Skip to main content

2014 წლის მსოფლიო ანგარიში: საქართველო

2013 წლის მოვლენები

2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებით საქართველოში დასრულდა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პროცესი, რომელსაც წინ უძღოდა რთული კოაბიტაცია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და მის პოლიტიკურ მეტოქეს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის. ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება ნელა მიმდინარეობდა და აკლდა გამჭვირვალობა. წარსულში ჩადენილი სამართალდარღვევათა გამოძიება საფუძვლად დაედო გარკვეულ შეშფოთებას შერჩევით სამართალთან და პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით. ადეკვატური არ იყო პოლიციის რეაგირება რამდენიმე ძალადობრივ შემთხვევაზე რელიგიური უმცირესობების, აგრეთვე ლესბოსელი, ჰომოსექსუალი, ბისექსუალი და ტრანსგენდერული (ლგბტ) უმცირესობების მიმართ.

 

საქართველომ გააღრმავა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესის საშუალებით, რომელიც მჭიდროდ უკავშირდებოდა კარგი მმართველობის და ადამიანის უფლებების კუთხით მიღწეულ პროგრესს.

 

საპრეზიდენტო არჩევნები

საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, დადებითად შეაფასეს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები და საგანგებოდ აღნიშნეს ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების მიმართ პატივისცემა, როგორიც არის გამოხატვის, გადაადგილების და შეკრების თავისუფლება. თუმცა დამკვირვებლებმა ასევე აღნიშნეს განცხადებების არსებობა პოლიტიკური ზეწოლის შესახებ, მათ შორის `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიმართ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში~.

 

2013 წლის ივლისში ნაციონალური მოძრაობის კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს ზუგდიდსა და ბათუმში აგრესიულად განწყობილი მოქალაქეთა ჯგუფი დაესხა თავს. პოლიციამ ათზე მეტი თავდამსხმელი დააკავა; სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ჩადენის გამო გაასამართლა ისინი და ჯარიმის დაკისრების შემდგომ გაათავისუფლა.

 

წამება და არაადამიანური მოპყრობა, ციხეებში არსებული პირობები

2013 წლის ივნისში სასამართლოებმა ციხის 14 ყოფილ თანამშრომელს გამოუტანა მსჯავრი პატიმრების ცემაში და წამებაში მონაწილეობის გამო, რაც 2012 წელს საჯაროდ გამოქვეყნებული ვიდეოფირები გამოაშკარავდა. ექვს მათგანს სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო რვას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და ექვსი თვიდან ხუთ წლამდე სასჯელი მიუსაჯეს. თუმცა, ამასთანავე, გენერალურმა პროკურორმა მთლიანად გაათავისუფლა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ვლადიმერ ბედუკაძე, რომელმაც წარმოადგინა ინფორმაცია წამების შესახებ - რომელშიც თავადაც იყო ჩართული. ეს გადაწყვეტილება ბევრმა ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტმა გააკრიტიკა.

 

ივლისში სასამართლომ პოლიციის ხუთი ყოფილი თანამშრომელი გაამართლა, რომლებსაც სხვადასხვა ბრალდება ჰქონდათ წაყენებული, მათ შორის არაადამიანური მოპყრობა და პატიმრის გაუპატიურება, რასაც პროკურატურისა და სასამართლოს მხრიდან ურთიერთდადანაშაულება მოჰყვა. პირველი ამტკიცებდა, რომ სასამართლო პროცესზე წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, მსხვერპლთა და მოწმეთა ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები, ხოლო სასამართლო აცხადებდა, რომ ზოგიერთი მტკიცებულება ურთიერთსაწინააღმდეგო იყო და პროკურატურამ ვერ მოახერხა ბრალდებების სათანადო ფაქტებით გამყარება.

 

ივლისში ჩამომხრჩვალი იპოვნეს 36 წლის მამუკა მიქაუტაძე. ეს მოხდა პოლიციის მიერ ნარკოტიკების შენახვისთვის მისი დაკითხვიდან და განთავისუფლებიდან ერთი დღის შემდეგ. მისი ცოლის თქმით, მიქაუტაძემ დაიჩივლა, რომ პოლიციამ სცემა და აიძულა, ხელი მოეწერა თავისი მეგობრის საწინააღმდეგო ცრუ ჩვენებისთვის. დგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით, პოლიციამ არ მოახდინა დროული რეაგირება მიქაუტაძის ოჯახის განცხადებებზე. ამ საქმის გამოძიება წინამდებარე დოკუმენტის დაწერის მომენტშიც გრძელდებოდა.

