Skip to main content

საქართველო

2018 წლის მოვლენები

პლაკატი „ზრუნვა და არა დასჯა“ საპროტესტო აქციაზე, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გაიმართა თბილისში 2016 წლის 10 დეკემბერს 

© იანა კორბეზელაშვილი, თეთრი ხმაურის მოძრაობისთვის

Keynote

Essays

 
illustration
As China’s Grip Tightens, Global Institutions Gasp

Limiting Beijing’s Influence Over Accountability and Justice

 
illustration
Caught in the Middle

Convincing “Middle Powers” to Fight Autocrats Despite High Costs

 
illustration
Atrocities as the New Normal

Time to Re-Energize the “Never Again” Movement

 
illustration
Breaking the Buzzword

Fighting the “Gender Ideology” Myth

 
illustration
Can Algorithms Save Us from Human Error?

Human Judgment and Responsibility in the Age of Technology

 
illustration
Living Longer, Locked Away

Helping Older People Stay Connected, and at Home

 
201901wr_equatorialguinea_human_rights
Equatorial Guinea

Events of 2018

 
illustration
Social Media’s Moral Reckoning

Changing the Terms of Engagement with Silicon Valley

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პოლიტიკური დებატების მთავარ თემად საქართველოს ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებების დროს ადამიანის უფლებების დარღვევები იქცა. ხელისუფლებამ ნაბიჯები გადადგა სამართალდამცავთა დანაშაულების საგამოძიებო მექანიზმის შესაქმნელად, მაგრამ არ მიანიჭა მას სრული დამოუკიდებლობა. შეშფოთებას იწვევდა გაუმართლებლად მკაცრი ნარკოპოლიტიკა და კანონები, პრობლემები შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების დისკრიმინაცია და მედია პლურალიზმის შეზღუდვის საფრთხეები.

საპრეზიდენტო არჩევნები

ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევდნენ, მეორე ტურით დასრულდა მმართველი პარტიის მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების თანახმად, „კანდიდატებს მიეცათ შესაძლებლობა თავისუფლად წარემართათ საარჩევნო კამპანია, ამომრჩევლებმა კი საკუთარი არჩევანის გაკეთება შეძლეს“, მაგრამ შეინიშნებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები. მეორე ტური ნოემბრის ბოლოს იყო დანიშნული.

პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩადენილ ძალადობაზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა

პრობლემად რჩებოდა სამართალდამცველთა დაუსჯელობა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებისთვის. გამოძიებები, მათი დაწყების შემთხვევაშიც კი, ისეთი მუხლებით მიმდინარეობდა, რომლებიც მსუბუქ, შეუსაბამო სანქციებს ითვალისწინებდა. იშვიათად დგებოდა გამამტყუნებელი განაჩენიც. შესაბამისი ორგანოები მომჩივნებს ხშირად უარს ეუბნებოდნენ მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე, რითიც შესაძლებლობას ართმევდნენ, გასცნობოდნენ გამოძიების მასალებს.

წლის დასაწყისიდან სექტემბრამდე სახალხო დამცველის აპარატში 149 საჩივარი შევიდა ციხის პერსონალის და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე. სახალხო დამცველმა რვა შემთხვევის გამოძიების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას, მაგრამ გამოძიებებს შედეგად არც ერთი სისხლისსამართლებლივი პასუხისმგებლობა არ მოჰყოლია.

ივლისში პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ შესახებ, რომელიც ითვალისწინებს დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად. კანონი პროკურატურას ანიჭებს ამ ორგანოს მიერ გამოძიების ჩატარებაზე ზედამხედველობას, მათ შორის ნებისმიერ საგამოძიებო პროცედურაზე სავალდებულო მითითებების მიცემის ან საგამოძიებო გადაწყვეტილებების შეცვლის უფლებამოსილებას, რაც ამ ორგანოს დამოუკიდებლობის ხარისხს ზღუდავს.

