Skip to main content

საქართველო

2021 წლის მოვლენები

2021 წლის 6 ივლისის საპროტესტო აქციის მონაწილეები ცისარტყელის დროშებით. აქცია გაიმართა იმ ადამიანთა  მხარდასაჭერად, ვინც წინა დღეს ძალადობრივი ჯგუფების მიერ ღირსების მარშის ჩაშლის დროს დაშავდა თბილისში, საქართველო.

© ვანო შალამოვი / AFP / Getty Images

2021 წელს მმართველ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე მწვავე დაპირისპირების ფონზე, საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში უკუსვლა განიცადა.

გადაუჭრელ პრობლემად დარჩა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე არასათანადო პასუხისმგებლობა. შეშფოთებას იწვევდა სხვა საკითხებიც, მათ შორის პოლიციელთა უხეში ჩარევა შეკრების თავისუფლებაში, თავდასხმები ჟურნალისტებზე და მედიაპლურალიზმის შეზღუდვის მზარდი საფრთხე, ბავშვების ინსტიტუციონალიზაცია, ძალადობა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების წინააღმდეგ და შრომის პირობების უსაფრთხოების უგულებელყოფა.

აგვისტოში ევროკავშირმა განაცხადა, რომ 75 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების მისაღებად საქართველომ ვერ შეასრულა მართლმსაჯულების რეფორმირების პირობები.

მუნიციპალური არჩევნები

2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა, არჩევნების გაყალბების ბრალდებით, უარი თქვეს პარლამენტში მოპოვებული ადგილების დაკავებაზე და ბოიკოტი გამოაცხადეს. ბოიკოტი აპრილში შეწყდა ევროკავშირის შუამავლობით „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. ამ შეთანხმებით გაწერილი პირობები ითვალისწინებდა საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემების რეფორმირებას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, თუ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ხმათა 43%-ს ვერ მიიღებდა. ამ საარჩევნო ზღვრის დაწესების გამო ოპოზიციამ მუნიციპალური არჩევნები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე „რეფერენდუმად“ გამოაცხადა. ივლისში „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა, მიზეზად ხელშეკრულების ხელმოწერაზე მთავარი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უარი დაასახელა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამორიცხა.    

ოქტომბერში ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვანი უმრავლესობა მოიპოვა. ოპოზიცია არ დაეთანხმა არჩევნების შედეგებს და მოსახლეობას ქუჩის პროტესტისკენ მოუწოდა.

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ეგიდით მივლენილი საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით არჩევნები კონკურენტული და „ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული“ იყო, მაგრამ „ამომრჩევლებზე ზეწოლის, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და უთანასწორო პირობების შესახებ ბრალდებებმა პროცესი დააზიანა“. ოქტომბრის ბოლოს ჩატარებული მეორე ტურის შემდეგ კი დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ „რესურსებს შორის მკვეთრი დისბალანსი და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული შეუსაბამო უპირატესობა მმართველ პარტიას დამატებით აძლევდა ხელს და არათანაბარ საასპარეზო პირობებს ქმნიდა.“

არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს, პოლიციამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავა, რომელიც ქვეყანაში რვაწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. 2018 წელს სასამართლომ ის დაუსწრებლად ცნო მსჯავრდებულად ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, რაც ორ სხვა მიმდინარე ბრალდებას დაემატა. სააკაშვილმა უარყო ყველა ბრალდება და მათ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება

სამართალდამცავთა დაუსჯელობა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევებზე გადაუჭრელ პრობლემად დარჩა. 2021 წლის სექტემბრისთვის სახალხო დამცველის სამსახურმა 133 საჩივარი მიიღო ციხის პერსონალის თუ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე და ყველა ამ შემთხვევაზე გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს - დამოუკიდებელ ინსტიტუტს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომდგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს.

პოლიციამ შეზღუდა შეკრების თავისუფლების უფლება, როდესაც დემონსტრანტებს პარლამენტის შენობის წინ კარვების დადგმის საშუალება არ მისცა. თებერვალში პოლიციამ 20-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა დაუმორჩილებლობის ბრალდებით, როდესაც სამართალდამცავებმა დემონსტრანტებს კარავი წაართვა, რასაც იქ შეკრებილ აქტივისტებთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

23 თებერვალს პოლიცია ძალის გამოყენებით შეიჭრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სათაო ოფისში, რათა პარტიის ლიდერი, ნიკა მელია, გირაოს დამატებითი თანხის გადაუხდელობის გამო დაეპატიმრებინა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, დააკავა 21 ადამიანი დაუმორჩილებლობის ბრალდებით და ოფისიდან კომპიუტერული სერვერები ამოიღო. ერთ-ერთი წამყვანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) განცხადებით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზის სახით არაპროპორციული ზომა გამოიყენა და ვერ განმარტა კომპიუტერული ტექნიკის ამოღების საფუძვლები. მელიას ბრალად 2019 წელს თბილისში მიმდინარე პროტესტის დროს ძალადობის წახალისება ედებოდა და ის უარს ამბობდა გირაოს იმ გაზრდილი თანხის გადახდაზე, რომელიც მას 2020 წლის ნოემბრის მიტინგზე ზედამხედველობის ელექტრონული სამაჯური მოხსნის შემდეგ დაეკისრა.   

