(თბილისი) - საქართველოს ნარკო-კანონმდებლობას და მის მკაცრ აღსრულებას მძიმე და გაუმართლებელი ზიანი მოაქვს, ნათქვამია Human Rights Watch-ის ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. არალეგალური ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის სისხლისამართლებრივი დევნა ხშირად ხანგრძლივი პატიმრობით და ზედმეტად მძიმე ჯარიმების დაკისრებით მთავრდება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სხვისთვის არაფერი დაუშავებია და მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით  შეიძინა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

67-გვერდიან ანგარიშში - „სამაგალითო დასჯა: საქართველოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მძიმე ადამიანური შედეგები“ - აღწერილია ზედმეტად მკაცრი ნარკო-კანონმდებლობის და პრაქტიკის გავლენა ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანებსა და მათ ოჯახებზე. Human Rights Watch-ის ანგარიშში დეტალურადაა შესწავლილი თვითნებური სავალდებულო ნარკოტესტირების პრაქტიკა, იძულებითი საპროცესო შეთანხმებები და დამატებითი, ავტომატურად გამოყენებული სასჯელები, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ჩამორთმევა, ან მთელი რიგი პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლების აკრძალვა, რაც ბევრ ადამიანს საარსებო შემოსავლის მოპოვების შესაძლებლობას უზღუდავს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ლიბერალიზაციისაკენ, არსებული კანონმდებლობა მაინც ზედმეტად მკაცრია.

„საქართველოში ყოველწლიურად ათასობით ადამიანს თვითნებურად ეზღუდება თავისუფლება იძულებითი ნარკოტესტირების დროს, რის შემდეგაც ისინი შესაძლოა სისხლის სამართლის დამნაშავეებად გამოცხადდნენ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება ან ფლობდნენ მას მცირე ოდენობით, პირადი მოხმარების მიზნით,“ - ამბობს გიორგი გოგია, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი და ამ ანგარიშის ავტორი. „ადამიანების ციხეში გამოკეტვას ნარკოტიკების მოხმარების, ან მცირე ოდენობით შეძენა/შენახვის გამო, უზარმაზარი ზიანი მოაქვს მათთვის და ვერაფრით ეხმარება იმ პირებს, ვისაც მკურნალობის საჭიროება და სურვილი გააჩნიათ.“

ანგარიში ემყარება 85 სიღრმისეულ ინტერვიუს ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებულ ადამიანებთან, მათ ადვოკატებთან და ოჯახის წევრებთან, სოციალურ მუშაკებთან, სათემო ორგანიზაციების ლიდერებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა უფლებადამცველ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

საქართველოში მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ან მოხმარების პირველადი ფაქტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება. ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მცირე ოდენობებს უკანონო ნარკოტიკული საშუალებების თითქმის სამი მეოთხედისთვის, მათ შორის საქართველოში გავრცელებული ისეთი საშუალებებისთვის, როგორებიცაა ამფეტამინი, მეთამფეტამინი და დეზომორფინი. ამ ნივთიერებების უმცირესი ნაწილაკები, მათ შორის შპრიცში აღმოჩენილი ნარჩენიც კი, ავტომატურად ითვლება დიდ ოდენობად და სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით მინიმუმ ხუთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ამ ნივთიერებების 1 გრამზე მეტი კი - „განსაკუთრებით დიდ ოდენობად“ ითვლება და შედეგად, მისი პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას შესაძლოა, სამუდამო პატიმრობაც მოყვეს.

ანგარიშში განხილულ ერთ-ერთ საქმეში, 2016 წელს პოლიციამ 23 წლის კოტე ჯაფარიძე დააკავა 2 გრამი „კლუბური“ ნარკოტიკის - MDMA-ს შენახვისთვის და ბრალი წაუყენა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ  ჯაფარიძეს 20 წლამდე საპატიმრო სასჯელი ემუქრებოდა, მან საპროცესო შეთანხმება გააფორმა პროკურატურასთან და დათანხმდა პირობებს, რომლითაც 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 5 წელი პირობითად ჩაითვალა. ამავდროულად, სასამართლომ მას 25,000 ლარის (დაახლოებით $10,800) ოდენობის ჯარიმაც დააკისრა.  ჯარიმის გადასახდელად აღებული სესხის დაფარვას ჯაფარიძე დიდი გაჭირვებით ახერხებს; მას, აგრეთვე, ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის და სხვადასხვა ტიპის საქმიანობის განხორციელების უფლება 5 წლის ვადით.

„ნარკოტიკი პირადი მოხმარებისთვის შევიძინე. წარმოდგენა არ მქონდა, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ჩავდიოდი. მიუხედავად ამისა, მძიმე ფასის გადახდა მიწევს,“ უთხრა ჯაფარიძემ Human Rights Watch-ს.

