Skip to main content

საქართველო

2020 წლის მოვლენები

საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რათა გააპროტესტონ საპარლამენტო არჩევნებში სავარაუდო გაყალბების შემთხვევები და მოითხოვონ ხელახალი არჩევნები.

© 2020 წ. „ესოშიეთიდ პრესის“ ფოტო/შახ აივაზოვი

საქართველოში პოლიტიკურმა დაძაბულობამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმატა. გაყალბების ბრალდებების ფონზე მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა შეინარჩუნა, რასაც ოპოზიციამ ახალი მოწვევის პარლამენტის ბოიკოტირებით უპასუხა. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი შეფასებით, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, მაგრამ მისადმი ნდობას „ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები“ ამცირებდა.

პრობლემად რჩებოდა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა. შეშფოთებას იწვევდა მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები, გაუმართლებლად მკაცრი ნარკოპოლიტიკა და ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების დისკრიმინაცია.

პარლამენტმა შრომის კანონმდებლობაში უაღრესად საჭირო ცვლილებები მიიღო, რითაც აღადგინა რიგი შრომითი უფლებები.

კოვიდ-19 და ადამიანის უფლებები

თებერვლის ბოლოს, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, საქართველო მალევე მთლიანად ჩაიკეტა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, აეროპორტები და საზღვრები ჩაიკეტა, ქვეყნის შიგნით  გადაადგილება შეიზღუდა და ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურა, რაც დაახლოებით 600,000 სკოლის მოსწავლეს შეეხო. ხელისუფლებამ კომენდანტის საათი მთელი ქვეყნის მასშტაბით დააწესა, ოთხი უდიდესი ქალაქი ჩაკეტა და პირველი თვეების განმავლობაში ვირუსის გავრცელების შეჩერება შეძლო. პანდემიამ დამანგრეველი ზეგავლენა იქონია ეკონომიკაზე, რომელიც მეორე კვარტალში 16%-ზე მეტით შემცირდა, რამაც უმუშევრობის და სიღარიბის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ამ უმძიმესი შედეგების შესამსუბუქებლად ხელისუფლებამ აპრილში 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა, რომელიც ითვალისწინებდა ინდივიდებისთვის სოციალური დახმარების პაკეტს, ხოლო ბიზნესისთვის საგადასახადო და სხვა შეღავათებს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. ოქტომბერში დანიშნულ არჩევნებამდე 3 თვით ადრე ხელისუფლებამ 132 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებითი ანტიკრიზისული ღონისძიებების გატარების შესახებ განაცხადა, რაც სოციალური დახმარების გაცემასაც მოიცავდა. ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფებმა ხელისუფლების ეს ნაბიჯები „ამომრჩეველთა მოსაზიდ მანიპულაციად“ შეაფასეს.

საგანგებო მდგომარეობა 23 მაისს გაუქმდა. თუმცა, წინა დღეს, კოვიდ-19-ის პანდემიის საბაბით, პარლამენტმა მთავრობას მიანიჭა უფლებამოსილება, შეეზღუდა საკუთრების, ეკონომიკური და შრომითი უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ამ უფლებამოსილების ვადა პარლამენტმა მთავრობას ჯერ 15 ივლისამდე განუსაზღვრა, შემდეგ კი 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივა. ადგილობრივი უფლებადამცველების თქმით, ხელისუფლებისთვის ფართო უფლებამოსილების ასეთი ფორმით, საპარლამენტო კონტროლის გარეშე, მინიჭება ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა.

საპარლამენტო არჩევნები

მართალია, არჩევნებში გამარჯვებით „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო უმრავლესობა შეინარჩუნა, მაგრამ ოპოზიციურმა პარტიებმა შედეგები არ აღიარეს, ვადამდელი არჩევნები მოითხოვეს და ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის, უარს ამბობდნენ ახალი მოწვევის პარლამენტში მოპოვებული ადგილების დაკავებაზე. ეუთო-ს წინასწარი დასკვნით, არჩევნები ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, მაგრამ „მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება“ საარჩევნო პროცესისადმი ნდობას ამცირებდა. ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ამ არჩევნებს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს შორის „ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი“ უწოდეს. მათი თქმით, არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს შორის იყო ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები, კენჭისყრის ფარულობის მრავლობითი დარღვევა და ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევები. არჩევნებზე სავარაუდო დარღვევების გასაპროტესტებლად ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან 8 ნოემბერს შეკრებილი ათეულობით დემონსტრანტის წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა.

