Skip to main content

საქართველო

2019 წლის მოვლენები

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საარჩევნო რეფორმის ჩავარდნას საქართველოს პარლამენტის წინ.

© 2019 გიორგი გოგია/ Human Rights Watch

2019 წელი საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობით და ხანგრძლივი საპროტესტო აქციებით გამოირჩეოდა, რომლებიც საარჩევნო სისტემის რეფორმირების მოთხოვნით იმართებოდა. ივნისში მეტწილად მშვიდობიანი აქციები ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშალა. დაშლისას მრავალი  ადამიანი დაშავდა და ბევრიც დააკავეს. პასუხისმგებლობის პროცესი მეტწილად ცალმხრივად წარიმართა. პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა, ხოლო „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების პირობა დადო, მაგრამ ეს ინიციატივა, მოგვიანებით, კენჭისყრაზე ჩააგდო, რამაც პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა. დემონსტრანტები მოითხოვდნენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და არსებული შერეული საარჩევნო სისტემის შეცვლას, რომელიც მმართველი პარტიისთვის უპირატესად ხელსაყრელია.  

შეშფოთებას იწვევდა სხვა საკითხებიც, მათ შორის შრომის კანონმდებლობის არასაკმარისი რეგულაციები, რაც რისკს უქმნის დასაქმებულთა უსაფრთხოებას; მედიაპლურალიზმის შეზღუდვის საფრთხე; გაუმართლებლად მკაცრი ანტინარკოტიკული კანონმდებლობა; ასევე, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების დისკრიმინაცია.

სამართალდამცავთა დაუსჯელობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე

სამართალდამცავთა დაუსჯელობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. დაფინანსების არქონის მიზეზით ხელისუფლებამ ორჯერ გადადო „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ ამოქმედება, რომელიც სამართალდამცავთა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევების გამოსაძიებლად შეიქმნა 2018 წელს. ამ სამსახურმა ფუნქციონირება 2019 წლის 1 ნოემბერს დაიწყო.

2019 წლის იანვრიდან სექტემბრამდე სახალხო დამცველის აპარატში 54 საჩივარი შევიდა ციხის პერსონალის და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე. სახალხო დამცველმა 52 საჩივრის გამოძიების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას, მაგრამ სისხლისსამართლებლივი დევნა არც ერთ მათგანზე არ დაწყებულა.

20 ივნისის ღამეს პოლიციის სპეცდანიშნულების დანაყოფებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ. ამ პროტესტის მიზეზი პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში რუსეთის სახელმწიფო დუმის დელეგაციის ყოფნა გახდა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმის ფარგლებში ეწვია საქართველოს.

ზოგიერთმა დემონსტრანტმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადა, რა დროსაც პოლიციას აღჭურვილობას ართმევდა და აზიანებდა. სხვა მხრივ პროტესტი მეტწილად არაძალადობრივი იყო. სპეცდანიშნულების დანაყოფებმა, რომლებმაც თავიდან თავშეკავება გამოიჩინეს, შუაღამეს ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და რეზინის ტყვიები დაუშინეს დემონსტრანტებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ისინი მისდევდნენ და აპატიმრებდნენ ხალხს, ვინც შეკრებას ცდილობდა.

240 ადამიანს, მათ შორის 80 პოლიციელსა და 32 ჟურნალისტს დასჭირდა სამედიცინო დახმარება მიღებული დაზიანებების გამო. ბევრი მოქალაქე დაიჭრა რეზინის ტყვიებით თავში, ფეხებსა და ზურგში. ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

პოლიციამ ასობით ადამიანი დააკავა, ხოლო სასამართლომ 121 დემონსტრანტს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 15 დღემდე პატიმრობა მიუსაჯა.

