Skip to main content

2013 წლის მსოფლიო ანგარიში: საქართველო

2012 წლის მოვლენები

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პირველი შემთხვევა აღინიშნა. ოპოზიციურმა კოალიციამ `ქართული ოცნება~, რომლის ლიდერი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი იყო, დაამარცხა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, უმრავლესობა მოიპოვა პარლამენტში და ახალი მთავრობა დააკომპლექტა. წინასაარჩევნო გარემოში აღინიშნებოდა ოპოზიციური პარტიების აქტივისტების დევნა, დაშინება და სხვა დარღვევები. აქტივისტების დასაკავებლად ხელისუფლება ადმინისტრაციულ (სამართალდარღვევის) კოდექსს იყენებდა საზოგადოებრივი წესრიგის თუნდაც უმნიშვნელო დარღვევებისთვის, რასაც საპროცესო ნორმების გვერდის ავლით აკეთებდა.

ვიდეომასალამ, რომელიც პატიმართა წამებას და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ასახავს, გამოავლინა დიდი ხნის განმავლობაში არსებული პრობლემა. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, აგრეთვე, სასამართლოს არასათანადო დამოუკიდებლობა.

საპარლამენტო არჩევნები
საერთაშორისო დამკვირვებლებმა, რომლებსაც ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) ხელმძღვანელობდა, დაასკვნეს, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეესაბამებოდა საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. თუმცა წინასაარჩევნო გარემო პოლარიზებული და დაძაბული იყო და ძალადობის შემთხვევებიც აღინიშნებოდა. `ქართული ოცნების~ აქტივისტები რამდენჯერმე გახდნენ ძალადობრივი ინციდენტების სამიზნე ივნისსა და ივლისში.

26 ივნისს, ივანიშვილის საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, კოალაციის წარმომადგენლები სოფელ მერეთში ჩავიდნენ, სადაც მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა, მათ შორის საჯარო სამსახურის წარმომადგენლებმა, სავარაუდოდ ხელჩართული ბრძოლის პროვოცირება მოახდინეს. რამდენიმე კაცი დაშავდა. პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა, მათ შორის ორი ოპოზიციის მხარდამჭერი, და სასამართლომ მათ ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. არც ერთ საჯარო მოხელეს პასუხი არ უგია.

მსგავსი ინციდენტი მოხდა 10 ივლისს, როდესაც ხელისუფლების მხარდამჭერებმა სოფელ ქარელში ქვები დაუშინეს და უშვერი სიტყვებით გალანძღეს ოპოზიციის მხარდამჭერები, რომლებიც იქ საარჩევნო კამპანიას ატარებდნენ. ცამეტი ადამიანი, მათ შორის ათი ჟურნალისტი, დაშავდა და ისინი საავადმყოფოში მოათავსეს. პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა, აქედან ოთხი ოპოზიციის წევრი, და თხუთმეტდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

ადგილობრივმა დამკვირვებლებმა ყურადღება გაამახვილეს სახელისუფლებო პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე. ხანდახან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს  უპირატესობა ჰქონდათ საჯარო ადგილებისა და ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ზოგიერთ მათგანს ადგილობრივ ადმინისტრაციულ შენობებში ჰქონდა გახსნილი ოფისი საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რომელიც მონიტორინგს უწევს პარტიების მიერ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დაცვას, ძირითად სამიზნედ ოპოზიცია აქცია. მარტში აღნიშნულმა სამსახურმა საარჩევნო კამპანიის ფინანსური რეგულაციების შესაძლო დარღვევის საქმეზე ოპოზიციის 100-ზე მეტი მხარდამჭერი დაიბარა და დაკითხა მოწმის სტატუსით. ეუთო-ს განცხადებით, ხელისუფლების ორგანოები შერჩევით იღებდნენ მიზანში ოპოზიციას, `რაც კანონის აღსრულებისას მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებდა.~ საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნით, ზოგიერთ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოძიება ზოგიერთ ამ პირთა წინააღმდეგ სათანადო საპროცესო ნორმების დარღვევით და დაშინების გზით აწარმოეს, რასაც შეიძლებოდა სხვა პოტენციური დონორები დაეფრთხო. სასამართლოებმა არაპროპორციულად მაღალი ჯარიმები დააკისრეს კამპანიის დამფინანსებლებს, რომლებმაც, როგორც მათ დაადგინეს, წესები დაარღვიეს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ხუთჯერ აღემატებოდა შემოწირულობის თანხას, და ხშირად საქმე მათი ქონების ჩამორთმევამდე მიდიოდა.