საია-მ პოლიცია ასევე გააკრიტიკა დაუმორჩილებლობის ბრალდების „მშვიდობიანი პროტესტის აღკვეთის“ საშუალებად გამოყენებისთვის იმ ადამიანთა დასაკავებლად, რომლებიც ზემოაღნიშნულ რეიდს აპროტესტებდნენ.

აპრილში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რითიც  გამკაცრდა სანქციები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობაზე. ამ ცვლილებების შედეგად გაორმაგდა ან გასამმაგდა ჯარიმები (თითქმის 1,300 აშშ დოლარამდე), გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 7-დან 15 დღემდე, ასევე, მოსამართლეს ჩამოერთვა განმეორებითი სამართალდარღვევისთვის შედარებით მსუბუქი სანქციის გამოყენების უფლება. ქართულმა უფლებადამცველმა ჯგუფებმა ეს ცვლილებები გააკრიტიკეს, რადგან ისინი „კიდევ უფრო დიდ სივრცეს ხსნის საპოლიციო რეპრესიული მექანიზმებისა და სახდელების თვითნებურად გამოყენებისთვის“. უფლებადამცველებმა ხაზი გაუსვეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სასამართლო გადაწყვეტილებები ხშირად მხოლოდ პოლიციელის ჩვენებებს ეყრდნობა და სამართლიანი სასამართლოს ნორმებს უგულებელყოფს.     

სექტემბერში ანონიმურმა წყარომ, რომელიც ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო დაზვერვის სამსახურში მუშაობდა, მედიას ათასობით დოკუმენტი მიაწოდა. მასალები მოიცავდა ქართული სამღვდელოების მაკომპრომეტირებელ ინფორმაციას მათი ინტიმური ურთიერთობების, სექსუალური ორიენტაციის ან ნარკოტიკების უკანონო მოხმარების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია, სავარაუდოდ, უკანონო თვალთვალის და მიყურადების გზით იყო მოპოვებული. მასალებში ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, საჯარო მოხელეების და უცხოელი დიპლომატების საუბრებიც იყო. ამ გამოჟონილ მასალებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.  

მედიის თავისუფლება

2021 წელს ჟურნალისტებმა და მედიის სხვა წარმომადგენლებმა უამრავი დაშინება და თავდასხმა განიცადეს. თებერვალში პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, რომლებიც თბილისში ვახო სანაიას, კერძო ტელეკომპანიის „ფორმულას“ წამყვანს, თავს დაესხნენ. სანაიას თქმით, თავდამსხმელებმა ის იცნეს და თავდასხმის დროს სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ. აგვისტოში სასამართლომ თავდამსხმელები დამნაშავედ ცნო და პატიმრობა ზუსტად იმ ვადით შეუფარდა, რამდენიც უკვე წინასწარ პატიმრობაში ჰქონდათ გატარებული.

5 ივლისს დაგეგმილი „პრაიდ მარშის“ წინააღმდეგ ორგანიზებული ჰომოფობიური ძალადობის დროს, სიძულვილის ჯგუფები სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის, სულ ცოტა, 53 თანამშრომელს, მათ შორის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სატელევიზიო არხებიდან „ტვ პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი ტვ“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ასევე, „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურიდან და ონლაინ მედიაორგანიზაციებიდან. თავდამსხმელებმა დაამტვრიეს და გაანადგურეს მედიის აპარატურა. რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა და მათ ხანმოკლე დროით ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ.

პოლიცია ხშირად ადგილზე იყო, მაგრამ ძალადობრივი ინციდენტების აღკვეთა ვერ შეძლო. (დეტალურად იხილეთ ქვემოთ).

„ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც ცემის შედეგად სახის ძვლების მოტეხილობა, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები ჰქონდა და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რამდენიმე დღის შემდეგ საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მომდევნო დღეს, სიკვდილის მიზეზის სრულად დადგენამდე, ხელისუფლებამ, მისივე თქმით „ექსპერტიზის შუალედური დასკვნის“ საფუძველზე, ლაშქარავას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირება დაასახელა. ამ ანგარიშის მომზადების მომენტისთვის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ჯერ კიდევ არ იყო გამოქვეყნებული.