 

იანვარში პარლამენტმა ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოაცხადა, რომლის შედეგადაც 8 000-ზე მეტი პატიმარი გაანთავისუფლეს საპატიმროებიდან. ამან შეამსუბუქა ქართული ციხეებისთვის ქრონიკული გადატვირთულობის პრობლემა.

 

წარსულში ჩადენილ სამართალდარღვევათა გამოძიება

წარსულში ჩადენილი სამართალდარღვევების შესახებ 20 000-ზე მეტი საჩივრის საფუძველზე ხელისუფლებამ სხვადასხვა სამინისტროს 35 ყოფილ თანამდებობის პირს წაუყენა ბრალ, სხვა დანაშაულან ერთად, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის, სხვისი ქონების მითვისებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის; აღნიშნულ პირთაგან 14 ამ დოკუმენტის დაწერის მომენტში პატიმრობაში იმყოფებოდა. ხელისუფლებას არ განუმარტავს, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდა იმის განსაზღვრისას, თუ წარსულში თანამდებობის ბოროტად გამოყენების რომელი შემთხვევა უნდა ყოფილიყო გამოძიებული; წარსული საქმეების გამოძიებისას სამართალდამცავებმა 6 000-ზე მეტი პირი დაკითხეს, ძირითადად, პარტია `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ აქტივისტები. ორივე ფაქტორმა საფუძველი მისცა ოპოზიციას, ემტკიცებინა, რომ მათი აქტივისტები პოლიტიკურად მოტივირებული წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ.

 

დაპატიმრებულებს შორის იყო ვანო მერაბიშვილი, `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ გენერალური მდივანი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც ბრალად ედება სახელმწიფო ქონების გაფლანგვა და თანამდებობის ბოროტად გამოყენება გახმაურებული მკვლელობის საქმის გამოძიებისათვის ხელის შესაშლელად. მერაბიშვილის სამართლებრივმა დევნამ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ზოგიერთ ექსპერტს ეჭვი გაუჩინა, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი იყო.

 

27 ივნისს ფინანსურმა პოლიციამ ცოტა ხნით დააკავა თბილისის მერიის 23 თანამდებობის პირი, მათ შორის ბევრი `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ წევრი. ხელისუფლება აცხადებდა, რომ ისინი მოწმეების სახით დაიკითხნენ, მაგრამ მათ ხელბორკილები დაადეს და არც წინასწარი შეტყობინება გაუგზავნიათ და არც სასამართლოს ორდერი წარუდგენიათ, რომელიც დაკითხვაზე მოწმეების იძულებით მისაყვანად არის საჭირო. ოთხი თანამდებობის პირი, მათ შორის ვიცე-მერი, მოგვიანებით კვლავ დააკავეს სახელმწიფო ქონების გაფლანგვის მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

 

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება

2013 წლის სექტემბერში ხელისუფლებამ გაანადგურა 181 საათზე მეტი ხანგრძლივობის ფარული ვიდეოჩანაწერები ადამიანების პირად, ძირითადად, სექსუალური ხასიათის, ცხოვრებაზე, რომლებიც წინა წლებში ხელისუფლების მიერ უკანონო თვალთვალის შედეგად იყო მოპოვებული. ვიდეოჩანაწერებში ფიგურირებდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები.

 

მაისში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაასაჯაროვა ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერი, სადაც ფიგურირებდა ჟურნალისტი, რომელიც სასტიკად აკრიტიკებდა მაღალი რანგის თანამდებობის პირებს. მინისტრის მოადგილე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და იგი სასამართლო პროცესის მოლოდინში იყო პირადი ინფორმაციის უკანონო გამოყენებისა და გავრცელებისათვის.