2019 წელს დაწყებული მრავალთვიანი პროტესტის და „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ პარლამენტმა შეცვალა შერეული საარჩევნო სისტემა. ამ რეფორმირებული სისტემის მიხედვით საქართველოს 150-წევრიან პარლამენტში შემცირდა მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა, ხოლო პროპორციული წესით ასარჩევ დეპუტატთა რიცხვი 120-მდე გაიზარდა.

გენდერული კვოტირება, რაც საარჩევნო კანონში ივლისში  შეტანილი ცვლილებით დამტკიცდა, პოლიტიკურ პარტიებსა თუ საარჩევნო ბლოკებს ავალდებულებს, რომ პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების  25%-ს ქალები წარმოადგენდნენ.

სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური,“ რომელიც 2018 წელს დამოუკიდებელი უწყების სახით სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიების მიზნით შეიქმნა, 2019 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. აგვისტოს მდგომარეობით, სამსახურში 1,300-ზე მეტი საჩივარი იყო შესული სამართალდამცველების და სხვა ოფიციალური პირების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის თაობაზე. დაწყებული იყო გამოძიება 168 საქმეზე, რომელთა უმეტესობა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხებოდა, თუმცა იყო არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის შემთხვევებიც. იმავე პერიოდში, სახალხო დამცველის ოფისს მიღებული ჰქონდა 68 საჩივარი, რომლებიც პენიტენციური დაწესებულებების და პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ეხებოდა.

სამართალდამცავთა დაუსჯელობის პრობლემა განსაკუთრებით მწვავე იმ შემთხვევებთან მიმართებით რჩებოდა, რომლებიც „სახელმწიფო ინსპექციის სამსახურის“ ამოქმედებამდე იყო ჩადენილი. 2019 წლის ივნისის მოვლენების გამოძიება, როდესაც პოლიციის სპეცრაზმებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ, უმეტესად მიკერძოებულად მიმდინარეობდა. სახალხო დამცველის შეფასებით, რომელიც საქმის წარმოებას აკვირდებოდა, გამოძიება „ორიენტირებულია მხოლოდ რიგითი პოლიციელების დანაშაულებრივი ქმედებების აღმოჩენასა და მათი ცალკეული როლის შეფასებაზე და არ არის მიმართული ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის დადგენაზე.“

მედიის თავისუფლება

თებერვალში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელმა მდუმარე აქცია მოაწყო ტელეკომპანიის ახალი ამბების სტუდიაში, რათა პროტესტი გამოეხატა სარედაქციო პოლიტიკაში ახალი მენეჯმენტის სავარაუდო ჩარევის თაობაზე. მმართველი პარტიის წევრები ღიად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას წინა მენეჯმენტის დროს არსებული სარედაქციო პოლიტიკის მიმართ. მარტში ახალმა  ხელმძღვანელობამ სამსახურიდან გაათავისუფლა მდუმარე პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, მთავარი საინფორმაციო პროგრამის წამყვანი თეონა ბაკურიძე და გათავისუფლების საფუძვლად მაუწყებლის შინაგანაწესის „უხეში დარღვევა“ დაასახელა. „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ დაგმეს ბაკურიძის გათავისუფლება და მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, „შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა“ აჭარის ტელევიზიაზე.

