საქართველოს მმართველმა კოალიციამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა ამ გამარჯვებას თან ახლდა გარკვეული შეშფოთება ოპოზიციის კანდიდატებზე წინასაარჩევნო ზეწოლასა და ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. წარსულში ჩადენილ სამართალდარღვევათა გამოძიებისას კვლავ გარკვეული კითხვები იჩენს თავს შერჩევით სამართალთან და პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით; ასევე კვლავ პრობლემად რჩება დაუსჯელობა სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებათა გამო. პრობლემები არსებობს უმცირესობათა და ქალთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებითაც.
საქართველომ გააღრმავა ურთიერთობა ევროკავშირთან - მან ხელი მოაწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან და მოახდინა მისი რატიფიცირება, რაც მჭიდროდ უკავშირდება კარგი მმართველობისა და ადამიანის უფლებების კუთხით მიღწეულ პროგრესს.
მუნიციპალური არჩევნები
მმართველმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა მუნიციპალურ არჩევნებში ივნისსა და ივლისში. ამით მას ადგილობრივი თვითმმათველობის ორგანოების აღმასრულებელი შტოს სრული კონტროლის საშუალება მიეცა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კოალიციამ ადგილების უმრავლესობა მოიპოვა საკრებულოებშიც. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი დამკვირვებლები საუბრობდნენ ხმის მიცემის დროს გარკვეული ტექნიკურ და პროცედურულ ხარვეზებზე, მათი განცხადებით, ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.
წინასაარჩევნო პერიოდში მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთი განცხადება გაავრცელეს ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლასთან დაკავშირებით იმ მიზნით, რომ მათ თავიანთი კანდიდატურები მოეხსნათ. ეს განცხადებები ეხებოდა კანდიდატურების ფაქტიურ მოხსნასაც თორმეტზე მეტ მუნიციპალიტეტში, აგრეთვე ოპოზიციის წარმომადგენლების შეკრებების დაშლას. ივნისში მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება ოთხ შემთხვევასთან დაკავშირებით იმ 80 საჩივრიდან, რომლებიც მათ მიიღეს ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ.
ძალადობრივ ინციდენტებში შედიოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული ღონისძიებების ჩაშლა ოთხ ქალაქში აგრესიული ადამიანების ჯგუფების მიერ აპრილში და დაუდგენელი პირების თავდასხმა მარტში ნუგზარ წიკლაურზე - აქტიურ პარლამენტარზე ნაციონალური მოძრაობიდან, რომელიც უმნიშვნელო დაზიანებების გამო ჰოსპიტალიზებულიც იყო მცირე ხნით. მაისში რამდენიმე მამაკაცი თავს დაესხა ზურაბ ჭიაბერაშვილს, ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტიურ წევრს; თავზე მიღებული ტრავმების გამო ჭიაბერაშვილიც ჰოსპიტალიზებული იყო მცირე ხნით. ხელისუფლებამ ვერ შეძლო თავდამსხმელების პასუხისგებაში მიცემა, მიუხედავად იმისა, რომ მათი საჯაროდ იდენტიფიცირება მოხდა.
არჩევნებიდან ცოტა ხნის შემდეგ თბილისის მერიის რამდენიმე თანამშრომელმა გააკეთა განცხადება მათ მიმართ განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რომ „ნებაყოფლობით“ დაეტოვებინათ სამსახური ან მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყებოდა. სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ადგილობრივი მონიტორინგის ჯგუფის განცხადებით, 1 აგვისტოს და 7 სექტემბერს შორის პერიოდში თბილისის მერიამ 155 თანამშრომელი დაითხოვა, მათ შორის 115 „პირადი განცხადების“ საფუძველზე, რომლებიც ზეწოლის შედეგად შეიძლება ყოფილიყო დაწერილი. ჩნდება ეჭვი, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური ნიშნით იქცნენ სამიზნედ.
წარსულში ჩადენილ სამართალდარღვევათა გამოძიება
პროკურატურამ შეისწავლა ათასობით საჩივარი, რომლებიც 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შევიდა. აღნიშნული საჩივრები რამდენიმე კატეგორიად იყოფოდა და უკავშირდებოდა ქონების უფლების დარღვევას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას და საპროცესო გარიგებების სისტემის ბოროტად გამოყენებას. აღნიშნულ საჩივრებთან დაკავშირებით ათეულობით სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული, ძირითადად ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ. მკაფიოდ ჩამოყალიბებული კრიტერიუმების არარსებობა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ საქმეზე უნდა დაწყებულიყო სამართლებრივი დევნა, აგრეთვე შთაბეჭდილება, რომ გამოძიების სამიზნე ძირითადად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები იყვნენ, ოპოზიციას საფუძველს აძლევდა, ემტკიცებინა, რომ მათი აქტივისტები პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდნენ. ივლისში გამოქვეყნებულ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მომზადებულ ანგარიშს, გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის შედეგებზე, არ დაუფიქსირებია მნიშვნელოვანი პროცედურული თუ სამართლიანი სასამართლოს ნირმების დარღვევა.