ხელისუფლება პასუხისმგებლობის ცალმხრივად დაკისრებას ცდილობდა. დაიწყო რა გამოძიება მასობრივი არეულობის მოწყობაზე,  სულ ცოტა, 19 ადამიანს წარედგინა ბრალი, რომელთაგან 15 წინასწარ პატიმრობაში რჩებოდა ამ ანგარიშის მომზადების დროს. ოპოზიციონერ პარლამენტარ ნიკა მელიას შინაპატიმრობა შეეფარდა. პროკურატურამ დაზარალებულად 67 პოლიციელი და მხოლოდ 4 მოქალაქე სცნო, რითიც ბევრ დაშავებულ დემონსტრანტს გამოძიების მასალების გაცნობის შესაძლებლობა წაართვა. ნოემბერში, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კრიტიკის შემდეგ, დაზარალებულად კიდევ სამი ადამიანი იქნა ცნობილი.

პროკურატურამ სამ პოლიციელს წარუდგინა ბრალი უფლებამოსილების გადამეტების და დაკავებული დემონსტრანტის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის. სამივე პოლიციელი სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 პოლიციელს გამოუცხადა საყვედური გადაცდომებისთვის, ხოლო 2 საქმე პროკურატურაში გადააგზავნა. პროკურატურამ სახალხო დამცველს მისცა უფლებამოსილება გასცნობოდა სამართალდამცავთა მოქმედებებზე მიმდინარე გომიძიების მასალებს.  

შრომითი უფლებები

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ მონაცემების თანახმად, 2019 წლის იანვრიდან ოქტომბრის ბოლომდე 36 ადამიანი დაიღუპა და 107 დაშავდა სამუშაოს შესრულების დროს. საქართველოს კანონმდებლობა სათანადოდ არ არეგულირებს სამუშაო საათების, შესვენების, ყოველკვირეული დასვენების, ღამის საათებში მუშაობის ხანგრძლივობას და არ უზრუნველყოფს სახელმწიფო ზედამხედველობას შრომის ყველა პირობის შესრულებაზე. არასათანადო რეგულაციების შედეგად დამკვიდრებული სამუშაო პრაქტიკა უპირატესობას საწარმოო მიზნებს ანიჭებს, რაც რისკს უქმნის მშრომელთა უსაფრთხოებას. მაგალითად, მანგანუმის ზოგიერთ მაღაროში მაღაროელები მიწისქვეშ ზედიზედ 15 დღის განმავლობაში 12-საათიან ცვლებში მუშაობენ, მათ შორის ღამით, რაც იწვევს მათ გადაღლილობას და ზრდის უბედური შემთხვევების და დაშავების ალბათობას. მაისში ამ მაღაროების 2,500-მდე მეშახტე 12 დღის განმავლობაში იყო გაფიცული და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების ზრდას ითხოვდა.

შრომის ინსპექციის გასაძლიერებლად და ხარვეზების გამოსასწორებლად, რომლებიც ზეგანაკვეთურ მუშაობას, დასვენებას და სხვა მსგავს საკითხებს ეხება, ხელისუფლებამ საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა. თუმცა ამ ანგარიშის მომზადებისას ცვლილებათა ეს პაკეტი ჯერ კიდევ არ იყო პარლამენტში ინიცირებული.

მედიის თავისუფლება

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ივლისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც არ დადგინდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე მიმდინარე დავაში, რადიკალური ცვლილებები გამოიწვია საქართველოს მედიალანდშაფტში. გადაწყვეტილების შედეგად საქართველოს ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია მის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს, დაუბრუნდა, რომელიც აცხადებდა, რომ 2006 წელს ეს ტელეკომპანია მას იძულებით გააყიდინეს საბაზროზე ნაკლებ ფასად. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სასამართლო პროცესი ხელისუფლების მიერ იყო ორკესტრირებული ამ ოპოზიციური ტელეკომპანიის ხელში ჩასაგდებად.