მაისში სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც 2017 წლის დეკემბერში 15 უფროსკლასელის ჩხუბში 16 წლის ორი ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილები ნაწილობრივ გამართლდნენ, მასობრივი პროტესტი მოჰყვა სამართალდამცავთა მიკერძოების წინააღმდეგ. გარდაცვლილთა ოჯახების მტკიცებით, პროკურატურამ განზრახ დამალა და გააყალბა მტკიცებულებები. პროტესტის შედეგად გადადგა მთავარი პროკურორი და შეიქმნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. კომისიის წევრთა უმრავლესობას ოპოზიციონერი პარლამენტარები წარმოადგენდნენ.

კომისიის მიერ სექტემბერში მომზადებული დასკვნის მიხედვით, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც ჩხუბის ორი მონაწილის ნათესავია, ხელი შეუწყო დანაშაულის ზოგიერთი ელემენტის დაფარვას. ალტერნატიული დასკვნა მოამზადეს კომისიის წევრებმა მმართველი პარტიიდან, რომლის თანახმადაც გამოძიების ხარვეზები არ უკავშირდებოდა კონკრეტულ პიროვნებას, არამედ იყო „არსებული ხარვეზიანი საგამოძიებო სისტემის“ შედეგი. ერთ-ერთი გარდაცვლილის მამამ, ზაზა სარალიძემ, მმართველი პარტიის დასკვნა გააკრიტიკა როგორც გამოძიების გამყალბებელთა დაცვის მცდელობა და საპროტესტო აქციები განაახლა. ოქტომბერში სამართალდამცავებმა სარალიძე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მას შემდეგ დააკავეს, რაც მან პოლიციელს, რომელიც პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლაში უშლიდა ხელს, ჯოხი ჩაარტყა. სარალიძეს, რომელიც გირაოთია გამოშვებული, შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარების დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებმა ტერორიზმში სავარაუდო ეჭვმიტანილი 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავების დროს მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარის აფეთქება სცადა. მაჩალიკაშვილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს ამ დაუდასტურებელი ბრალდებას. ისინი ამტკიცებენ, რომ თემირლანს ეძინა, როდესაც ოფიცრები მის ოთახში შევიდნენ და სროლა დაიწყეს. ხელისუფლებამ დაიწყო მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება, რომელიც კვლავ მიმდინარეობდა წინამდებარე ანგარიშის მომზადების დროს. მაჩალიკაშვილების ოჯახს უარი ეთქვა მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე, რითაც ხელისუფლებამ მათი გამოძიების მასალებზე წვდომა შეზღუდა.

მაისში სამდღიანი საპროტესტო აქცია მოჰყვა პოლიციის სავარაუდო ძალადობრივ ქმედებებს დედაქალაქის ორ ღამის კლუბში ანტინარკოტიკული რეიდების ჩატარების დროს. წამყვანმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, კერძოდ, ხალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა, მოამზადეს ანგარიში, სადაც საუბარია პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე იმ დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც ამ კლუბებთან რეიდების გასაპროტესტებლად სპონტანურად შეიკრებნენ და აგრეთვე, მრავალი დემონსტრანტის თვითნებური დაკავების შემთხვევებზე.

დადებით ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა, რომელიც ოჯახური დანაშაულის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის და არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების მონიტორინგს ახორციელებს.

