Skip to main content

საქართველო

Events of 2016

© 2016 Human Rights Watch

Keynote

 
Republican presidential nominee Donald Trump speaks at a campaign rally in Minneapolis, Minnesota, U.S. November 6, 2016.
The Dangerous Rise of Populism

Global Attacks on Human Rights Values

Essays

 
illustration © 2017 Brian Stauffer for Human Rights Watch
The Internet is Not the Enemy

As Rights Move Online, Human Rights Standards Move with Them

 
Illustration © 2017 Brian Stauffer for Human Rights Watch
The Lost Years

Secondary Education for Children in Emergencies

 
Illustration  © 2017 Brian Stauffer for Human Rights Watch
Overreach

How New Global Counterterrorism Measures Jeopardize Rights

 
illustration © 2017 Brian Stauffer for Human Rights Watch
When Exposing Abusers Is Not Enough

Strategies to Confront the Shameless

საქართველოს მმართველმა პარტიამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეუზღუდავი წვდომა კავშირგაბმულობის ოპერატორთა ქსელებთან საფრთხეს უქმნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. კვლავ პრობლემად რჩება პასუხისმგებლობის საკითხი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. შეშფოთებას იწვევდა, აგრეთვე, მედიის თავისუფლების საკითხი და ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების უფლებათა დარღვებები.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პროკურორის ოფისს ნება დართო, გამოიძიოს საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი ომის დანაშაულები და  ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულები.

საპარლამენტო არჩევნები

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა უდიდესი უმრავლესობა მიიღო და ახალი მთავრობის ფორმირებაზე სრული კონტროლი მოიპოვა. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, რომლებსაც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) ხელმძღვანელობდა, საპარლამენტო არჩევნებმა „კონკურენტულ და კარგად ადმინისტრირებულ გარემოში ჩაიარა, რა დროსაც ძირითადი თავისუფლებები, ზოგადად, დაცული იყო“.

თუმცა, საერთაშორისო დამკვირვებლების თანახმად, პროცედურული დარღვევები აღინიშნა ხმების დათვლისას საარჩევნო უბნების თითქმის ერთ მესამედში, ხოლო ძალადობრივი დაპირისპირება ოთხ საარჩევნო უბანზე მოხდა. ადგილობრივი დამკვირვებლების ჯგუფებმა მიუთითეს ხმების მოსყიდვის, პოლიტიკური დაშინების და არაუფლებამოსილი პირების მიერ აგიტაციის რამდენიმე შემთხვევაზე, თუმცა აღნიშნეს, რომ ეს ფაქტები არჩევნების საერთო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა. 

არჩევნების დღის წინა კვირის განმავლობაში მომხდარმა სამმა ძალადობრივმა ინციდენტმა დაარღვია სხვამხრივ მშვიდობიანად მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესი. 4 ოქტომბერს, აფეთქდა ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) ერთ-ერთი ლიდერის მანქანა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა. 2 ოქტომბერს, 2 ადამიანი დაიჭრა დამოუკიდებელი კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სროლის შედეგად. 1 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ სამ აქტივისტს თავს დაესხნენ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების დროს. წინამდებარე ანგარიშის მომზადების დროისთვის სამივე ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობდა.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება

აპრილში, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საკანონმდებლო ნორმა, რომელიც უფლებას აძლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, კომუნიკაციის მონიტორინგისთვის პირდაპირი, შეუზღუდავი წვდომა ჰქონდეს კავშირგაბმულობის ოპერატორთა ქსელებთან. სასამართლომ შესაბამის უწყებებს ფარული თვალთვალისა და მიყურადების რეგულაციების 2017 წლის მარტამდე რეფორმირება დაავალა. 2014 წელს მიღებული საკანონმდებო ცვლილებებით შეზღუდვები დაწესდა სამართალდამცავი ორგანოების მიერ თვალთვალის და მიყურადების ოპერაციების განხორციელებაზე. თუმცა, უსაფრთხოების უწყებებს უცვლელად შეუნარჩუნდათ კავშირგაბმულობის მომსახურების მომწოდებელთა ქსელებში ეგრეთ წოდებული „შავი ყუთის“ ტექნიკური საშუალებების ოპერირების უფლება. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს სისტემა პირადი ხასიათის ინფორმაციის რეალურ დროში მასიური მოპოვების შესაძლებლობას იძლევა ეფექტიანი გარე კონტროლის გარეშე.