მაისში აჭარის მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა ტოქშოუს წამყვანი და აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი. რეხვიაშვილის გათავისუფლების მიზეზად მისი ფეისბუკ პოსტები დასახელდა, რომელშიც ის კოლეგების მიმართ გამოყენებულ დისციპლინურ ზომებს აკრიტიკებდა. ხელმძღვანელობის მტკიცებით, ეს პოსტები ტელეკომპანიის დისკრედიტაციას ახდენდა. 30 ივლისს ახალმა მენეჯმენტმა კიდევ სამი თანამშრომელი გაათავისუფლა, მათ შორის ალტერნატიული პროფკავშირის ორი აქტიური წევრი, რომელთა ორგანიზებითაც 4 დღით ადრე აქცია მოეწყო სარედაქციო პოლიტიკაში ახალი მენეჯმენტის ჩარევის გასაპროტესტებლად. ისინი სამსახურში მოგვიანებით აღადგინეს, მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიის 280 თანამშრომელმა ასეთი მოთხოვნით შედგენილ პეტიციას მოაწერა ხელი.

ივლისში ოპოზიციურ “მთავარ არხზე” გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სავარაუდო საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო. ამ რეპორტაჟში გამოთქმული იყო ეჭვი, რომ ოფიციალური პირები კოვიდ-19-ის შემთხვევების მონაცემებს აყალბებდნენ და სხვა უკანონო ქმედებებს ჩადიოდნენ. ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ეს გამოძიება გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის სახიფათო პრეცედენტად შეაფასეს, განსაკუთრებით იმ ნეგატიური დამოკიდებულების გათვალისწინებით, რომელსაც ხელისუფლება „მთავარი არხის“ სარედაქციო პოლიტიკის მიმართ ავლენდა.   

ივლისში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „საქართველოს კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, რითიც მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, „კომუნიკაციების კომისიას“, უფლებამოსილება მიენიჭა, დანიშნოს „სპეციალური მმართველი“ ელექტრონული კომუნიკაციების ნებისმიერ იმ კომპანიაში, რომელიც ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილებების შესრულებას. ასეთ „სპეციალურ მმართველს“ კანონი უფლებამოსილებას ანიჭებს, მიიღოს ნებისმიერი მმართველობითი გადაწყვეტილება გარდა კომპანიის აქციების გასხვისებისა. ადგილობრივ ორგანიზაციათა გაერთიანებამ - „მედიის ადვოკატირების კოალიციამ” და „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ ეს კანონი გააკრიტიკეს სამაუწყებლო მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამო. „კომუნიკაციების კომისიის“ თქმით, კანონი მხოლოდ მობილური და ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლებს ეხება და არა მედიას ან მაუწყებლებს.

შრომითი უფლებები

სექტემბერში პარლამენტმა შრომის კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიიღო, რითიც გაფართოვდა „შრომის ინსპექციის“ მანდატი და მან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შრომის სტანდარტის შემოწმება მოიცვა. ცვლილებებით ასევე დარეგულირდა ყოველკვირეული სამუშაო საათები, ზეგანაკვეთური სამუშაო, ღამის ცვლები, სავალდებულო ყოველკვირეული დასვენება და ცვლების დროს შესვენებები.

პრობლემად რჩება სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების და მუშაობის სათანადო პირობები. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მონაცემების თანახმად, წლის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე სამუშაო ადგილებზე 22 ადამიანი დაიღუპა და 110 დაშავდა.

ივნისში ტყიბულში ქვანახშირის მომპოვებელი საწარმოს რამდენიმე ასეულმა თანამშრომელმა საპროტესტო აქცია გამართა მას შემდეგ, რაც 22 მეშახტე რამდენიმე საათით შახტაში ჩარჩა ლიფტის გაუმართაობის გამო. მარტში კი იმავე საწარმოს სამი მეშახტე ჰოსპიტალიზებული იქნა აირით ინტოქსიკაციის გამო.

სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა

ხელისუფლება კვლავ უარს ამბობს ტრანსგენდერი ადამიანების გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაციის გარეშე. გენდერის სამართლებრივი აღიარების არარსებობა სერიოზულ პრობლემებს უქმნის ტრანსგენდერ ადამიანებს  ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ შორის სამუშაოს მოძიებაში.