ნარკო პოლიტიკა

მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა შემცირდა, ხელისუფლება განაგრძობდა ზედმეტად მკაცრი ანტინარკოტიკული კანონებით ადამიანთა დასჯას ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ან პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის. ნარკოტიკული დანაშაულები ხშირად ხანგრძლივი პატიმრობით, ზედმეტად მაღალი ჯარიმებითა და სხვა უფლებების შეზღუდვით, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის ან სხვადასხვა ტიპის საქმიანობის განხორციელების უფლების ჩამორთმევით მთავრდება. პოლიციამ ათასობით ადამიანი გადაიყვანა იძულებით ნარკოტესტირებაზე, რისთვისაც მათ ზოგჯერ 12 საათით თვითნებურად აკავებდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ივლისის გადაწყვეტილებასთან კანონმდებლობის ჰარმონიზების მიზნით, რომლითაც გაუქმდა ყველა დარჩენილი პასუხისმგებლობა მარიხუანის მოხმარებისთვის, ხელისუფლებამ წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მარიხუანის მოწევის ლეგალიზებას, მაგრამ აწესებს ჯარიმებს საზოგადოებრივ ადგილებში მოხმარებაზე. ის აგრეთვე აწესებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მარიხუანის არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარებაზე და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს. მარიხუანის შეძენა ან შენახვა დასჯად ქმედებად დარჩა.

შრომითი უფლებები

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თანახმად, 1 აგვისტომდე არსებული მდგომარეობით, 29 მუშა გარდაიცვალა და 24 დაშავდა სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების შედეგად. 11 მათგანი მაღაროში დაიღუპა. მარტში პარლამენტმა მიიღო კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც მაღალი რისკის მქონე ყველა საქმიანობას ეხება. კანონი უფლებამოსილებას აძლევს შრომის ინსპექციას, უბედური შემთხვევის შემდეგ დამქირავებელი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეამოწმოს. თუმცა კანონის თანახმად, შრომის ინსპექციის მანდატი შეზღუდულია მხოლოდ სამუშაო პირობების უსაფრთხოების შემოწმებით და არ მოიცავს შრომის სხვა სტანდარტების ინსპექტირებას. ყველა სხვა შემოწმების ჩატარება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზეა ნებადართული.  

სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა

სახალხო დამცველის თანახმად, ლგბტ თემის წარმომადგენლები ხშირად განიცდიან ძალადობას და დისკრიმინაციას ცხოვრების ყველა სფეროში. საჯარო პირების ჰომოფობიური განცხადებები აძლიერებს საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმულ ჰომოფობიას.

ივნისში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მისი საქმიანობის მიმართ კრიტიკის საპასუხოდ გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე საკუთარი კონსერვატიული პოზიცია გამოხატა, რითიც, სავარაუდოდ, საზოგადოებაში არსებულ ტრანსფობიურ განწყობებზე თამაში სცადა. წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მინისტრის გადადგომა მოითხოვა მართლმსაჯულების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმების, მათ შორის სასამართლო რეფორმის წარუმატებლობის გამო. წულუკიანმა ამ ჯგუფების უკმაყოფილება საჯაროდ ახსნა თავისი უარით, დაერეგისტრირებინა „ის ადამიანი, რომელსაც აქვს მამაკაცის ორგანოები... ქალად“ და პირიქით. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ტრანსგენდერი ადამიანების სქესის სამართლებრივ აღიარებას, თუმცა მათ მოეთხოვებათ, წარადგინონ სქესის შეცვლის ოპერაციის დამადასტურებელი საბუთი.

მედიის თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება

2017 წლის დეკემბერში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რითიც საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებები გაუფართოვა, მათ შორის, მისცა შესაძლებლობა, დამატებითი შემოსავალი მიიღოს ეთერში კომერციული რეკლამის განთავსებით. ეს ნაბიჯი კერძო ტელევიზიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს, რადგან მიიჩნიეს, რომ საჯარო დაფინანსების მქონე ტელევიზიის შესვლა სარეკლამო ბაზარზე, რომელიც შემცირების ტენდენციას აჩვენებს, საფრთხეს შეუქმნიდა მცირე ზომის რეგიონულ მაუწყებლებს და დააზარალებდა მედია პლურალიზმს ქვეყანაში. ამ და სხვა მოსაზრებებით, პრეზიდენტმა ვეტო დაადო ამ კანონპროექტს, მაგრამ პარლამენტმა ის დაძლია.  