ლაშქარავას ოჯახმა და სამოქალაქო საზოგადოებამ დაჩქარებულად გამოქვეყნებულ შედეგებში ეჭვი შეიტანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

22 ივლისს კულტურის მინისტრმა ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიის „მთავარი არხის“ ჟურნალისტს უსიამოვნო კითხვების პასუხად მიკროფონი წაგლიჯა და აღარ დაუბრუნა.

სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა 5 ივლისს დაგეგმილი „ღირსების მარში“ მას შემდეგ გააუქმეს, რაც ულტრამემარჯვენე ჯგუფები ძალადობრივად შეიჭრნენ მათ ოფისში და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. აგრესიული ჯგუფები „თბილისი პრაიდის“ ოფისის აივანზე აძვრნენ, ფანჯრები ჩალეწეს, ცისარტყელის დროშა დახიეს და ოფისი დაარბიეს. ისინი ჟურნალისტებსაც დაესხნენ თავს, 50-ზე მეტს დაზიანება მიაყენეს (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ზემოთ) და რამდენიმე იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებში შეიჭრნენ, სადაც პრაიდის ორგანიზატორები მთელ ქალაქში დევნას ემალებოდნენ.

მათი უსაფრთხოების და შეკრების თავისუფლების დაცვის ნაცვლად, ხელისუფლებამ პრაიდის ორგანიზატორები და მონაწილეები დაადანაშაულა. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მიზანშეუწონლად“ გამოაცხადა საჯარო ადგილას იმ დემონსტრაციის გამართვა, რომელსაც „სამოქალაქო დაპირისპირება“ შეიძლება გამოეწვია. შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გააფრთხილა ორგანიზატორები, არ ჩაეტარებინათ საჯარო ადგილას ასეთი მარში. მედიის უამრავი რეპორტაჟის თანახმად, პოლიციელთა მცირე ჯგუფები ადგილზე  იყვნენ, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ინციდენტების ეფექტიანად აღკვეთა. ძალადობის ამ ტალღის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და სულ ცოტა, 27 ადამიანი დააკავა, რომლებიც ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობდნენ. სახალხო დამცველმა ხელისუფლება გააკრიტიკა იმის გამო, რომ ძალადობის არც ერთი ორგანიზატორი არ დაუსჯია.

მარტში ხელისუფლებამ პირველად დაუშვა სქესის სამართლებრივი აღიარების პრეცედენტი და ტრანსგენდერ პირს სქესის აღნიშვნა „მამრობითიდან“ „მდედრობითით“ შეუცვალა, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა სქესის შეცვლის ოპერაციის დამადასტურებელი საბუთი წარადგინა. საქართველოში სქესის სამართლებრივი აღიარებისთვის ტრანსგენდერებს სქესის შეცვლის ოპერაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა მოეთხოვებათ. ეს მოთხოვნა სერიოზულ ბარიერებს უქმნის ტრანსგენდერ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, იწვევს მათ მარგინალიზაციას და უმუშევრობის და სიღარიბის რისკებს ზრდის.

ბავშვთა უფლებები

მაისში საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ნინოწმინდის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელშიც 56 ბავშვი, მათ შორის 8 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმყოფებოდა, მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან სახალხო დამცველს ორჯერ უთხრეს მონიტორინგის იქ ჩატარებაზე უარი. ამის გამო გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა საგანგებო დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც ხელისუფლებას მონიტორინგის ჩატარების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

სახალხო დამცველმა გაასაჯაროა ინფორმაცია ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებზე ფიზიკური და სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე 4 სისხლისსამართლებრივი გამოძიების შესახებ. ამ ინფორმაციით გამოწვეული საყოველთაო აღშფოთების შემდეგ, ივნისში, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ამ დაწესებულებიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა გამოყვანის თაობაზე. სოციალურმა მუშაკებმა 30-ზე მეტი ბავშვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის, გამოყვანას შეუწყვეს ხელი. იქ დარჩენილ ბავშვებზე სახელმწიფომ ინტენსიური მეთვალყურეობა დააწესა. ეკლესიამ დაწესებულების დირექტორი შეცვალა. ახალმა დირექტორმა 10-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ განაცხადა და სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

ივლისში გაერო-ს ბავშვთა ფონდმა (იუნისეფი) ორდღიან სემინარს უმასპინძლა, რომელშიც საქართველოს საჯარო პირები და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ყველა პარტნიორი მონაწილეობდნენ. სემინარის მიზანი იყო, დახმარებოდნენ ხელისუფლებას სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში განთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არმქონე ბავშვების დეინსტიტუციონალიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

ივლისში სასამართლომ სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება უკანონოდ ცნო.  სასამართლომ სახელმწიფოს ზიანის ანაზღაურების მიზნით 35 000 ლარიანი (11,000 აშშ დოლარი) კომპენსაციის გადახდა დააკისრა თითოეული იმ სამი ბავშვისთვის, რომლებიც 2 წლის წინ, სიღარიბის გამო, ოჯახის გაძლიერების მცდელობის გარეშე, დედებს იძულებით დააცილეს.