ყოველწლიურად პოლიცია თვითნებურად აკავებს ათასობით ადამიანს იძულებითი ნარკოლოგიური ტესტირების ჩატარების მიზნით. საშუალოდ, ტესტირებების მხოლოდ 30% აჩვენებს დადებით შედეგს. ტესტირების დადებით შედეგებს პოლიცია მტკიცებულებად იყენებს ამ ადამიანებზე ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის სანქციების დაკისრებისთვის. ტესტირებაზე ნებაყოფლობით გადაყვანაზე უარის თქმის შემთხვევაში კი სამართალდამცავები უფლებამოსილნი არიან, პირი 12 საათით ჰყავდეთ დაკავებული საექსპერტო დაწესებულებაში. საქართველოს კანონმდებლობით, ტესტირებაზე იძულებით გადაყვანილი პირი ვერ სარგებლობს იგივე უფლებებით, რაც სხვა დაკავებულებს გააჩნიათ, მაგალითად, სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება. ტესტირებაზე გადაყვანის მიზნით დაკავებული პირები დაუცველნი რჩებიან პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის რისკებისგან, ამბობს Human Rights Watch-ი.

საქართველოს კანონმდებლობა ხანგრძლივ მინიმალურ სავალდებულო სასჯელს აწესებს ნარკოდანაშაულებისთვის, ამავდროულად, ამ ტიპის დანაშაულზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების მაჩვენებელი თითქმის 100%-ს აღწევს. შედეგად, ნარკოდანაშაულში ბრალდებულისთვის, ხანგრძლივი პატიმრობის თავიდან აცილების ერთადერთი გზა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაა. ასეთ საპროცესო შეთანხმებებს კი ძალიან დიდი ჯარიმებიც მოყვება, რამაც შეიძლება უმძიმესი ფინასური გავლენა იქონიოს ბრალდებულსა და მის ოჯახზე.

ერთ-ერთ საქმეში, რომელიც Human Rights Watch-მა შეისწავლა, ოჯახმა ბინა დაკარგა, რათა ნარკოდანაშაულისთვის დაწესებული ჯარიმა გადაეხადა.

გარდა არაპროპორციულად მაღალი საპატიმრო სასჯელებისა, ნარკოდანაშაულზე გამამტყუნებელი განაჩენი ასევე ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების, საჯარო სამსახურში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აგრეთვე სხვადასხვა პროფესიული საქმიანობის განხორციელების ავტომატურ შეზღუდვას. აღნიშნული შეზღუდვების ვადა, პატიმრობიდან პირის გათავისუფლების შემდეგ, 3-დან 20 წლამდე შეიძლება მერყეობდეს. ასეთი შეზღუდვები ბევრ ადამიანს საარსებო შემოსავლის გარეშე ტოვებს, ამბობს Human Rights Watch-ი.

საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის პოლიტიკისა და პრაქტიკის ზოგიერთი ყველაზე მკაცრი კომპონენტი 2006 წელს იქნა შემოღებული. 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ ამ პოლიტიკის ნაწილობრივი ლიბერალიზაცია მოახდინა და შეამცირა სისხლის სამართლებრივი სანქციები ნარკოტიკული საშულებების შეძენა-შენახვაზე; ასევე, მიიღო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლითაც ძირითად პრიორიტეტებად საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ნარკოტიკების მოხმარების პრევენცია განისაზღვრა.

ნარკოპოლიტიკის შემდგომ ლიბერალიზაციაზე ასევე დადებითად იმოქმედა საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო დროინდელმა გადაწყვეტილებებმა. მაგალითად, 30 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ყველა სახის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მარიხუანის მოხმარებისთვის.

საქართველოს მთავრობა ნარკომომხმარებლებს უფასოდ სთავაზობს ოპიოიდური დამოკიდებულების მეტადონით ან სუბოქსონით ჩანაცვლებით მკურნალობას და ხანმოკლე დეტოქსიკაციის და რეაბილიტაციის სერვისს. 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ამ პროგრამების დაფინანსება.

Human Rights Watch-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს ნარკოტიკების პირადი მოხმარების და პირადი მოხმარების მიზნით მისი მცირე ოდენობით შეძენა/შენახვის დეკრიმინალიზაცია. ეს ნიშნავს ამ ქმედებებზე ყველა სისხლისსამართლებრივი სასჯელის გაუქმებას.

„სრულიად გასაგებია ბევრი ადამიანის სურვილი, ხელისუფლებამ მოაგვაროს ნარკოტიკების პრობლემური მოხმარების საკითხი, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრის ყველაზე ეფექტიანი გზა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზომებზე ფოკუსირებაა,“ ამბობს გიორგი გოგია. „ნარკოტიკების მოხმარების კრიმინალიზაცია და ნარკომომხმარებლების ციხეში გამოკეტვა ნამდვილად ვერ პასუხობს ამ გამოწვევებს.“