 

ხელისუფლებას სხვა უკანონო ფარული ჩანაწერები არ გაუნადგურებია. ივლისში პარლამენტმა მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ, რომლის ძალითაც უკანონო თვალთვალში ჩართულ პირებ, აგრეთვე პირებ, რომელთაც ასეთი ჩანაწერები ჰქონდათ და ნებაყოფლობით ჩააბარებდნენ 20 ნოემბრამდე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდებოდნენ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინარჩუნებს სათვალთვალო აპარატურას კავშირგაბმულობის სფეროს ოპერატორთა შენობებში, რაც მას აძლევს ყველანაირი კომუნიკაციის ავტომატური წვდომის შესაძლებლობას სასამართლოს მხრიდან კონტროლის გარეშე.

 

აღმსარებლობის თავისუფლება

2012 წლის ნოემბრიდან რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ზოგიერთ სოფელში ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობა ხელს უშლიდ, ზოგჯერ ძალის გამოყენებითაც, ადგილობრივ მუსულმანებს ჩაეტარებინათ რელიგიური მსახურება კერძო სახლებში მოწყობილ მეჩეთებში. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე საჯაროდ დაგმო ძალადობ, დამნაშავეთა პასუხისებაში მისაცემად ბევრი არაფერი გაკეთებულა.

 

2013 წლის აგვისტოში ადგილობრივმა ხელისუფლებამ დასავლეთ საქართველოში ძალით მოხსნა მეჩეთს მინარეთი, რასაც პოლიციას და ადგილობრივ მუსლიმებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მათ მინარეთის შემოწმება სურდათ, რადგან მას არ ჰქონდა იმპორტის სათანადო ლიცენზია. რამდენიმე დღის შემდეგ მინარეთი დააბრუნეს სოფელში, მაგრამ ამ დოკუმენტის მომზადების დროს, ის არ იყო აღმართული, ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობის მხრიდან პროტესტის გამო.

 

აპრილში სამმა მთვრალმა სამხედრო პოლიციელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებთ აჭარაში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მუსულმანური რელიგიის მიმდევარია. ისინი თვითნებურად აჩერებდნენ მანქანებს, ჩხრეკდნენ ადამიანებს, `თათრებს~ უწოდებდნენ მათ და მოითხოვდნენ, რომ კისერზე ჩამოკიდებული ჯვრები ეჩვენებინათ. თავდაცვის სამინისტრომ სამსახურიდან გაანთავისუფლა აღნიშნული ოფიცრები და პოლიციამ ორი მათგანი დააპატიმრა.

 

სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა

2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღის აღსანიშნავი მშვიდობიანი შეკრება ძალადობრივად დაშალა აღნიშნული ღონისძიების მოწინააღმდეგე ათასობით დემონსტრანტმა, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოების ზოგიერთმა წარმომადგენელმა. ერთი დღით ადრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საჯაროდ მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაეშვა ამგვარი შეკრება, რასაც მან ქართული ტრადიციების `შეურაცხყოფა~ უწოდა.

 

პოლიციას ლგბტ აქტივისტების ევაკუირება მოუწია, მაგრამ მან ვერ უზრუნველყო განრისხებული მასის შეკავება, რომელმაც აქტივისტების გადასაყვ ავტობუსს ქვები და სხვა საგნები დაუშინა; ერთ-ერთ ჟურნალისტს თავში მოხვდა ქვა და სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ხელისუფლებამ ორ მართლმადიდებელ მღვდელ და სამ სხვა საერო პირს წაუყენა ბრალდება შეკრების თავისუფლებისთვის ხელის შეშლსა და წვრილმან ხულიგნობაში. თბილისის სასამართლომ ერთ-ერთი მღვდლის წინააღმდეგ ბრალდება მოხსნა. დოკუმენტის წერის მომენტში დანარჩენების სასამართლო პროცესი გრძელდებოდა.

 

ადგილობრივი ლგბტ უფლებების დამცველმა ჯგუფმა `იდენტობამ~ 17 მაისის ინციდენტისას და მის შემდეგ ლგბტ პირების მიმართ ძალადობისა და დაშინების 34 ფაქტი დააფიქსირა. ამ ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ბევრი მსხვერპლი არ აცხადებს ჰომოფობიური ძალადობის შესახებ, რადგან ეშინია შურისძიების და იმის, რომ პოლიცია ვერ უზრუნველყოფს ადეკვატურ გამოძიებას.