2020 წელს პანდემიის დაწყების შემდეგ სკოლებში სწავლა სრულად 155 დღის განმავლობაში შეწყდა, ხოლო კიდევ 84 დღის განმავლობაში ნაწილობრივ, გარკვეული ასაკის ბავშვებისთვის, ზოგ რიონში. იუნისეფის შეფასებით, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ საქართველოში დაახლოებით 50,000 ბავშვი დარჩა განათლებაზე წვდომის გარეშე. ბევრი მოსწავლე შეფერხებებს აწყდებოდა დისტანციური სწავლებისას, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში ცუდი ინტერნეტ კავშირის, ღარიბ ოჯახებში შესაბამისი ელექტრონული  მოწყობილობების უქონლობის და ონლაინ სწავლებაში მასწავლებელთა გამოუცდელობის გამო. 

შრომითი უფლებები

შრომითი კანონმდებლობის ძირეული ცვლილებები ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა. ამ რეფორმამ „შრომის ინსპექციის“ მანდატი გააფართოვა, რომელმაც შრომის ყველა სტანდარტის დაცვის ზედამხედველობა მოიცვა; ასევე, ამოქმედდა ახალი რეგულაციები მუშაობის საათების, ზეგანაკვეთურ მუშაობისა და დასვენების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.

ამ რეფორმების მიუხედავად, პრობლემად რჩება სათანადო სამუშაო პირობების უზრუნველყოფა. სოციალური დაცვა მინიმალურია, პროფკავშირებს არა აქვთ იურიდიული გარანტიები, რაც მათ სისტემურ ცვლილებებზე ეფექტიანი მოლაპარაკებების წარმართვის შესაძლებლობას მისცემდა, „შრომის ინსპექციის“ ეფექტიანობას კი რესურსების ნაკლებობა აფერხებს. დამოუკიდებელი პროფკავშირის „სოლიდარობის ქსელის“ ივნისის ანგარიშის თანახმად, ექთნების შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.

ასევე პრობლემად რჩება სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა. „შრომის ინსპექციის“ თანახმად, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 20 ადამიანი დაიღუპა და 189 დაშავდა სამუშაოს შესრულების დროს. კოვიდ-19-ის პანდემიის გამო მიტანის სერვისზე მოთხოვნის მკვეთრმა ზრდამ სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისთვის ბრძოლის ახალი კერა გააჩინა. 2021 წლის დასაწყისში 100-ზე მეტმა კურიერმა გამორთო მიტანის სერვისის აპლიკაციები, რათა გაეპროტესტებინათ შრომის არარეალისტური ნორმირება, რომელიც, მათი განცხადებით, სამუშაოს უფრო სახიფათოს ხდიდა.

საერთაშორისო აქტორები

ევროკავშირი, აშშ და სხვა დასავლელი პარტნიორები მთელი წლის განმავლობაში ეხმარებოდნენ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ქვეყანაში შვედი დიპლომატი, ქრისტიან დანიელსონი, მოავლინა მედიაციის მანდატით (დეტალები იხილეთ ზემოთ).

თებერვალში ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში ასოცირების განხორციელების შესახებ, რომელშიც ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესის გაგრძელებას, მაგრამ აღინიშნა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული გამოწვევები და საარჩევნო სისტემის რეფორმირების აუცილებლობა.

მარტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება შეაფასა. ევროკავშირმა დაჟინებით მოუწოდა საქართველოს, გააძლიეროს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება, დაიცვას უმცირესობები და უზრუნველყოს გენდერული თანასწორობა. მან ასევე დაჟინებით მოუწოდა საქართველოს, გააგრძელოს ეფექტიანი შრომის ინსპექციის შექმნა „შრომის პირობების შემდგომი გაუმჯობესებისთვის“. ივლისში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის ფარგლებში ევროკავშირმა და საქართველომ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმები, რის გამოც პრაიდ მარშის გაუქმება გახდა აუცილებელი, ხოლო საქართველომ ასეთი თავდასხმების გამოძიების ვალდებულება აიღო.

თებერვალში ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, აშშ-ის საელჩომ წუხილი გამოხატა იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებამ უგულებელყო შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ, ხოლო ევროკავშირმა განაცხადა, რომ მელიას დაკავების შემდეგ გაზრდილი პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიას ასუსტებდა.

იანვარში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მიერ შეტანილ სახელმწიფოთაშორის საჩივარზე გადაწყვეტილება გამოაცხადა და დაადგინა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ ექვსი მუხლი დაარღვია. (დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ რუსეთის თავი).

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აგრძელებდა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს სავარაუდოდ ჩადენილი ომის დანაშაულების და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულების გამოძიებას.