წინასაარჩევნო პერიოდში, ოპოზიციური პარტიის წევრებისა და მათი მხარდამჭერების რამდენიმე, უკანონოდ ჩაწერილი სატელეფონო საუბრის ინტერნეტში გამოქვეყნება, სავარაუდოდ, ამომრჩევლებზე ზემოქმედებას ისახავდა მიზნად. ასეთ ჩანაწერებს შორის იყო კერძო საუბრები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ენმ-ის წევრებს შორის, ასევე, საუბარი ოპოზიციური სატელევიზიო არხის დირექტორსა და ოპოზიციური პარტიის ლიდერს შორის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამ ფაქტში მონაწილეობა უარყო, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი გამოძიება დაიწყო.

მარტში, მთავრობის 2 წევრზე, ოპოზიციის წარმომადგენელსა და ტელეჟურნალისტზე მინიშნებით, უცნობი პირები სექსუალური ურთიერთობების ამსახველი ვიდეოკადრების გამოაქვეყნებით დაიმუქრნენ, თუ ეს პირები თანამდებობებს 31 მარტამდე არ დატოვებდნენ. მუქარა ფარულად ჩაწერილი კადრების YouTube-ზე განთავსების გზით გაკეთდა. ამ კადრებში თითქოს ამ ადამიანების პირადი ცხოვრება ჩანდა, თუმცა მათი სახეები დაფარული იყო. ეს კადრები მალევე დაიბლოკა. სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება დაიწყეს.

წამება, არასათანადო მოპყრობა და პოლიციის მიერ ძალის გადამეტება

საქართველოს არ გააჩნია დამოუკიდებელი, ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად.

ივლისში, ერთ-ერთმა წამყვანმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია), ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც გაანალიზებული იყო ბოლო 2 წლის განმავლობაში საია-ს წარმოებაში არსებული 22 საქმე, რომლებიც სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილ წამებას და არასათანადო მოპყრობას ეხებოდა. საია-ს დასკვნით, გამოძიება უმეტეს შემთხვევაში არაეფექტიანად წარიმართა. რამდენიმე საქმეში სამართალდამცველებმა შური იძიეს იმ მსხვერპლებზე, რომელთა მიერ შეტანილი საჩივრების საფუძველზე სამართალდამცველების წინააღმდეგ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა.

2015 წლის ნოემბრიდან 12 თვის განმავლობაში, საია-ში 62 საჩივარი შევიდა სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის თაობაზე; მათგან 45 ეხებოდა პოლიციის თანამშრომლების, ხოლო 17 ციხის თანამშრომლების მიერ ჩადენილ ქმედებებს. საია-ს ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებებმა ვერ შეძლეს ამ ბრალდებების ეფექტიანად გამოძიება.

აგვისტოში, 22 წლის დემურ სტურუამ თავი მოიკლა. წერილში, რომელიც თვითმკვლელობამდე დაწერა, ის ამბობდა, რომ ადგილობრივი პოლიციელი აიძულებდა, ინფორმაცია მიეწოდებინა იმ ადამიანებზე, რომლებსაც მარიხუანა მოჰყავდათ. გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ სტურუას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, რომლებიც, პროკურორის თქმით, პოლიციელმა სტურუას გარდაცვალებამდე მიაყენა. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა პოლიციელის წინააღმდეგ; წინამდებარე ანგარიშის მომზადების დროისთვის ეს საქმე კვლავ ძიებაში იყო. საქართველოს სახალხო დამცველის თქმით, ეს საქმე საქართველოს „რეპრესიული ნარკოპოლიტიკის“ შედეგების მკაფიო მაგალითია.