ივლისში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე საქმეზე წაუყენეს ბრალი, მათ შორის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. აგვისტოში სასამართლომ სააკაშვილის, მისი მეუღლის, შვილების, მშობლებისა და ბებიის ქონებას ყადაღა დაადო. სააკაშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთი საქმე შეეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას და კერძო ტელეკომპანიაში შეჭრას და მის „ხელში ჩაგდებას“. ექს-პრეზიდენტმა 2013 წლის ნოემბერში პრეზიდენტობიდან გადარჩევის შემდეგ მალევე დატოვა ქვეყანა. სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ 48.2 მილიონი ლარის (დაახლოებით, 30 მილიონი აშშ დოლარის) გაფლანგვის ბრლადებით პროკურატურამ ივლისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დააკავა; სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ოპოზიციის განცხადებით, უგულავას დაპატიმრებით დაირღვა მორატორიუმი, რომელიც აპრილში გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა იმ ადამიანების მიმართ, ვინც თვითმმართველობის საარჩევნო კამპანიაში იყო ჩაბმული.
თებერვალსა და აგვისტოში სასამართლოებმა სისხლის სამართლის სამ სხვადასხვა საქმეზე, მათ შორის არამიზნობრივ ხარჯვასა და მექრთამეობაზე, ქონების უფლების შელახვაზე და ძალაუფლების გადამეტებაზე განაჩენი გამოუტანეს ვანო მერაბიშვილს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, და სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს მას.
არადეკლარირებული საბანკო ანგარიშების გამო აგვისტოში პროკურატურამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და მისი მეუღლე დაკითხა.
პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით შეშფოთება კვლავ აქტუალური გახდა ოქტომბერში, როდესაც დააკავეს თავდაცვის სამინისტროს ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომელი; მათ ბრალი წაუყენეს სავარაუდოდ გაყალბებული ტენდერის საფუძველზე 4.1 მილიონი ლარის (დაახლოებით 2.31 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასთან დაკავშირებით. თავდაპირველად პროკურატურამ არ უზრუნველყო დაცვის მხარის ადვოკატების სრული წვდომა მტკიცებულებებზე იმ მოტივით, რომ მათ შორის საიდუმლო დოკუმენტები იყო, რითაც შეილახა ეფექტიანი დაცვის განხორციელების უფლება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ ანგარიშის მომზადების დროს, დაცვის მხარეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა წვდომა მტკიცებულებებზე. ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადააყენა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, როდესაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ აღნიშნული ბრალდებები პოლიტიკურად იყო მოტივირებული.
წამება, სასტიკი მოპყრობა, ციხეებში არსებული პირობები
სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებათა გამო დაუსჯელობა კვლავაც პრობლემად რჩება, რადგან ასეთი სახის დანაშაულების გამოსაძიებლად საქართველოს არ გააჩნია დამოუკიდებელი ქმედითი მექანიზმი.
აგვისტოში ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ განაცხადა, რომ თბილისის ერთ-ერთი უბნის პოლიციის შენობაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მოქალაქე გიორგი ცომაიას, რომელმაც არაფხიზელ მდგომარეობაში მიაკითხა პოლიციის უბანს ღამით და მოითხოვა, მისთვის 2013 წელს სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულების სახით ჩამორთმეული მობილური ტელეფონის დაბრუნება. ცომაიამ განაცხადა, რომ დაახლოებით თერთმეტმა პოლიციელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, რის შედეგადაც სახეზე და თავზე დაზიანებები აღენიშნებოდა. ამის შემდეგ იგი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს და სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მას. ამ ანგარიშის მომზადების დროს ჯერ კიდევ მიმდინარეობდა ცომაიას სარჩელის შესწავლა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთმა წამყვანმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, 2014 წლის 10 თვის განმავლობაში სულ მცირე 50 საჩივარი მიიღო; მათგან 31 პოლიციის, ხოლო 19 ციხის პერსონალის მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ეხებოდა. საია-ს განცხადებით, ხელისუფლება ვერ ახერხებს აღნიშნული საჩივრების ეფექტიანად გამოძიებას.
მაისში გამოცემულ თავის წლიურ ანგარიშში სახალხო დამცველმა აღნიშნა პოზიტიური ცვლილებები პენიტენციურ სისტემაში, კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, მაგრამ აგრეთვე შეეხო პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის რამდენიმე ფაქტს, რასაც არ მოწყოლია ეფექტიანი გამოძიება; მან, აგრეთვე, აღნიშნა „ციხეებში რამდენიმე პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული შემაშფოთებელი გარემოებები.“
საქართველომ განახორციელა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ხარვეზებიანი სისტემის რეფორმა; 90-დან 15 დღემდე შეამცირა ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების გამო, და აგრეთვე შემოიღო გარკვეული პროცესუალური ნორმები.