რამდენიმე შემზარავმა შემთხვევამ აჩვენა, როგორ გააუარესა კოვიდ-19-ით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ტრანსგენდერი ადამიანების ისედაც მძიმე ყოფა, რომელთა უმრავლესობაც არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული. აპრილში ტრანსგენდერმა ქალებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს და მთავრობისგან დახმარება მოითხოვეს, რადგან მათ შემოსავალი და ბინის ქირის გადახდის შესაძლებლობა დაკარგეს. ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სოციალური დახმარების არარსებობისთვის ყურადღების მისაქცევად, 19 წლის ტრანსგენდერმა ქალმა ამ აქციაზე თავის დაწყვა სცადა. ადგილობრივმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს მთავრობის მიერ კოვიდ-19-თან დაკავშირებით შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, რადგან ის უგულებელყოფდა ტრანსგენდერი ქალების და ქვიარ ადამიანების სოციალურ საჭიროებებს, რომელთა უმრავლესობასაც ოჯახების მიერ უარყოფის და სოციალური გაკიცხვის გამო დახმარების ალტერნატიული საშუალება არ გააჩნია.

ნარკოპოლიტიკა

ხელისუფლებამ მკაცრი ანტინარკოტიკული კანონმდებლობა შეინარჩუნა, რომლითაც ადამიანებს ნარკოტიკული ნივთიერების (მარიხუანის გარდა) მოხმარების ან პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის სჯიან.

ივნისში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადამიანის პატიმრობა ნარკოტიკული საშუალების ისეთი მცირე ოდენობით ფლობისთვის, რომელიც ინტოქსიკაციას არ იწვევს. თუმცა, საკანონმდებლო რეფორმა, რომლითაც ნარკოტიკის მოხმარებისადმი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მიდგომები დაინერგებოდა და ძირეულად შეიცვლებოდა არსებული სადამსჯელო პრაქტიკა, კვლავ განუხილველი დარჩა.

საერთაშორისო აქტორები

მარტში მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰარლემ დეზირმა შეშფოთება გამოხატა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული მოვლენების და „სარედაქციო პოლიტიკაში მენეჯმენტის ჩარევის შესახებ ცნობების“ თაობაზე.

მაისში საქართველოში გაერო-ს, ევროკავშირის და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა და 21 ქვეყნის ელჩმა ერთობლივი განცხადებით მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ლგბტ ადამიანების უფლებები როგორც კოვიდ-19-ის  პანდემიის მიმდინარეობის, ასევე მისი დასრულების შემდეგ.

ივლისში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მიესალმა საარჩევნო რეფორმის პაკეტის დამტკიცებას და გამოთქვა წუხილი, რომ საქართველომ არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა სხვა ისეთი საარჩევნო ხარვეზების აღმოსაფხვრელად, როგორებიცაა ამომრჩეველთა დაშინება, საარჩევნო დავების გადაწყვეტა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება.

სექტემბერში ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები  საქართველოში მიესალმნენ შრომის კანონმდებლობის რეფორმის მიღებას და ის ევროკავშირის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს.

სექტემბერში ევროპარლამენტმა დაამტკიცა ანგარიში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების შესახებ, აღნიშნა საქართველოს წინსვლა რეფორმირების გზაზე და მოუწოდა ხელისუფლებას, „თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების“ წარმოებისგან ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, შეცვალოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა და გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების ყველა შემთხვევა.

ოქტომბერში ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები უფრო ადრე დაამტკიცა, ვიდრე ამ ცვლილებების თაობაზე ვენეციის კომისია თავის დასკვნას გამოაქვეყნებდა.

ნოემბერში საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივარი მაიკ პომპეო ეწვია, რათა, სხვა საკითხებთან ერთად, არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, სასამართლო ხელისუფლების მდგომარეობა და აშშ-საქართველოს პარტნიორობა განეხილა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აგრძელებდა ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულებისა და ომის დანაშაულების გამოძიებას, რომლებიც სავარაუდოდ ჩადენილი იქნა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს.