანამ ადმინისტრაციული მართლმსაჯულების სისტემა ადამიანებს სათანადო სამართლებრივი პროცედურების უფლებებით არ უზრუნველყოფს, ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებისგან”, - აღნიშნა უილიამსონმა.
სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სასამართლო სისტემის არასათანადო დამოუკიდებლობა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ განხორციელებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მონიტორინგის შედეგები გვიჩვენებს, რომ მოსამართლეებმა დააკმაყოფილეს ბრალდების ყველა შუამდგომლობა, რომელიც მტკიცებულების დასაშვებობას ეხებოდა, და პირიქით, არ დააკმაყოფილეს დაცვის არცერთი შუამდგომლობა, რომლსაც პროკურატურა არ უჭერდა მხარს.
ბევრი ბრალდებული თანხმდებოდა საპროცესო გარიგებას იმ მიზეზით, რომ არ ენდობოდა სასამართლოს, რომელსაც საქმეთა 98%-ში გამამტყუნებელი განაჩენი გამოჰქონდა. შედეგად, საქმეთა 87%-ზე მეტი დასრულდა საპროცესო გარიგებით და ბრალდებულებმა თანხა გადაიხადეს პატიმრობის თავიდან ასაცილებლად. საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთანავე საქმე იხურება და მასალები ხელმიუწვდომელი ხდება საზოგადოებისთვის. ანგარიშის თანახმად, სასამართლო სხდომები დახურული იყო ფოტო-ვიდეო გადაღებისა და აუდიოჩანაწერებისთვის.
”Human Rights Watch”-ი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა განიხილოს სპეციალური მექანიზმის შექმნის საკითხი, როგორიც არის, მაგალითად, სპეციალიზებული უწყება, რომელიც შეისწავლის გასულ წლებში მართლმსაჯულების ხარვეზებს და აღმოფხვრის მათ. ამ უწყებას უნდა მიენიჭოს სისხლის სამართლის კოლეგიებში მართლმსაჯულების ხარვეზების შემთხვევათა შესწავლის უფლებამოსილება და თუ იგი მიიჩნევს, რომ საქმეში სამართლიანი სასამართლოს ნორმები იქნა დარღვეული, უნდა შეეძლოს მისი გადაცემა სააპელაციო სასამართლოსთვის.
,,საქართველოს ახალი ხელისუფლება დიდ ზეწოლას განიცდის, რათა მან უმოკლეს ვადებში შეძლოს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში დაშვებული შეცდომების გამოსწორება, თუმცა, მან ნაჩქარევად არ უნდა იმოქმედოს უფლებათა დარღვევის ხარჯზე”, - აღნიშნა უილიამსონმა.