ხალვაშმა გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა. სალიამ ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაურევლობის პირობა დადო, მაგრამ მალევე საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პროდუსერები და პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანები გაათავისუფლა. სალიამ მიზეზად ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა, რაც ახალი მფლობელის წინააღმდეგ მათი საჯარო განცხადებებით გამოიხატებოდა. ამ ნაბიჯს საინფორმაციო სამსახურის თითქმის მთელი პერსონალის გადადგომა მოჰყვა, რის შედეგადაც რუსთავი 2-ზე ახალი ამბების მაუწყებლობა დროებით შეწყდა.

აგვისტოში, პროკურატურამ გვარამიას „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ ბრალდება წაუყენა. პროკურატურის მტკიცებით, გვარამიამ 2015 წელს თვალთმაქცური ხელშეკრულება გააფორმა ტელეკომპანიაში კომერციული რეკლამის განთავსებაზე, რის შედეგადაც კომპანიამ 7.2 მილიონი ლარი (დაახლოებით 2.5 მილიონი აშშ დოლარი) ვერ მიიღო. სასამართლომ გვარამიას 40,000 ლარის (დაახლოებით 13,500 აშშ დოლარი) გირაო შეუფარდა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა პროკურატურის „დაჩქარებულ“ მოქმედებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა, რომელიც შესაძლოა „მიზნად ოპონენტების და კრიტიკული მედიის დევნას ისახავდეს.“

სექტემბერში გვარამიამ ახალი, ოპოზიციური მაუწყებელი - „მთავარი არხი“ დააარსა და „რუსთავი 2“-ის ბევრი ყოფილი წამყვანი და ჟურნალისტი დაასაქმა.

ხელისუფლებამ ბრალი წარუდგინა ასევე ავთანდილ წერეთელს, კიდევ ერთი დამოუკიდებელი და ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანიის „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამას. პროკურატურა წერეთელს ედავებოდა 2008 წელს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის დახმარებას 17 მილიონ აშშ დოლარის ოდენობის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში“. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს ნაბიჯი „დამოუკიდებელ და კრიტიკულ მაუწყებელზე ზეწოლის“ კიდევ ერთ მცდელობად შეაფასეს.

ანტინარკოტიკული პოლიტიკა

ნარკოტიკულ დანაშაულზე სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობის შემდგომი კლების მიუხედავად, ხელისუფლებამ მკაცრი ანტინარკოტიკული კანონმდებლობა შეინარჩუნა, რომლითაც ადამიანებს ნარკოტიკული ნივთიერების (მარიხუანის გარდა) მოხმარების ან პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის სჯიან. ნარკოტიკული დანაშაულები ხშირად ხანგრძლივი პატიმრობით, უზარმაზარი ჯარიმებით და უფლებების შეზღუდვით, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის ან სხვადასხვა ტიპის საქმიანობის განხორციელების უფლების ჩამორთმევით ისჯება.

საკანონმდებლო რეფორმის პროექტი, რომლითაც ნარკოტიკის მოხმარებისადმი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მიდგომები დაინერგებოდა და სადამსჯელო პრაქტიკა შეიცვლებოდა, კვლავ განუხილავი იყო პარლამენტში ამ ანგარიშის მომზადების დროს.

სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა

პირველად საქართველოს ისტორიაში აქტივისტთა ჯგუფმა „პრაიდის კვირეული“ დაგეგმა 22 ივნისისთვის, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ღონისძიება და „ღირსების მარში“ უნდა ჩატარებულიყო. 31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოქვეყნა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ ეს ღონისძიებები გარეთ ვერ გაიმართებოდა მონაწილე პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო. 14 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას, „არ დაეშვა“ პრაიდის თბილისში ჩატარება, რადგან ეს „ყოვლად მიუღებელი“ იყო. ორი დღის შემდეგ ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, რომლებსაც ულტრაკონსერვატორი ბიზნესმენი ლევან ვასაძე ხელმძღვანელობდა, აქცია მოაწყვეს, რომელზეც ვასაძემ განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ და გეი ადამიანების წინააღმდეგ სახალხო რაზმებს ქმნიდნენ. პოლიციამ ვასაძის განცხადებების გამოძიება დაიწყო. ეს გამოძიება არ იყო დასრულებული ამ ანგარიშის მომზადების მომენტისთვის.