დისკრიმინაციის აკრძალვა და უმცირესობათა უფლებები
მაისში პარლამენტმა მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც უზრუნველყოფს რასობრივი, სქესობრივი, ასაკობრივი ნიშნით, აგრეთვე სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციისგან დაცვას. ზოგიერთმა გააკრიტიკა კანონი აღსრულების ქმედითი მექანიზმების (მათ შორის კანონის დამრღვევებისთვის ფინანსური ჯარიმების დაკისრების მექანიზმის) არარსებობის გამო. კანონმა ანტიდისკრიმინაციული ღონისძიებების გატარებაზე მეთვალყურეობა ომბუდსმენის აპარატს დაავალა.
თებერვალში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ჰომოსექსული მამაკაცების სისხლის დონორობაზე 13-წლიანი აკრძალვა.
ოქტომბერში პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა პატარა სოფელში საპროტესტო გამოსვლის დასაშლელად და დააკავა 14 მონაწილე, რომლებიც ყოფილი მეჩეთის ბიბლიოთეკად გადაკეთების წინააღმდეგნი იყვნენ. სასამართლომ 11 მათგანი დააჯარიმა 250 ლარით (დაახლოებით 140 აშშ დოლარი) წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. პოლიციის ქმედებები არ იქნა სათანადოდ გამოძიებული ხელისუფლების მიერ.
ქალთა უფლებები
მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, 2014 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში ოჯახში ძალადობის შედეგად სულ მცირე 23 ქალი გარდაიცვალა.
სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, კვლავ გადაუჭრელი პრობლემაა გოგონების ქორწინება ადრეულ ასაკში, რაც ხდება ან მშობლებს შორის შეთანხმებით, ან მოტაცების გზით. სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ საქართველოში მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც მამამ თავისი მცირეწლოვანი ქალიშვილი 10 ძროხის საფასურად მიჰყიდა 45 წლის მამაკაცს. 2014 წლის იანვარ-თებერვალში ომბუდსმენმა დააფიქსირა ქორწინების მიზნით გოგონების მოტაცების სამი შემთხვევა და ადრეულ ასაკში ქორწინების 20-ზე მეტი შემთხვევა.
განათლების სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლიდან 2013 წლამდე პერიოდში 7 367-მა გოგონამ დატოვა სკოლა ადრეულ ასაკში ქორწინების გამო.
ძირითადი საერთაშორისო აქტორები
საქართველომ გააღრმავა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა ევროკავშირთან - მან ევროკავშირთან ხელი მოაწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას და მოახდინა მისი რატიფიცირება. აღნიშნული შეთანხმება საქართველოსგან მოითხოვს ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესრულებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობისა და პროცედურების დაახლოების პროცესის ფარგლებში.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შეშფოთება გამოხატეს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებულ სისხლის სამართლის ბრალდებებთან დაკავშირებით და მოუწოდეს ხელისუფლებას, მკაცრად დაიცვას სათანადო პროცესის მოთხოვნა და უზრუნველყოს, რომ სამართლებრივ დევნას არ ედოს საფუძვლად პოლიტიკური მოტივაცია.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ თავის მარტის ანგარიშში ევროკავშირმა აღნიშნა, რომ საქართველო ` . . . აგრძელებდა რეფორმებისა და დაახლოების ინტენსიურ კურსს“, თუმცა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ აუცილებელია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, საზოგადოერის მიერ შერჩევითი სამართლის განხორციელების აღქმის აღმოფხვრა და სამართალდამცველი ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული მეთვალყურეობის გაზრდა.
თავის ოქტომბრის რეზოლუციაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმა საქართველოს ყოვლისმომცველი რეფორმების გეგმებს და ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს, რომ ყოფილი თანამდებობის პირების სამართლებრივი დევნა მიუკერძოებლად და სამართლიანი სასამართლო პროცესის ნორმების სრული დაცვით წარიმართოს.
საქართველოში არსებული მდგომარეობის ივლისში ჩატარებული განხილვის შედეგად გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტი მიესალმა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას, თუმცა, ამავე დროს, მოუწოდა საქართველოს, შეებრძოლოს ოჯახსა და საზოგადოებაში გენდერულ როლებთან დაკავშირებით არსებულ პატრიარქალურ მიდგომებსა და სტერეოტიპებს.
ასევე ივლისში გაერო-ს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა გამოსცა საქართველოში არსებული მდგომარეობის შეფასების ამსახველი დოკუმენტი, რომელშიც გამოთქვა შეშფოთება ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებში ქალთა რაოდენობის მუდმივი შემცირების გამო და მოუწოდა ხელისუფლებას, შემოიღოს სავალდებულო კვოტები პოლიტიკური პარტიებისთვის, რათა სწრაფად და მნიშვნელოვნად გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი დონის საკანონმდებლო ორგანოებში.
აშშ-საქართველოს ორმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დემოკრატიისა და მმართველობის საკითხებზე მუშაობს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში, აპრილში შეიკრიბა თბილისში, რათა განეხილა საქართველოს მცდელობები, განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები, უფლებამოსილებათა გადანაწილება, პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო პროცესები.