შეშფოთება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების თაობაზე

ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ აღძრული რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე  კითხვებს აჩენდა შერჩევითი სამართლის და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის თაობაზე. მაისში, თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის 5 ყოფილი თანამშრომელი  სასამართლომ დამნაშავედ ცნო 4.1 მილიონი ლარის (დაახლოებით 1.8 მილიონი აშშ დოლარის) გაფლანგვაში, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გაყვანაზე 2013 წელს გამოცხადებულ დახურულ ტენდერს უკავშირდებოდა. სასამართლომ მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

2014 წელს ბრალდებულების დაპატიმრების შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში, შესაბამისი ორგანოები უარს ეუბნებოდნენ ადვოკატებს საქმეში არსებული მასალების სრულად მიწოდებაზე. მიზეზად საიდუმლო დოკუმენტებს ასახელებდნენ, რომლებსაც ეს საქმე შეიცავდა. სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ეს გაფლანგვა ანგარების მოტივით იქნა  ჩადენილი. სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა საკონსტიტუციო სასამართლოს იმ სარჩელის მხარდასაჭერად, რითიც ბრალდებულები ასაჩივრებდნენ სისხლის სამართლის კოდექსში „გაფლანგვის“ განსაზღვრებას, რომლის ბუნდოვანებაც თვითნებური ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ეს ადამიანები 2014 წელს დააპატიმრეს, რასაც მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა.

ივნისში, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის და ენმ-ის ლიდერის ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომელშიც წერია, რომ მართალია, მერაბიშვილის თავდაპირველი წინასწარი პატიმრობა, 2013 წლის მაისში, კანონიერი იყო, მაგრამ 4 თვის შემდეგ ამ წინასწარი პატიმრობის განახლება გონივრულ საფუძველს იყო მოკლებული. სასამართლომ განაცხადა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის გაგრძელებას „პროკურატურა მოეკიდა როგორც დამატებით შესაძლებლობას, მოეპოვებინა ბერკეტი“ გამოძიებებზე, რომლებიც სრულიად სხვა საქმეებზე, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. ოქტომბერში, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს დიდი პალატა დათანხმდა, განიხილოს საქართველოს მთავრობის სარჩელი, რომლითაც ის მერაბიშვილის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.  

სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა

აგვისტოში, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაბლოკა მოთხოვნა რეფერენდუმის ჩატარებაზე, რომელიც ქორწინების როგორც კაცსა და ქალს შორის კავშირის განსაზღვრას ეხებოდა. პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს საკითხი სამოქალაქო კოდექსით იყო უკვე დარეგულირებული. პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი, პირობა დადო, რომ ქოწინების კონსტიტუციით განსაზღვრის საკითხს ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დააყენებდა. მისი მტკიცებით, ეს გააქარწყლებდა ბრალდებებს, თითქოს დასავლეთი საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების „პროპაგანდას“ ეწევა. უფლებადამცველთა ადგილობრივი ჯგუფები შიშობდნენ, რომ ეს ნაბიჯი ლგბტ თემის მეტ მარგინალიზებას გამოიწვევდა და ლგბტ-ის მიმართ არსებულ სტერეოტიპებს გააძლიერებდა.  

ხელისუფლებამ ლგბტ აქტივისტებს უარი უთხრა თხოვნაზე, თბილისის მთავარ პროსპექტზე აღენიშნათ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე იმ მიზეზით, რომ ეს ადგილი უკვე დაჯავშნილი ჰქონდა მართლმადიდებელთა ჯგუფს მსვლელობისთვის, რომლითაც ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავდნენ -  ყოველწლიურ ღონისძიებას, რომელიც მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2014 წელს შემოიღო. აქტივისტებმა უარი თქვეს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ სივრცეში აღენიშნათ.