„პრაიდის“ ღონისძიებები შენობაში ჩატარდა. 8 ივლისს 40-მდე აქტივისტმა და ლგბტ უფლებების დამცველმა „ღირსების მარში“ გამართა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ.

ნოემბერში, ულტრანაციონალისტურმა ჯგუფებმა და მათმა მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციები მოაწყვეს გეი შეყვარებულების თემაზე გადაღებული შვედურ-ქართული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების წინააღმდეგ თბილისსა და ბათუმში. ამ აქციების დროს ისინი ფილმის სანახავად მისულ მოქალაქეებს აშინებდნენ და ზოგ შემთხვევაში, თავს ესხმოდნენ კიდეც. პოლიციამ დააკავა 27 ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, დაუმორჩილებლობის და ხულიგნობის ბრალდებებით, ხოლო ერთი პირის წინააღმდეგ მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი გამოძიება.

საერთაშორისო აქტორები

მარტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა შეფასდა. ორივე მხარე მიესალმა „სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელებას და ხაზი გაუსვა მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობას“. ევროკავშირმა ასევე ხაზი გაუსვა ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის, კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობას.

აპრილში, საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე გაეროს სამუშაო ჯგუფმა შეშფოთება გამოხატა შრომის ინსპექტირების მარეგულირებელი ჩარჩოს არაადეკვატურობის თაობაზე.

მაისში, გაერთიანებული ერების, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა საქართველოში ერთობლივი განცხადებით მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, მიეღო ზომები ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი და ინტერსექსი (ლგბტ+) პირების მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მიეღო ზომები „ღირსების მარშის“ ორგანიზატორთა და მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ძალადობისა და სიძულვილის ენისგან მათ დასაცავად.

ივნისში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლისთავის აღსანიშნად გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „მდგრადი და პლურალისტური დემოკრატია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი მედია, ადამიანის უფლებების პატივისცემა..., გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ხელისუფლება, და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება“ საქართველოს განვითარების უმნიშვნელოვანესი ელემენტებია.

აშშ-ის საელჩომ ივლისში გამოქვეყნებულ განცხადებაში შეშფოთება გამოთქვა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის „ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან“ დაკავშირებით. ასევე, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ხელისუფლებას ამ საქმის „გამჭვირვალედ“ გამოძიებისკენ მოუწოდა.

ივნისში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირმა დაგმო მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა თბილისში გამართული დემონსტრაციების დროს. მან მოუწოდა ხელისუფლება, უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება ნებისმიერ დროს და სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ყველა ინციდენტი.

ნოემბერში გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში აღნიშნეს „ქართული საზოგადოების ფართო ნაწილის ღრმა იმედგაცრუება“ საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის გამო და მხარეებს მოუწოდეს, იმუშაონ „მშვიდი და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის საშუალებით, მისაღები სამომავლო გზის საპოვნელად.“

მარტის სესიაზე მიღებულ რეზოლუციაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ გამოხატა შეშფოთება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტური  რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდინარე ბორდერიზაციის თაობაზე და  მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეუშვან უმაღლესი კომისრის ოფისი ამ რეგიონებში.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აგრძელებდა ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულებისა და ომის დანაშაულების გამოძიებას, რომლებიც სავარაუდოდ ჩადენილი იქნა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს. იანვარში, საქართველომ და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გააფორმეს შეთანხმება, რომლის თანახმადაც ამ სასამართლოს მიერ მსჯავრდებულმა პირებმა საპატიმრო სასჯელი შეიძლება საქართველოშიც მოიხადონ, თუკი ასე გადაწყვეტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და ამაზე თანხმობას განაცხადებს საქართველოს მთავრობა.