ადმინისტრაციული პატიმრობა 
ხელისუფლება კვლავ აჭიანურებდა ადმინისტრაციული დაკავების სისტემის რეფორმირებას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სამართალდარღვევისთვის ითვალისწინებს 90 დღემდე პატიმრობას. მიუხედავად იმისა, რომ ეს სასჯელი სისხლის სამართლის სახდელის ეკვივალენტურია, დაკავებულ პირთათვის არ არის ხელმისაწვდომი სათანადო სამართლებრივი საპროცესო ნორმები.  მართალია, ადვოკატის ყოლა კანონით დაშვებულია, მაგრამ ზოგიერთი პატიმარი ვერ ახერხებდა დაცვის უფლებით სარგებლობას, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მათ არ ეძლეოდათ საშუალება, თავიანთი ოჯახებისთვის ეცნობებინათ დაკავების ფაქტის შესახებ. ადვოკატებს, რომლებიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის  დაკავებულ პირთა სახელით მოქმედებენ, ზოგჯერ მხოლოდ 10-15 წუთი აქვთ ადეკვატური დაცვის მოსამზადებლად. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულ პირებს ხშირად არ ეძლევათ საშუალება, მტკიცებულებები წარმოადგინონ ან დაცვის მხარის მოწმეები დაკითხონ სასამართლოში.

მაგალითად, სექტემბერში პოლიციამ იდენტურ სიტუაციაში სულ მცირე შვიდი ადამიანი დააკავა თბილისში ოთხი სხვადახვა ინციდენტის გამო.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შვიდივე დაკავებული არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეურაცხყოფა მიაყენა მას. სასამართლომ დაკავებულებს 10-დან 40 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. ორი დაკავებულის განცხადებით, პოლიციაში დაკავების პერიოდში მათ ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს და სასამართლო პროცესის დროს მათ აღენიშნებოდათ სხეულის დაზიანებები, თუმცა სასამართლოს არ მოუთხოვია ცემის ფაქტზე გამოძიების დაწყება.

ადმინისტრაციული პატიმრები შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი მოთავსების იზოლატორებში იხდიან სასჯელს. მართალია, სახელმწიფომ ზოგიერთი იზოლატორი გაარემონტა, მაგრამ უმრავლესობა მაინც გამოუსადეგარია გრძელვადიანი დაკავებისთვის, რადგან იქ არ არსებობს ნორმალური ვარჯიშის, ადეკვატური ჰიგიენის პირობებიდა სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა.

წამება და არაადამიანური მოპყრობა
სექტემბერში ადგილობრივმა მედიამ ვიდეოჩანაწერების სერია გაავრცელა სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში პატიმრების ცემისა და გაუპატიურების სცენებით. ვიდეომასალის ჩვენებამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ თბილისის გლდანის ციხის სამი თანამდებობის პირი დააპატიმრეს პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამო. სამინისტრომ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ჩანდა, თუ როგორ სცემს პატიმარს ციხის ორი მცველი; მოგვიანებით ერთ-ერთი სატელევიზიო არხით გადმოიცა მასალა, რომელიც ასახავს, თუ როგორ სცემენ და ამცირებენ ახლად მოყვანილ პატიმრებს გლდანის ციხის მესვეურები, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ სხვა სატელევიზიო არხმა აჩვენა, როგორ აუპატიურებენ პატიმრებს ციხის თანამშრომლები.

ხელისუფლებამ აღიარა პატიმრებთან სასტიკი მოპყრობის როგორც  სისტემური ხასიათი, ასევე მასზე ადეკვატური რეაგირების არარსებობა, მიუხედავად წლების განმავლობაში არაერთგზის გაფრთხილებისა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგნენ და პოლიციამ პენიტენციური სისტემის 16 თანამშრომელი დააპატიმრა. მიმდინარეობს გამოძიება.

სასამართლოს დამოუკიდებლობა
მარტში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნაჩვენებია, რომ ყველა იმ 520 საქმეზე, რომლის მონიტორინგსაც იგი აწარმოებდა 2011-2012 წლებში ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლეებმა დააკმაყოფილეს პროკურატურის ყველა შუამდგომლობა მტკიცებულებათა დასაშვებობასთან დაკავშირებით, მაშინ, როცა უარი უთხრეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ყველა შუამდგომლობას, რომლებსაც პროკურატურა არ უჭერდა მხარს.

სასამართლომ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა წინასწარ პატიმრობაზე და იმ 113 განაჩენიდან, რომლებიც გამოაცხადა ექვსი თვის მანძილზე, არც ერთი არ იყო გამამართლებელი. ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოზე მოდის საქართველოს სასამართლოების მიერ განხილულ საქმეთა დაახლოებით 40 პროცენტი, ანგარიშმა სერიოზული კითხვები გააჩინა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

ციხეებში არსებული პირობები
დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ და მსჯავრდების მაღალმა მაჩვენებლებმა ციხეებში პატიმართა რაოდენობის ზრდა გამოიწვია. სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშის მიხედვით, ციხეების გადატვირთულობა კვლავ პრობლემად რჩება, რაც განაპირობებს ცუდ პირობებს საპატიმროებში. იმავე ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ოთხ ციხეში პატიმრებს არ ჰქონდათ `ინდივიდუალური საწოლები~.

მედიის თავისუფლება
საქართველოს ბეჭდვითი მედია წარმოადგენს მრავალფეროვან პოლიტიკურ შეხედულებებს, მაგრამ ქვეყნის მასშტაბის სატელევიზიო მაუწყებლობას აწარმოებდნენ მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი მაუწყებელი და ორი პროსახელისუფლებო არხი, რომლებიც ხშირად მიკერძოებულნი იყვნენ ხელისუფლების სასარგებლოდ. ადგილი ჰქონდა ერთ გაუმჯობესებას - საარჩევნო კოდექსში შეტანილი იქნა შესწორება, რომელიც საკაბელო მაუწყებლობების ქსელებისგან და ინფორმაციის სატელიტური პროვაიდერებისაგან მოითხოვს, რომ არჩევნებამდე 60 დღით ადრე გადასცენ ყველა ის სატელევიზიო არხი, რომლებიც ახალ ამბებს აშუქებს. ამ შესწორებამ საშუალება მისცა სამ კერძო ოპოზიციურ არხს - `მაესტროს~, `კავკასიას~ და მე-9 არხს, გაეზარდათ მაუწყებლობის მასშტაბი და ხმა მიეწვდინათ იმ დიდი დასახლებული პუნქტებისთვის, სადაც ვრცელდება საკაბელო ქსელები. არჩევნების შემდეგ ქსელების უმეტესობამ გააგრძელა ყველა სატელევიზიო არხის გადაცემა.

ივლისში საკაბელო პროვაიდერმა `გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა~ (Gჩჩ) და ტელევიზია `მაესტრომ~ წარუმატებლად სცადეს გავრცელების არეალის გაზრდა სატელიტური ანტენების დარიგების გზით. ხელისუფლებამ მოახდინა მათი სატელიტური თეფშების კონფისკაცია იმ მოტივით, რომ მათი გამოყენება განზრახული იყო `ხმების მოსასყიდად~, და მხოლოდ არჩევნების შემდეგ მოხსნა მათ ყადაღა. ივნისში ხელისუფლებამ დააკავა და დაკითხა ალექსანდერ რონჟესი, აშშ-ის მოქალაქე და Gჩჩ-ის აქციონერი. დაკითხვისას ხელისუფლება აცხადებდა, რომ რონჟესი ჩართული იყო საეჭვო ფინანსურ გარიგებებში, მაგრამ იგი იმავე დღეს გაათავისუფლეს ბრალის წაუყენებლად.