ლგბტი უფლებების დამცველი ადგილობრივი ორგანიზაციის „ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფის“ თანახმად, 2016 წელს ამ ორგანიზაციამ ტრანსგენდერებზე თავდასხმის 20-მდე შემთხვევა აღრიცხა. ოქტომბერში, ტრანსგენდერი ქალი სცემეს და დაჭრეს. უფლებადამცველთა ვარაუდით, ეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული იყო. პოლიციამ ეჭვმიტანილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა. სახალხო დამცველმა მოუწოდა შესაბამის ორგანოებს, დანაშაულის შესაძლო სიძულვილის მოტივი შეესწავლათ.

მედიის თავისუფლება

ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის „რუსთავი 2“-ის საკუთრების ირგვლივ მიმდინარე დავა 2016 წელსაც გრძელდებოდა და შეშფოთებას იწვევდა მედიაში ხელისუფლების ჩარევის თაობაზე. ივნისში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება.  ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის მფლობელი იყო 2004-2006 წლებში და ამ კომპანიაში საკუთარი წილის დაბრუნებას მოითხოვდა. ხალვაშის განცხადებით, 2006 წელს მაშინდელმა ენმ-ის ხელისუფლებამ მას წილების გაყიდვა აიძულა. რუსთავი 2-ის ამჟამინდელმა მფლობელებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. მათი განცხადებით, ხალვაშის სასამართლო პროცესს ხელისუფლება მართავს, რათა ხელში ჩაიგდოს ოპოზიციური ტელეარხი. სექტემბერში, უზენაესმა სასამართლომ საჩივარი დასაშვებად ცნო. ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ იყო მიღებული.   

ძირითადი საერთაშორისო აქტორები

1 ივლისს ძალაში შევიდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული „ასოცირების შეთანხმება“, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს აძლიერებს ამ ორ მხარეს შორის. შეთანხმება საქართველოსგან მოითხოვს მასშტაბური ვალდებულებების შესრულებას დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის სფეროებში. ევროკავშირმა საქართველოს ყოველწლიურად 100 მილიონი ევროს (107.8 მილიონი აშშ დოლარი) დახმარება აღუთქვა რეფორმების, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში რეფორმების მხარდასაჭერად.

თებერვალში საქართველოში ვიზიტის შემდეგ, გაერთიანებული ერების სპეციალურმა მომხსენებელმა ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხებზე ანგარიში გამოაქვეყნა. ანაგრიშში ასახული იყო კერძო და საჯარო სფეროებში გავრცელებული ძალადობა ქალთა წინააღმდეგ, რომლის მიზეზიც „ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური დამოკიდებულებები და გენდერული სტერეოტიპებია“.

სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა ოჯახში ძალადობის, მათ შორის ფემიციდის/ქალთა მკვლელობების არსებული შემაშფოთებელი დონე, პოლიციის უუნარობა, რეგისტრირებულ შემთხვევებში უზრუნველყოს სათანადო დაცვა, ასევე მიდგომა, რომ ასეთი ძალადობა ადამიანების პირადი საქმეა. მან ასევე შეშფოთება გამოხატა არასრულწლოვანთა და იძულებით ქორწინებების სიმრავლის თაობაზე, რაც ასეთი ქორწინებების ამკრძალავი კანონის არასათანადო აღსრულების და სოციალური დამოკიდებულების შედეგია, რომელიც ასეთ პრაქტიკას უწყობს ხელს. საქართველომ ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს კონვენციას „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (სტამბულის კონვენცია), მაგრამ მისი რატიფიკაცია ჯერ არ მოუხდენია.

ივნისში, თბილისში გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიისა და მმართველობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. აშშ-ის დელეგაციამ ხაზი გაუსვა მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემოს მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება რუსთავი 2-ის საკუთრებასთან დაკავშირებით მიმდინარე დავის თაობაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც აპრილში გამოქვეყნდა, სხვა საკითხებს შორის აღნიშნულია „მნიშვნელოვანი ხარვეზები მართლმსაჯულების აღსრულებაში, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლა შერჩეულ საქმეებში“.

იანვარში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ნება დართო თავის  პროკურორს, დაიწყოს ომის დანაშაულების და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულების გამოძიება, რომლებიც სავარაუდოდ ჩადენილი იქნა სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდე, ომის დროს და ომის შემდეგ.