დავა საქართველოს ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანიის რუსთავი 2-ის საკუთრების თაობაზე ჯერ არ განუხილავს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ყოფილი მფლობელის განცხადებით, ის აიძულეს, ტელეკომპანია საბაზროზე ნაკლებ ფასად გაეყიდა და ცდილობს, აღიდგინოს თავისი უფლებები. რუსთავი 2-ის ამჟამინდელ მფლობელებს მიაჩნიათ, რომ სასამართლო დავა ხელისუფლების მიერ არის ორკესტრირებული, რათა ხელში ჩაიგდოს ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხი. ამ დავამ მედიაში ხელისუფლების ჩარევის თაობაზე შეშფოთება გააჩინა.

ოქტომბერში ტელეკომპანია „იბერიამ“ მაუწყებლობა შეწყვიტა და მიზეზად დაასახელა ხელისუფლების მცდელობა, დახუროს კრიტიკულად განწყობილი ტელეარხი მისი მფლობელის ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გზით. ტელეკომპანიის მეპატრონის განცხადებით, ხელისუფლებამ მას საგადასახადო დავალიანების მოგვარების სანაცვლოდ არხის დათმობა შესთავაზა. ხელისუფლებამ ეს ბრალდებები უარყო.

ოქტომბერში, რამდენიმე მაღალჩინოსანმა არასამთავრობოების წინააღმდეგ მას შემდეგ გაილაშქრა, რაც 13-მა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა მაღალ ეშელონებში არსებული კორუფციის შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველმა გააკრიტიკა მაღალჩინოსნების განცხადებები.

საერთაშორისო აქტორები

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ პირველ ანგარიშში, რომელიც ნოემბერში იქნა მიღებული, ევროპარლამენტმა შეაქო ქვეყნის წინსვლა, მაგრამ, ამავე დროს, მოუწოდა ხელისუფლებას, დაძლიოს პრობლემები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა შრომითი უფლებები, გარემოს დაცვა და მოწყვლადი ჯგუფებისა და ქალების დისკრიმინაცია.

გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის ანგარიშში ხანდაზმულთა მიერ ადამიანის ყველა უფლების რეალიზების შესახებ, რომელიც ივლისში გამოქვეყნდა, სხვა პრობლემებთან ერთად აღნიშული იყო ხანდაზმულთა „ხშირი“ დისკრიმინაცია შრომის ბაზარზე, გენდერული ძალადობა, ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის პრევენციის პროგრამების არარსებობა, დაბალი პენსიები და სიღარიბე. გაეროს ექსპერტმა მოუწოდა ხელისუფლებას, შეიმუშაოს სტრატეგია დისკრიმინაციის და ეიჯიზმის აღმოსაფხვრელად.

ოქტომბერში, ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ, გაეროს ექსპერტმა სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხებში ვიკტორ მადრიგალ-ბორლოზმა შეაქო ხელისუფლების მცდელობა, აღკვეთოს ლგბტ პირების წინააღმდეგ ძალადობა, მაგრამ, ამავე დროს, მოუწოდა მას გადაჭრას ბულინგის, სექსუალური შევიწროების და საზოგადოებიდან გარიყვის პრობლემა.

ტრეფიკინგის შესახებ აშშ-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, საქართველო აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღკვეთის მინიმალურ სტანდარტებს, მაგრამ კვლავ რჩება სექს-ტრეფიკინგის და სხვა იძულებითი შრომის როგორც წყარო, ისე ტრანზიტული და მიმღები ქვეყანა.

გაერომ, ევროკავშირმა, აშშ-მა და საქართველოს სხვა ორმხრივმა და მრავალმხრივმა პარტნიორებმა განცხადებები გააკეთეს რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით; რამდენიმე განცხადება შეიცავდა მოწოდებას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დასრულებისკენ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აგრძელებდა ომის დანაშაულების და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულების გამოძიებას, რომლებიც სავარაუდოდ ჩადენილი იქნა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდე, ომის დროს და ომის შემდეგ.