2018 წლის აპრილის დასაწყისში მიხეილი, 54 წლის ქართველი მაღაროელი, დილის ცვლის დასაწყებად ემზადებოდა, როდესაც საყვირების ხმა შემოიესმა. მალე შეიტყო, რომ მაღაროში აფეთქებას 6 ადამიანი, მათ შორის მისი ძმის შვილი, 25 წლის პავლე ემსხვერპლა. ამ ტრაგედიის შემდეგ მაღაროში მუშაობა მალევე განახლდა და მიხეილი სამუშაოზე გამოიძახეს.

შვილის ნაამბობის მიხედვით მიხეილი ძალიან შეშინებული იყო და რამდენიმე თვე თითქმის არ სძინებია. ყოველ ღამე დაღუპულები ელანდებოდა და შიშობდა, რომ შემდეგი მსხვერპლი თავად იქნებოდა. ივლისის ერთ საღამოს თავისი შიში სხვა თანამშრომლებს ერთ-ერთი მაღაროელის ბინის სამზარეულოში გაუზიარა: უთხრა, რომ მაღაროში მუშაობა აღარ სურდა. თუმცა, მეორე დილას სამსახურში მაინც გამოცხადდა და მაღაროში ჩავიდა - იმ დღეს მიხეილი სამ სხვა მაღაროელთან ერთად დაიღუპა.  

ქვანახშირის მაღაროში გასულ წელს მომხდარი უბედური შემთხვევების მიმდინარე გამოძიებები ამ ტრაგედიებიდან დასკვნების გამოტანის და გადარჩენილთა ოჯახებისთვის სამართლიანობის უზრუნველყოფის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, ქვეყანაში მშრომელთა უსაფრთხოების დასაცავად მეტის გაკეთებაა საჭირო.

კანონი ბევრ საკითხს არ ითვალისწინებს

ამ კვირას შრომის უსაფრთხოების კანონში მიღებული ცვლილებები მისასალმებელი რეაგირებაა იმ საშინელ ტრაგედიებზე, რომლებმაც მიხეილისა და ბევრი სხვა მუშის სიცოცხლე შეიწირა. მაგრამ ეს ცვლილებები სრულად სექტემბრამდე არ ამოქმედდება და ისინი ბევრ საკითხს არ ითვალისწინებს.

ზემოაღნიშნული ცვლილებები აფართოვებს შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების ფარგლებს და  ანიჭებს ინსპექტორებს უფლებას, დაუბრკოლებლად და შეუზღუდავად შევიდნენ ნებისმიერ კომპანიაში შემოწმების ჩატარების მიზნით, ასევე  გასცენ სავალდებულო  რეკომენდაციები და დააკისრონ ჯარიმები. თუმცა კანონი შრომის უსაფრთხოებას „ვიწროდ“ განმარტავს.

მაგალითად, ინსპექტორს შეუძლია, შეამოწმოს, გამართულად მუშაობს თუ არა შახტში ვენტილაციის სისტემა, მაგრამ ვერ შეამოწმებს, ადეკვატურია თუ არა სამუშაო საათების ან დასვენების საათების რაოდენობა. მას შეუძლია შეამოწმოს, წესრიგშია თუ არა მატარებლის მუხრუჭები, მაგრამ ვერ შეამოწმებს, რა რისკის გაწევა უწევთ მშრომელებს წარმოების მიზნების მისაღწევად.

სამართლიანი სამუშაო პირობები და შრომის უფლებების დაცვა უმნიშვნელოვანესია მშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ისეთი მომეტებული საფრთხის შემცველ  სამუშაო ადგილებზე, როგორიცაა მაღაროები. 2000-იანი წლების შუაში განხორციელებულმა დერეგულაციამ შეასუსტა საქართველოში მშრომელთა უფლებების დაცვა. ეს მდგომარეობა ვერც მომდევნო წლებში შემოღებულმა რეგულაციებმა გააუმჯობესა. საქართველოს კანონმდებლობა კვლავ არასაკმარისად არეგულირებს მუშაობის და შესვენების საათების, ყოველკვირეული დასვენების დღეების, ღამის ცვლის, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების და სხვა საკითხებს.

დეკემბერში, ერთ-ერთი მაღაროს თანამშრომლებმა მითხრეს, რომ მიწის ქვეშ 12 საათი მუშაობენ 15 დღე შესვენების გარეშე. ორ თვეში ერთხელ ამ სამუშაოს იმავე განრიგით ღამის ცვლაში ასრულებენ. ამის შემდეგ მშრომელებს ორკვირიანი დასვენება ეძლევათ. ეს სისტემა კომპანიის წარმოების ტემპს კი აჩქარებს, მაგრამ, მუშების თქმით, ასეთი გრაფიკი მათ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.

მშრომელები ყურადღებით უნდა იყვნენ უსაფრთხოების რისკების მიმართ, მაგალითად, ხის საყრდენი ბოძების ჭრიალის ან გაღუნვის მიმართ, რაც ჭერის ჩამონგრევის მომასწავებელი შეიძლება იყოს. „როდესაც მშრომელები გადაქანცულები არიან, უჭირთ მკაფიოდ აზროვნება, სწორი გადაწყვეტილების მიღება და შეიძლება შეცდომა დაუშვან,“ ამბობს ერთი მუშა. „მეცხრე თუ მეათე ღამეს ყველა გადაქანცულია და ბევრს ეძინება, ტრაქტორის მძღოლებსაც კი ეძინებათ,“ ამბობს მეორე მუშა. შარშან მან ღრმა ჭრილობა მიიღო წელის არეში იმის გამო, რომ მისმა გადაქანცულმა კოლეგამ შემთხვევით ელექტროხერხი აამუშავა.

უბედური შემთხვევების ზრდა

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევის თანახმად, 2006 წლიდან სამუშაოს შესრულების დროს დაღუპულთა რაოდენობა 74%-ით გაიზარდა. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს საქართველოში 59 მუშა დაიღუპა. მართალია, შრომის უსაფრთხოების კანონში შეტანილი ცვლილებები სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ისინი მაინც ვერ უზრუნველყოფს შრომის ისეთ ინსპექტირებას საქართველოში, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისი იქნებოდა.

საქართველომ უნდა შექმნას შრომის დამოუკიდებელი ინსპექტორატი სათანადოდ მომზადებული ადეკვატური პერსონალით. ინსპექტორის ოფისს უნდა ჰქონდეს ფართო მანდატი და შეეძლოს უსაფრთხოების და შრომითი უფლებების მთელი სპექტრის შემოწმება. ასევე, საქართველომ შრომის კანონმდებლობა შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან. მანამდე კი, ქვეყანა არ იჩენს საკმარის ძალისხმევას საკუთარი მშრომელების დასაცავად.

 

კორინა აჟდერი გახლავთ ალან რ. და ბარბარა დ. ფინბერგების სტიპენდიატი, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილებაში