სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონის საკითხზე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის ერთი წლის თავზე ქართველები ანთებული სანთლებით მიაგებენ პატივს დაღუპულთა ხსოვნას ქალაქ გორში © 2008 REUTERS/დავით მძინარიშვილი 

(ჰააგა, 2018 წლის 3 მაისი) - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს სტიმულირების მნიშვნელოვანი ბერკეტი გააჩნია, რომ ქვეყნებმა გამოიძიონ საერთაშორისო დანაშაულები და დასაჯონ დამნაშავეები, ნათქვამია Human Rights Watch-ის ანგარიშში.

Human Rights Watch-ის 181 გვერდიანი ანგარიში „ზეწოლის ცენტრი: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ზეგავლენა ეროვნულ მართლმსაჯულებაზე“  დღეს გამოქვეყნდა. მასში განხილულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის ჩატარებული წინასწარი მოკვლევები, რა დროსაც უნდა განისაზღვროს საქმის შესაბამისობა სასამართლოს კრიტერიუმებთან სრულფასოვანი გამოძიების დაწყებაზე. Human Rights Watch-მა შეისწავლა გვინეის, კოლუმბიის, საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს შემთხვევები და გამოავლინა სერიოზული დაბრკოლებები ეროვნული მართლმსაჯულების განხორციელებაში; ამ შესწავლამ ასევე აჩვენა, რომ პროკურორის ოფისი არაერთგვაროვან წარმატებას აღწევს სამართალწარმოების სტიმულირებაში ამ ქვეყნების ხელისუფლებებთან ურთიერთქმედების გზით. მიუხედავად ამისა, Human Rights Watch-ს მიაჩნია, რომ პროკურორის ოფისის ჩართულობას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ეროვნული მართლმსაჯულების განხორციელებაში.

„რომის წესდების მიღებიდან 20 წლის შემდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სამართალწარმოების მზარდი ტვირთი და შეზღუდული რესურსები ხაზს უსვამს სამართლიანი და ეფექტიანი ადგილობრივი მართლმსაჯულების საჭიროებას,“ ამბობს ელიზაბეთ ევენსონი, Human Rights Watch-ის საერთაშორისო მართლმსაჯულების განყოფილების დირექტორის მოადგილე. „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეტმა წევრმა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი პროკურორის ოფისის ძალისხმევას, წარმატებით განხორციელდეს ადგილობრივი სამართალწარმოება.“

ანგარიში ძირითადად ეყრდნობა ინტერვიუებს, რომლებიც Human Rights Watch-მა ჩაატარა 140-ზე მეტ მაღალჩინოსანთან, არასამთავრობო და მთავრობათაშორისი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომლებთან.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ბოლო ინსტანციის სასამართლოა და ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ერთვება, თუ ეროვნულ ხელისუფლებებს არ სურთ ან არ შეუძლიათ სერიოზული საერთაშორისო დანაშაულებების სათანადოდ გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შეზღუდული რესურსები ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ, გამოძიების დაწყების შემთხვევაშიც კი, ეროვნულ მთავრობასთან უნდა იმუშაოს, რომ გაძლიერდეს ადგილობრივი სამართალწარმოება და ჩამოყალიბდეს ყოვლისმომცველი მიდგომა მართლმსაჯულების განხორციელებისადმი.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს განსაკუთრებული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია წინასწარი მოკვლევის მიმდინარეობისას, რაც ამ სასამართლოს მიერ ოფიციალური გამოძიების დაწყების წინა ეტაპია. წინასწარი მოკვლევა უბიძგებს ქვეყნებს, თავად ჩაატარონ გამოძიება და სამართალწარმოება, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჩარევის საჭიროებას მოხსნის, ამბობს Human Rights Watch-ი.

ადგილობრივი სამართალწარმოების სტიმულირების მიზნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი მუშაობას ეროვნულ მთავრობებთან მხოლოდ ისეთ შემთხვევებში იწყებს, რომლებიც სპეციფიკურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მათ შორის, დაწყებული აქვს თუ არა ხელისუფლებას სამართალწარმოება, ანდა აღებული აქვს თუ არა ვალდებულება, დაიწყოს სამართალწარმოება. განხილული ოთხი ქვეყნიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისმა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი გვინეაში შეასრულა, შემდეგ კოლუმბიაში, საქართველოში კი ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანი. გაერთიანებულ სამეფოში, სადაც მოკვლევა ეხება ამ სახელმწიფოს სამხედრო ძალების მიერ ერაყში სავარაუდოდ ჩადენილ ომის დანაშაულებს მათ პატიმრობაში მყოფი დაკავებულების მიმართ, პროკურორის ოფისს, საკუთარი პოლიტიკის შესაბამისად, არ უცდია ეროვნული სამართალწარმოების სტიმულირება იმ პერიოდის განმავლობაში, რომელსაც Human Rights Watch-ის კვლევა მოიცავს.

2017 დეკემბერში, გვინეის მოსამართლეთა პალატამ დაასრულა საქმის გამოძიება, რომელიც ეხებოდა 2009 წლის სექტემბერში უსაფრთხოების ძალების თავდასხმას ოპოზიციის მომხრეებზე და საქმე განსახილველად სასამართლოს გადასცა. ეს გამოძიება შეფერხებებით მიმდინარეობდა შვიდი წლის განმავლობაში, სასამართლო პროცესი კი ჯერ არ დაწყებულა. თუმცა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ინტენსიურმა ურთიერთობამ გვინეის ხელისუფლებასთან, მათ შორის ქვეყანაში ათზე მეტმა ვიზიტმა და საჭირო საგამოძიებო ქმედებების კონკრეტულად განსაზღვრამ, როგორიცაა, მაგალითად, მთავარი მოწმეების დაკითხვა, გამოძიება გაააქტიურა. მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სხვა აქტორებმაც, მათ შორის, მსხვერპლთა ასოციაციებმა და გაეროს ექსპერტებმა.

სასურველია, ოფისმა ასეთი ძალისხმევა სხვა წინასწარ მოკვლევებშიც აქტიურად განახორციელოს, მიაჩნია Human Rights Watch-ს. კოლუმბიაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი ქვეყნის ხელისუფლებას მიუთითებდა „ცრუ პოზიტიურ“ მკვლელობებზე პასუხისმგებლობის საჭიროებაზე, ანუ 2002-2008 წლებში ჩადენილ ათასობით უკანონო მკვლელობებზე, რომლებსაც სამხედრო მოსამსახურეები საომარი მოქმედებების დროს დაღუპულებად აცხადებდნენ. ასობით საქმე აღიძრა ეროვნულ დონეზე დაბალი და საშუალო რანგის სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ.

თუმცა, საჯარო თუ ხელისუფლებასთან შეხვედრებზე გაკეთებულ განცხადებებში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს მკაფიოდ არ განუსაზღვრავს კონკრეტული მიზნები და მათი განხორციელების ვადები; შესაბამისად, ზეწოლა ხელისუფლებაზე არასაკმარისი აღმოჩნდა, რომ მას უფრო მკვეთრად ემოქმედა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ საქმეებში, ამბობს Human Rights Watch-ი. თუმცა, გამოჩნდა ასეთი მიდგომის შეცვლის ნიშნები, მათ შორის, 2017 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის ფატუ ბენსუდას კოლუმბიაში ვიზიტის დროს. ფატუ ბენსუდამ საჯაროდ განსაზღვრა ის საკითხები, რომლებიც ეროვნული სამართალწარმოების შესახებ ხელისუფლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში არ იყო ასახული.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისმა თავისი მიდგომები თითოეული წინასწარი მოკვლევის სპეციფიკის შესაბამისად უნდა განსაზღვროს“, ამბობს ევენსონი. „თუმცა, თავიდან რომ აიცილოს ორმაგი სტანდარტის გამოყენების შთაბეჭდილება, ოფისმა მკაფიოდ უნდა განმარტოს საკუთარი საქმიანობა. მას ფინანსური რესურსებიც სჭირდება, რომ თავისი საქმიანობა შეცვალოს ამ ქვეყნების მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ხშირი ურთიერთობების გზით.“

მოლოდინები პროკურორის ოფისის მიმართ რეალისტური უნდა იყოს, ამბობს Human Rights Watch-ი. არასაკმარისი პოლიტიკური ნება, თავად აღესრულებინათ მართლმსაჯულება,  სერიოზული ბარიერი იყო ოთხივე ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე ქვეყანა აწარმოებს გამოძიებას, ძირითადად მხოლოდ კოლუმბიამ მოახერხა დამნაშავეთა სამართალწარმოებაში მიცემა. ეროვნული ხელისუფლებებისთვის სამოქმედოდ საკმარისი სივრცის დატოვება და ამავე დროს, მზადყოფნა, ჩაერთო, თუ ისინი წინ არ მიიწევენ, რთული დასაბალანსებელი ქმედებაა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა წინასწარი მოკვლევა სამხრეთ ოსეთის რეგიონის თაობაზე საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის დასრულებისთანავე დაიწყო, სრულფასოვანი გამოძიება კი, მხოლოდ 2016 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გამოძიება შეწყვიტა. არასამთავრობო ჯგუფებთან უფრო აქტიური ურთიერთობა და საქართველოს ხელისუფლებაზე მეტი ზეწოლა, უზრუნველეყო გამოძიების მიმდინარეობის გამჭვირვალეობა, სავარაუდოდ, უფრო ადრე მიაღებინებდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს გადაწყვეტილებას, დაეწყო საკუთარი გამოძიება, რაც მსხვერპლთათვის მართლმსაჯულებას უფრო ადრე გახდიდა ხელმისაწვდომს, ამბობს Human Rights Watch-ი.

ეროვნული სამართალწარმოების მეტი გამჭვირვალობა ასევე საჭიროა ადგილობრივ ჯგუფებთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად, რომლებიც მთავარი მოკავშირეები შეიძლება იყვნენ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს ასევე შეუძლია ხელისუფლებას მოსთხოვოს მეტი ინფორმაციის მიწოდება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის. ეს გააძლიერებს მათ ადვოკატირებას და დაეხმარება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, შეამოწმოს პროგრესის შესახებ ხელისუფლების განცხადებების სიზუსტე. ზოგ შემთხვევაში, ხელისუფლებებზე ზეწოლას სამართალწარმოებაში მსხვერპლთა ჩართულობა და მედია გაშუქებაც ზრდის.  

„მარტო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ვერ დააჩქარებს მართლმსაჯულების აღსრულებას ეროვნულ დონეზე,“ ამბობს ევენსონი. „ეროვნულ დონეზე მართლმსაჯულების გასაძლიერებლად საჭიროა ეფექტიანი ურთიერთობები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და აქტივისტთა ჯგუფებს, გაეროს უწყებებს, ეროვნულ მთავრობებსა და დონორ მთავრობებს შორის.“