ივლისში დუნია მიატოვიჩმა, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების სფეროში,  შეშფოთება გამოთქვა ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტების გამო. მან ყურადღება გაამახვილა მერეთისა და კარალეთის შემთხვევებზე, როდესაც ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სექტემბერში გიორგი აბდალაძემ – ერთ-ერთმა იმ ოთხი ფოტოგრაფიდან, რომლებიც 2011 წელს დააპატიმრეს ჯაშუშობის ბრალდებით და საპროცესო შეთანხმების შედეგად გაათავისუფლეს – მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ციხის პერსონალმა და გამომძიებლებმა ცუდად მოპყრობის მუქარით აიძულეს, უარი ეთქვა თავის ადვოკატზე და გაეკეთებინა ცრუ აღიარება.

ძალის გადამეტებით გამოყენებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არარსებობა
ხელისუფლებამ ამჯერადაც ვერ შეძლო უზრუნველეყო პასუხისმგებლობა 2011 წლის 26 მაისს ძალის გადამეტებით გამოყენებისთვის, როდესაც პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და სხვა ძალადობრივი საშუალებები თბილისში გამართული ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დასაშლელად.

ხელისუფლების უუნარობას, სათანადო რეაგირება მოეხდინა პოლიციის მიერ ძალის გადამეტებით გამოყენებაზე დაემატა ძალადობის წარსულში მომხდარი შემთხვევების, მათ შორის 2007 წლის 7 ნოემბრის (როდესაც პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თბილისში, რა დროსაც სულ მცირე 500 ადამიანი დაშავდა) და 2009 წლის 15 ივნისის (პოლიციის თავდასხმა ოპოზიციის 50 მხარდამჭერზე პოლიციის სათავო ოფისთან, რა დროსაც აქციის სულ მცირე 17 მონაწილე დაშავდა) მოვლენების ქმედითი გამოძიების არარსებობა.

ოქტომბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ Gგიორგი მიქიაშვილის საქმეში საქართველომ დაარღვია არაადამიანური თუ ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა. 2005 წელს მიქიაშვილის დაკავებისას პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა და მრავალი დაზიანება მიაყენა სახესა და თავზე. სასამართლომ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ეფექტიანად ვერ გამოიძია ეს შემთხვევა.

ძირითადი საერთაშორისო აქტორები
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) და სხვა ინსტიტუტებმა და საქართველოს ორმხრივმა პარტნიორებმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ძალაუფლების შემდგომი მშვიდობიანი გადაცემა შეაფასეს როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

ბევრი სახელმწიფოს ხელისუფლებებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაგმეს ციხის ვიდეოფირებზე ასახული ძალადობის ფაქტები და მოუწოდეს ხელისუფლებას, ჩაატაროს დროული, საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიება და უზრუნველყოს ჩამდენ პირთა პასუხისგებაში მიცემა.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ თავის მაისის ანგარიშში ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა დომინანტური აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის მხრიდან სუსტი ზედამხედველობისა და სასამართლო დამოუკიდებლობის არარსებობის გამო. გარდა ამისა, ევროკავშირმა პირველად მიმართა ხელისუფლებას კონკრეტული რეკომენდაციებით აღნიშნული და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად.

საქართველოში ივნისში ჩატარებული ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ყურადღება გაამახვილა 2012 და 2013 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ქვეყნის `ევროატლანტიკური მისწრაფებების~ მიღწევის გზაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა შრომითი უფლებების, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მედიის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას.

თავის ივნისის ანგარიშში შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებათა სფეროში გაერო-ს საგანგებო მომხსენებელმა გამოხატა შეშფოთება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრთა მიმართ `დაშინებისა და შიშის ატმოსფეროს~ გამო.