 

შეკრების თავისუფლება

8 თებერვალს ასობით პროტესტის გამომხატველი დემონსტრანტი შეიკრიბა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის წინ თბილისში, სადაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აპირებდა ქვეყნისა და ხალხისადმი ყოველწლიური მიმართვით გამოსულიყო. დემონსტრანტებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ რამდენიმე წევრს და თბილისის მერს და ფიზიკურად შეეხნენ მათ. სახალხო დამცველმა პოლიცია გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან ვერ მოახერხა `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ წევრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა იმის მიუხედავად, რომ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა პროტესტის გამომხატველი დემონსტრანტების რაოდენობაზე, მოთხოვნებზე და განწყობაზე. სასამართლომ ორ დემონსტრანტ გაასამართლა წვრილმან ხულიგნობი ბრალდებით და ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა ისინი.

 

მედიის თავისუფლება

საქართველოს მრავალფეროვანი ბეჭდვითი და სამაუწყებლო მედია აქვს. 2013 წლის გაზაფხულზე პარლამენტმა დაამტკიცა მედიის შესახებ საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებები, რომლებსაც მედიაორგანიზაციათა კოალიცია უჭერდა მხარს. საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფრო დემოკრატიულ შემადგენლობას, სატელევიზიო კომპანიების მეტ ფინანსურ გამჭვირვალობას და მოთხოვნას, რომ საკაბელო ქსელებმა და ინფორმაციის სატელიტურმა პროვაიდერებმა გადასცენ ახალი ამბების გამომშვები ყველა სატელევიზიო არხი. ადრე მათ ეს მოეთხოვებოდათ მხოლოდ 60 დღის განმავლობაში არჩევნებამდე.

 

ეკა კვესიტაძე და დავით პაიჭაძე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი პოლიტიკური თოქშოუს წამყვანები, აცხადებდნენ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება, არ განეახლებინა მათთან კონტრაქტები 2013 წლის სექტემბერში, პოლიტიკურად იყო მოტივირებული. მიუხედავად იმისა, რომ ტელეარხის დირექტორის წერილობით ბრძანებაში კონტრაქტების განუახლებლობის მიზეზად ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყება იყო დასახელებული, მან ერთ-ერთ ჟურნალისტს განუცხადა, რომ მიზეზი ის იყო, რომ მას მათიტონიარ მოსწონს.

 

ძირითადი საერთაშორისო აქტორები

ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან, უწევდა რა მონიტორინგს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობა და მოუწოდებდა მას აუცილებელი რეფორმების გატარებისკენ. ევროკავშირის დაფინანსებით შეიქმნა საქართველოს ხელისუფლების სპეციალური მრჩევლის პოზიცია სამართლებრივ, საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა საკითხებში და ეს თანამდებობა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ყოფილმა კომისმა, თომას ჰამარბერგმა, დაიკავა.

 

სექტემბერში, საქართველოში რეგულარული ვიზიტების და თანამდებობის პირებთან, პოლიტიკურ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ფართო კონსულტაციების შემდეგ, ჰამარბერგმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც შევიდა რეკომენდაციები ხელისუფლებისათვის რელიგიური შეუწყნარებლობის საკითხის მოგვარების, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის, ციხეებში არსებული პირობების გაუმჯობესების, ცუდად მოპყრობისა და წამების აღმოფხვრის, ასევე უკანონო თვალთვალის აღმოფხვრის, უმცირესობათა უფლებების საკითხის მოგვარების და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვა საკითხების თაობაზე.

 

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ თავის მარტის ანგარიშში ევროკავშირმა აღნიშნა, რომ საქართველო ` . . . ასრულებდა [ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში გაცემული] ძირითადი რეკომენდაციების უმეტეს ნაწილს~, თუმცა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ აუცილებელია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, შერჩევითი სამართლისთვის თავის არიდება და სამართალდამცველი ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული მეთვალყურეობის გაზრდა.

 

თავის ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოხატა შეშფოთება კანონის უზენაესობის თვალსაზრისით ნაკლოვანებებთან და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ნაკლებობასთან, ასევე გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვებთან დაკავშირებით.

 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი აგრძელებდა 2008 წელს სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული საქართველო-რუსეთის კონფლიქტის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების ადგილობრივი ძალებით წარმოებული გამოძიებების მონიტორინგს, თუმცა 2012 წლის ანგარიშში მან აღნიშნა რომ ჯერ კიდევ არ არის მიღებული ამ გამოძიებათა შედეგები.